|
"საქართველო "
"რამდენად ავადაა ევროპა?"
დასავლეთის "დაცემის" თემა ევროპის მხატვრულსა და ფილოსოფიურ ლიტერატურაში უკვე საუკუნენახევარია ტრიალებს. ტრადიციული დასავლური კულტურის კრიზისის განცდამ მძაფრად იბობოქრა ქართულ პოეზიასა და პროზაშიც გასული საუკუნის პირველ ნახევარში (და ესეც ერთ-ერთი ნათელი ილუსტრაცია გახლავთ იმისა, რომ საქართველო, თავისი გონების წყობითა და კულტურით, დასავლური ტიპის ქვეყანაა და დასავლეთს ეკუთვნის). დღეს ამ თემას მშვიდი ანალიზის სახე აქვს მიღებული და მან მხატვრულიდან "საქმიან" ლიტერატურაში გადაინაცვლა. ბუნებრივია, რომ განიხილება, პირველ ყოვლისა, ეკონომიკური და გეოსტრატეგიული პროცესები, ფართო მასებსა თუ ელიტებში გავრცელებული ფსიქოლოგიური "ამინდის" ცვალებადობა, მისი ფაქტორები და პერსპექტივები. საქართველოს ბედსა და ამოცანებთან ყოველივე ამას, ბუნებრივია, არაპირდაპირი, მაგრამ არსებითი კავშირი აქვს. ქვემოთ ვბეჭდავთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ობიექტური ჟურნალის - "თჰე Eცონომისტ"-ის წერილის შინაარსს.
უახლესი მოვლენების კონტექსტში, როგორიცაა "გლობალიზმისა" და "ანტიგლობალიზმის" დრამატული დაპირისპირება, ანტისემიტიზმის ზრდა, ნიდერლანდების მემარჯვენეთა ერთ-ერთი პოპულარული ლიდერის ფორტუინის მკვლელობა, ავსტრიაში მკაფიო "ნაციონალისტის" - ჰაიდერის გამარჯვება და საფრანგეთში "ფაშისტად" მონათლული ლე პენის მიერ მეორე ადგილის მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ჟურნალი შესაძლებლად თვლის გაიხსენოს ჰამლეტის სიტყვები და კითხვა დასვას: ხომ არ არის ევროპაში რაღაც "დამპალი", როგორც ამ რამდენიმე საუკუნის წინ დანიაში იყო? წინა ნომრებში ჩვენ გვქონდა მოყვანილი ამავე ჟურნალის დასკვნა, რომ ორი მთავარი "სატკივარი", რომელიც დღეს ფართო მასის უკმაყოფილებას კვებავს ევროპაში, არის გლობალისტური ეკონომიკური (და, შესაბამისად, პოლიტიკური) კურსი შეერთებული შტატების მხრიდან და წამლეკავი მასშტაბის იმიგრაცია აფრიკისა და აზიის მხრიდან. ლე პენის შთამბეჭდავი წარმატებაც და მემარჯვენეთა ნიდერლანდელი ლიდერის ფორტუინის მიერ მიღებული ტყვიაც ერთი და იმავე მიზეზით - მათ მიერ იმიგრაციის წინააღმდეგ მკვეთრი ზომების მიღების საპროგრამო დაპირებებით - იყო განპირობებული (თუმცა ფორტუინს "ცხოველთა უფლებების" დამცველმა ესროლა, როგორც ფიქრობენ, იმის გამო, რომ მას "ნორკების" მოშენების დაფინანსება უნდოდა). ამერიკულ გლობალიზმს და მისდამი ევროპელთა დამოკიდებულებას ჟურნალი შეფარული ირონიის ტონალობაში ხატავს. "ამერიკელებს თავისი კერძო მიზეზები მოეპოვებათ, რომ ევროპაზე იმედდაკარგულები იყონ. იმ დროს, როცა ამერიკელები ისწრაფიან, რომ თავიანთი სახარება თავისუფალ ბაზარზე დამყარებული კეთილდღეობისა და ინდივიდუალისტური თავისუფლებისა მთელ მსოფლიოზე გაავრცელონ და ტერორიზმის ჭირს ებრძოლონ, ევროპელები არც თუ იშვიათად თითქოს ვერც კი ამჩნევენ მათს ამ კეთილგანზრახულ მცდელობას". თუმცა ამ ბოლო კვირეებში ევროპაშიც ტერორიზმს, პირიქით, ზრდის ტენდენცია ეტყობა, ეს არ ცვლის ევროპელთა "გრილ" დამოკიდებულებას ამ ამერიკული თემისადმი. ჟურნალს მაინც მიაჩნია, რომ ევროპაში ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, და ეს კონტინენტი არ წავა იმ არასასურველი გზით, რომელიც მას, თითქოს, ემუქრება. ამაზე მეტყველებს, ერთის მხრივ, ფაქტების დაკვირვება, მეორეს მხრივ, პროცესთა შინაარსობრივი ანალიზი. ჯერ ერთი, ლე პენმა არჩევნების მეორე ტური "მაგრად" წააგო (18:82) და მის მეტ-ნაკლებად შემთხვევითს მაღალ რეიტინგს, სავარაუდოა, აღდგენა აღარ უწერია. მეორეც, საწყალი ფორტუინის მემარჯვენე პარტიის პერსპექტივასაც ზრდისა არაფერი ეტყობა და მის სიკვდილს თანამემამულენი გაოგნებით უფრო შეხვდნენ, ვიდრე აღშფოთებითა და მისი საქმის გაგრძელების სურვილით. ასე რომ ევროპის ცხოვრება, ალბათ, "სისხლიანი" არ გახდება. რაც შეეხება ანტისემიტიზმის აღზევებას, ებრაელთა სასაფლაოების დარბევა, როგორც ირკვევა, მუსლიმან იმიგრანტთა მცირე ჯგუფის ნახელავია, ისიც - მხოლოდ საფრანგეთში (სადაც 5-6 მილიონი მაჰმადიანია იმიგრირებული) და, ამგვარად, მეტ-ნაკლებად ლოკალურ ხასიათს ატარებს. თავისი გაქანებით იგი ვერ შეედრება 1930-იანი და 1940-იანი წლების ევროპულ ანტისემიტიზმს, რომელიც მაშინდელ საშუალო კლასებს მოედო, და, ამდენად, "მას შანსი არა აქვს, რომ საზოგადოებრივი აზრის მთავარი დინების ნაწილი გახდეს". ერთადერთი ხიფათი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის ევროპის კონტინენტზე, რომელსაც ჟურნალი შედარებით ადვილ წამალს ვერ უძებნის, არის ადგილობრივი მოსახლეობის "რასიზმი", მიმართული აფრიკა-აზიელ იმიგრანტთა წინააღმდეგ, რომელსაც, მათი რიცხვის ზრდასთან ერთად, სიმძაფრე ემატება და, "სამწუხაროდ", თავისი მიზეზიც აქვს. ლე პენის "რეცეპტი" იმიგრანტების წინააღმდეგ, ჟურნალის სიტყვით, "მახინჯია". იგი მდგომარეობს იმიგრანტთა გაყრაში ("რეპატრიაციაში") და მეჩეთების შენების აკრძალვაში. განსვენებული ფორტუინი, ლე პენისგან განსხვავებით, კმაყოფილდებოდა იმიგრაციის აკრძალვის მოთხოვნით, რასაც ჟურნალი "საკითხის გამარტივებად" რაცხს. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას ევროპის არაერთი "რესპეკტაბელური" პოლიტიკოსი იზიარებს. ზოგადად, ჟურნალის თქმით, დღეს ევროპაში პოპულარულია მასების გაღიზიანებაზე თამაში პოლიტიკური ელიტის ლანძღვით, რომელიც (ეს ელიტა), მასების აზრით, მუდამ მზადაა "მყუდრო" კომპრომისისთვის იმ იმიგრაციულ პროცესთან, რომელიც ევროპულ დემოგრაფიულ სურათს (და აქედან გამომდინარე - კრიმინალურ სურათსაც) უფრო და უფრო მზარდი ტემპით ცვლის. ძალიან საინტერესოა და მრავლის მთქმელია ჟურნალის დაკვირვება, რომ "ორი ბანაკის" მსოფლიო სისტემის გაქრობის შემდეგ მემარცხენე-მემარჯვენე პარტიები "დაახლოვდნენ" ერთმანეთთან და სადღაც "ცენტრის" არეალში გაჩერდნენ, რითაც ამომრჩეველს კურსის არჩევანის სივრცე შეუვიწროვდა. ამ უკანასკნელის ყველაზე მძლავრი ემოცია დღეს ისაა, რომ "პანღური ამოსცხოს" მეტისმეტად "დუნე" მმართველებს, რომლებიც ვერაფერს აკეთებენ, რადგან ვერც ერთი არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა ვერ გაუბედავთ. ჟურნალი აღნიშნავს, რომ ევროპაშია ძლიერი ცვლილებების ("რეფორმის") მოთხოვნილება და იმის განცდა, რომ მთავრობებს "წელი" არა აქვთ, რაიმე იღონონ ეკონომიკური სისუსტის წინააღმდეგ. ევროპელებმა იციან, რომ აშშ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპი 60%-ით აღემატება ევროპისას და უმუშევრობა თითქმის ორჯერ ნაკლებია. მიზეზიც იციან: ესაა უფრო დიდი სოციალური "ქველმოქმედება" და ეკონომიკის ნაკლები ლიბერალიზაცია ევროპაში, ვიდრე ამერიკაში, გულუხვი სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა და სხვა ანალოგიური სისტემები, რაც, ცხადია, ეკონომიკის ზრდას ხელს არ უწყობს. მაგრამ მაინც ფაქტია, რომ საფრანგეთს და, განსაკუთრებით, ნიდერლანდებს, რომელსაც ჯანდაცვის ძალიან გულუხვი სისტემა აქვს, ეკონომიკაში დღეს საქმე უკეთ და უკეთ მიუდით. P.