"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

მსოფლიოში აღიარებული მხატვარი გოგი ჩაგელიშვილი სამწერლო ასპარეზზე

გია ბერიშვილი

"იმ ქუჩაზე მოვხვდი, სადაც ბავშვობა გავატარე, ცარიელი ქუჩა... "თმაგაცვენილი აკაცია"... ძაღლი ხის ქვეშ... ეზოს კარი ჭრიალით შევაღე, არავინ დამხვდა. სიჩუმე... წყლის ჩხრიალი მოშლილი ონკანიდან... კატა ხავსმოდებულ ქვაზე... ეზოს მესერს შაბიამნისფერ საღებავგაცლილ ფიცარს თავი წავამტვრიე, სახელოსნოში მოვიტანე, სურათში ჩავსვი "ნიშანი" წარსულიდან, სერიალში "მიტოვებული ქუჩა". ვუძღვნი ყველა ლტოლვილს - იუწყებოდა შარდენის ქუჩაზე, სიონის ტაძართან მდებარე გალერეა "ორიენტის" ლამაზსურათხატებული აფიშა, რომელიც თავად ავტორს, ცნობილ მხატვარს, ბატონ გოგი ჩაგელიშვილს ეკუთვნის. მის ყოველ გამოფენას გარკვეული სიახლე ახლავს. ეს იყო გასული წლის ბოლოს. წელს კი მატვარმა მისი ნიჭის თაყვანისმცემლებს საკუთარ ნამუშევრებთან ერთად სიურპრიზად ლიტერატურული ნაშრომი "მხატვარი" შესთავაზა. წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი წერს:

"ვწერდი და თაროზე ვაწყობდი ნაშრომებს, ერთი-ორჯერ ვცადე გამოქვეყნება, მაგრამ უშედეგოდ. მერე ბუნებით ეჭვიანმა, სერიოზულად არ ჩავთვალე ახალგაზრდა კაცის გრძნობების გამომზეურება.

ნახევარი საუკუნის გაზაფხული რომ მივითვალე, სურვილი გამიჩნდა ჩემი ახალგაზრდობის გახსენებისა. თაროდან ჩამოვიღე გაყვითლებული ქაღალდები, მტვერი მოვაცილე ოცდაცამეტიწლის წინათ ნაგრძნობს და ნაფიქრალს. განვლილი ცხოვრების რამდენიმე შტრიხიც დავუმატე, შევაკოწიწე და წიგნად ვაქციე.

ვბედავ, მკითხველს ვთავაზობ მხატვარი კაცის ნანახს, განცდილს, ინტიმურ გრძნობებს.

თუ რამე ღირებულება გააჩნია ამ წიგნს, ალბათ, გულწფრელობაა, გულწრფელობა და მხოლოდ გულწრფელობა".

წიგნი გამოცემულია გამომცემლობა "საარის" მიერ. რედაქტორი იოსებ ომაძე, მხატვარი - თვით გოგი ჩაგელიშვილია.

წიგნის შესავალში მწერალი გურამ გეგეშიძე წერს:

"გოგი ჩაგელიშვილს ვიცნობ, როგორც ჩინებულ მხატვარს. გულახდილად ვიტყვი, როცა მისი ლიტერატურული ნაშრომი ავიღე ხელში, ცოტა არ იყოს, ეჭვმა შემიპყრო, ვაითუ, ნიჭიერი კაცის დილეტანტურ ჩანაწერებთან მქონდეს საქმე-მეთქი. საბედნიეროდ, ეს ეჭვი არ გამართლდა. სულმოუთქმელად ჩავიკითხე მისი ნაწარმოებები და დავინახე, გოგი არის ნაღდი მწერალი. ნაღდი მწერალი მყისვე გამოიცნობა დაკვირვების სიზუსტით, საგანში წვდომის სიღრმით. ეს უნარი გოგის ფართოდ აქვს მომადლებული და ამჟამადაც მიმაჩნია, რომ ამ ბოლო დროს სამწერლო ასპარეზზე გამოსულთა შორის გოგი არის ერთ-ერთი უძლიერესი. მისი წიგნი მრავალმხრივ ჩამოყალიბებული ძლიერი თხზულებაა.

...გოგის წიგნი ბევრ საინტერესო აზრს და განწყობილებას აღგვიძრავს. ამაზე სხვა დროს უფრო საფუძვლიანი საუბარია საჭირო. ახლა კი მივესალმები გოგი ჩაგელიშვილის ფეხის შემოდგმას ქართულ მწერლობაში და ვფიქრობ, იგი აქაც იმ მაღალ დონეს აღწევს, რომელსაც უკვე მიაღწია, როგორც მხატვარმა".

მსოფლიოში ცნობილ მხატვარს, რომელიც უკვე ათი წელია საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდებას ატარებს, სამეგობროში და მხატვართა წრეში იცნობენ მეტსახელით - "ჩაგელა". თანამედროვეობის ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული მხატვარი 1000-ზე მეტი ფერწერული ტილოს ავტორია. გოგი ჩაგელიშვილს ჯგუფური და პერსონალური გამოფენები მოწყობილი აქვს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მხატვარმა თავისი ნამუშევრებით არაერთხელ ასახელა საქართველო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში: ბულგარეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ესპანეთში, ამერიკაში, ქუვეითში, საფრანგეთში, რუსეთში, შოტლანდიაში, თურქეთში.

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს თანამედროვე სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის მუზეუმში, ამბროლაურის გალერეაში, მოსკოვის ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში (12 სურათი), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი), ბარსელონას სახვითი ხელოვნების მუზეუმსა და "ბროკის" გალერეაში (14 სურათი), კერძო კოლექციებში: შვედეთში, სტოკჰოლმში, ბარსელონაში - ხუან გრანდაუს, აშშ-ი - ჯორჯ ბუშის, ისრაელში - ალიმ რიჟინაშვილის, საქართველოში - გოგი ფარასტაშვილის, ვახტანგ ქუთათელაძისა და სხვათა კოლექციებში, აგრეთვე გერმანიის, კანადის, იტალიის, შვეიცარიის, ესპანეთის, ამერიკის, თურქეთის, ახალი ზელანდიის კერძო მფლობელებთან.

"სიყვარულით ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, მაგრამ არაფრის მონა არ მინდა გავხდე. წარმატება მეტ ვალდებულებებს მაკისრებს, წარუმატებლობა მაღიზიანებს, ძალების მობილიზაცია ხდება უკეთესობისაკენ. ვცდილობ ცხოვრების რიტმის, შემოქმედებისა და ფიზიკური მონაცემების ჰარმონიულ შერწყმას. მინდა ვისწავლო ხედვა და არა ყურება. მახასიათებს მოძრაობა, ახლის ძიება, პასუხისმგებლობა, ეჭვიანობა, დაფიქრება, განმარტოება. შემოქმედებით პროცესში არასდროს არაფერი მაკმაყოფილებს", - ბატონი გოგის ეს სიტყვები გახლავთ გარანტი იმისა, რომ იგი კიდევ არაერთხელ გაგვაოცებს სამწერლო თუ სამხატვრო ქმნილებებით მრავალი წლის მანძილზე.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com