შ. არ უნდა გვეგონოს, რომ ევროპელთა შემწყნარებლური დამოკიდებულება აფრიკულ-აზიური ემიგრაციისადმი განპირობებულია მხოლოდ ჰუმანიზმით ან მხოლოდ თანასწორობის პრინციპთა საყოველთაო დამკვიდრების სურვილით. არსებობს აზრი (იგი ჩვენ მიერ გამოყენებულ ჟურნალში ჯერჯერობით არ შეგვხვედრია), რომ ფართომასშტაბიანი მიგრაცია აფრიკა-აზიიდან ევროპისაკენ არის ერთგვარი განტვირთვა ამ კონტინენტების მოსახლეობის აქტიური ნაწილისათვის, რომელიც, სამშობლოში დარჩენისა და იქ სწავლის მიღების შემთხვევაში, უფრო რთულ პრობლემებს შექმნიდა დასავლეთის მიერ მსოფლიოს ეკონომიკური და სტრატეგიული რუკის რეგულირების თვალსაზრისით. მკითხველისთვის საინტერესო იქნება რამდენიმე ცნობის მიწოდება ორივე ამ გამოჩენილი მემარჯვენის - მოკლული პიმ ფორტუინის და ჟაკ მარი ლე პენის შესახებ. ფორტუინი იყო სოციოლოგიის პროფესორი, "მგზნებარე ცისფერი", რომელმაც თავის საპარლამენტო სიაში თავისი თავის გარდა ვერც ერთი მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურა ვერ მიიზიდა და "ერთკაციანი" პოლიტიკური ჯგუფის ტიპიური ნიმუში შექმნა. მუსლიმანი იმიგრანტების საწინააღმდეგოდ მისთვის ერთ-ერთი მთავარი საბუთი ის იყო, რომ ჰომოსექსუალისტებს "ცუდად უყურებენ" და მათი მომრავლება ევროპულ ქვეყანაში იქ "შეუწყნარებლობის ატმოსფეროს" შექმნის. ასეთი არგუმენტიცაა და ასეთი "სტილი" არაა ტიპიური დღევანდელი ევროპული მემარჯვენეობისათვის საერთოდ. მაგრამ ის არგუმენტაცია, რომ "ნიდერლანდები გავსებულია" და ახალი იმიგრანტების მიღება აღარ შეუძლია, რომ ახალი მოსახლეობა იქ 1995 წელს 7% შეადგენდა, დღეს 9%-ს შეადგენს და 2010 წელს 12% იქნება, ევროპის მემარჯვენეთა ზოგად პოზიციას ასახავს. "პიმ ფორტუინის ფენომენი" სხვა მხრივაც "მრავლის მთქმელია": მან გვიჩვენა (კომენტატორთა სიტყვით), რომ ამომრჩეველს მკვეთრი და მჭერმეტყველი სიტყვა ენატრება, რომელთან შედარებითაც დღევანდელი "ელიტები" უღიმღამონი (DULL) და არაშთამბეჭდავნი არიან. ხალხს უნდა მკაფიო, მასშტაბური ამოცანების ჩვენება, გაბედული მოქმედება და შთამბეჭდავი პოლიტიკური ხელმძღვანელობა - აი ესაა, როგორც ჩანს, ის "სასწაული ჟამთაი" (დროის ნიშანი), რომელიც ევროპის უახლოეს მომავალს განსაზღვრავს. რაც შეეხება ლე პენს, მისი ფრიად შთამბეჭდავი დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ძალიან ნაკლებად იყო მისი მეტოქის, ჟაკ შირაკის პირადი ღირსებების მონაპოვარი. შირაკის 82% ხმებისა მოპოვებულ იქნა მოტივით "ხმა მივცეთ თაღლითს, მაგრამ არა ფაშისტს", რომელმაც შირაკის ტრადიციული საარჩევნო მოწინააღმდეგეების - მემარცხენეების - ხმები მიიზიდა მის სასარგებლოდ. უჭერენ თუ არა შირაკს მხარს რეალურად, ეს გამოჩნდება საპარლამენტო არჩევნებში, რომლებზეც შირაკს თავისი მომხრე ძალების გამარჯვებისათვის ბრძოლა მოუხდება საფრანგეთის მთელ პოლიტიკურ სპექტრთან. თუმცა 5 მაისის კენჭისყრაში, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ლე პენმა მხოლოდ 18% ხმებისა მიიღო, იგი არ დამარცხებულა: პირიქით, მან 720 ათასით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე პირველ ტურში ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სტაბილურ მომხრეთა დიდი ბირთვი აღმოაჩნდა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მის პოზიციას მომხრეთა მყარი ბირთვი ჰყავს. და, - რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მყარია და, ჯერჯერობით, პასუხგაუცემელია თვით ის პრობლემა, რომელმაც ლე პენი აღაზევა და რომელიც, უთუოდ, უფრო ძლიერი პირადი თვისებების აღჭურვილ გამომთქმელს მოელის.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |