|
"საქართველო "
ქუთაისელი "ემიგრანტი" ნინო ხაჟალია
"გინდ კუთხურობა დამწამონ, თუნდაც "ვიწრო გაგების" ადამიანად ჩამთვალონ, მე მაინც ჩემებური, სუბიექტური აზრი და შეხედულება გამაჩნია ქუთაისზე, რადგანაც ქუთაისი მზითა და ვარდებით, მკლავებდაკაპიწებული ქართველებით, პურმარილით, სიყვარულითა და სილამაზით მოჭედილი ჩემი სალოცავი ხატია". ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდა ბატონი გოვენ ჭეიშვილი 33 წლით იმ ქალაქის დატოვებას, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს, სადაც ერთმანეთს "ყბასაც სიამოვნებით უქცევდნენ" ძველი ქუთათურები. რომ არა ლექტორ ქეთო ძოწენიძესთან საიდუმლო "დაჯახება", ვინ იცის, იქნებ ბატონ გოვენის მამის ოცნებაც ახდენილიყო და შვილი "კაბინეტის კაცად" ეხილა. მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა... სანამ "რეკორდი", "კუჩხი ბედნიერი", "ნეილონის ნაძვის ხე", "სამოთხის გვრიტები" იქნებოდა, მანამ ბატონი გოვენი ხან პუშკინის სახელობის, ხანაც მუსიკალურ სასწავლებელში "მოგზაურობდა", საბოლოოდ კი თეატრალურ ინსტიტუტს მიეკედლა. "როცა თეატრში მსახიობთა ფოიეში უფროსი თაობა იმყოფებოდა, სკამზე დაჯდომას ვერ ვბედავდი. ავიტუზებოდი კედელთან და ისე ვისმენდი მათ საუბარს, სანამ გოძიაშვილმა არ მითხრა "სტრაჟნიკივით" ნუ დგახარო". მოსასმენი და სანახავი ბევრი იყო... ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, ალექსანდრე ომიაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, სხვები და სხვები... ასე გადიოდა წლები... "ეროვნებით ქუთაისელი" თბილისში მკვიდრდებოდა. ეს ხომ დიდი ქალაქის თვისებაა. მაგრამ ერთ დღეს "თბილისში აირია და გაცივდა ყველაფერი, ვეღარ გავძელი, ავწრიალდი, ავწრიალდი და ჩამოვედი"... მაგრამ იქნებ მიზეზი სხვა რამ იყო და დამნაშავე არა დედაქალაქი, არამედ ბედისწერასავით გარდაუვალი ნოსტალგია გახლდათ, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა ქუთაისელ "ემიგრანტს" უჩნდება. მათ იციან, რომ მოვა დრო და მოუხმობს მაისისა და ვარდების გარეშე წარმოუდგენელი ქალაქი. მოვა დრო და აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ქუთაისს... "ჩაგიკრავს და ჩაგეხვევა, დაგლოცავს და გეფერება", ეს სიმღერაც, ალბათ, მათი გულისთქმისა და მონატრების ამოძახილია...
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს "რაია ბიჭო, გოვენია, თბილისმა რო დაგგრიხა, მოგკაკვა და გამოგწუწნა მომპასივით, მერე ჩამოდი ჩვენთან?" - აუხირდნენ მეგობრები და ეს სიტყვებიც თავისებურ სითბოსა და მზრუნველობას იტევენ. მაგრამ, მოგეხსენებათ, ძველი ქუთაისი (ძველი ქართველი და საქართველო) წარსულს ჩაბარდა... ამიტომაც ჩამოსულს, ცოტა არ იყოს, იმედი გაუცრუვდა. ის ქალაქი, რომლისკენაც ისწრაფვოდა, მიიჩქაროდა შესხვაფერებული დაუხვდა (ხუმრობაა, დედაქალაქში ბატონმა გოვენმა 33 წელი გაატარა), სადღა იყო "როცა ყველას იცნობდა, ქუთაისელი სადაც არ უნდა შეგხვედროდა, მაშინვე იცნობდი სახით. მაშინ "მოდაში" იყო ბაღის კიდეზე სეირნობა, მესერიც იყო შემოვლებული, დღევანდელივით მოტყაული კი არ იყო"... მაშინ, თურმე ქუთაისში, პატარა და მყუდრო ქალაქში ზედმეტს არავინ არავის ეტყოდა. "ადრე პატარა ბავშვი რომ ხლებოდა ქალს, იმას ხმას არავინ გასცემდა, ახლა კი დაცვითაც რომ მოდიოდეს, ქალს არავინ ეპუება". მიუხედავად ამისა, "ბედნიერ კაცად ვთვლი ჩემს თავს, ქუთაისში რომ დავიბადე. თუ დაიბადები, საქართველოში უნდა დაიბადო, ქუთაისში და თანაც მაისში".
ვინც არ უნდა იყო მანდ, ღარიბი თუ მდიდარი... სიხარულით გიღებთ კარს... "არ ვიცი, პირდაპირ როგორ დაგაპატიმრებ" - გვემუქრება კინოფილმიდან გაცეცხლებული ხუტა უფროსი და მაყურებელს შიშის ნაცვლად ღიმილი ეფინება სახეზე. ბატონი გოვენი ხუმრობით, ნახევარხუმრობით და სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ - "მსახიობები ვართ ნებაყოფლობითი გიჟები, გამოდიხარ სცენაზე და იძახი: ერეკლე II ვარ, ოიდიპოს მეფე ვარ და არავინ ხმას არ გცემს, პირიქით, ჯამაგირს გვაძლევენ და გვაჯილდოვებენ. აბა, ახლა ქუჩაში გამოდი და თქვი იგივე - მაშინვე საგიჟეში ამოყოფ თავს". ბატონი გოვენი მსახიობობაზე არასოდეს ოცნებობდა, მაგრამ ყოველთვის მშვენივრად იცოდა რას თამაშობდა - "პაექრობა მიზიდავდა მაყურებელთან. ატყუებ და გსიამოვნებს, რომ იქ არ ხარ შენ, გოვენი, არამედ ხარ ვიღაც პეტრე და პავლე. აქ ჩანს ადამიანის ეგოიზმი. გიხარია, რომ ატყუებ და შენს ნებაზე ათამაშებ". მაგრამ ვერა და ვერ აათამაშა კინოფილმ "რეკორდში" ცუცა ხუტა უფროსმა თავის ჭკუაზე. ეს კი არა, ისიც კი არ იცის, თუ რა უთხრა მისმა ხელქვეითმა ღინტუმ საიდუმლოდ ცუცას, "მაგი ღინტუმ და ცუცამ იცის, ახლა კიდო მაგისთვის მამტვრევიე თავი. თუმცა მაქაც რაღაც ინტრიგა იქნება ჩაგდებული, ძველი ანეკდოტისა არ იყოს, სტალინი კოლმეურნეობაში შეყვანით რომ დაემუქრა კამეჩებს და შეშინებულებს გზაც გაანთავისუფლებინა". ოთხიოდე წლის წინ ბატონმა გოვენმა, გოდერძი ჩოხელის ფილმ "მიჯაჭვულ რაინდებში" მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, ფილმი ქართველ მაყურებელს ჯერ არ უნახავს, სულ "უბრალო" მიზეზის გამო - "ფილმი მოსფილმმა გადაიღო, წაიღო და ჩვენ მარტო ერთი ფირი დაგვიტოვა. თანაც დაგვიბარეს - ქართულად გაახმოვანეთ და მარტო საქართველოში გაუშვითო. კინოსტუდიას კი დღემდე ფული არა აქვს, რომ გაახმოვანოს, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობებმა უარი ვთქვით ჰონორარზე". ჩემი რესპოდენტი ზედმეტად მოკრძალებული და უპრეტენზიოა, საოცრად სუფთა, ჩუმი ცხოვრებით ცხოვრობს... ეს, ალბათ, დაბრუნებულ "ემიგრანტთა" ხვედრია...
XXX
ცხოვრების ამ მონაკვეთს კიდევ ერთი აღმოჩენა დაერთო. ადრე რელიგიისაგან შორს მდგომი ადამიანი უფალს დაუახლოვდა. აი, მისი საყვარელი ლოცვა: "ღმერთო, შენდამი სიყვარულისათვის მზად ვარ განვეშორო სურვილებსა და ნებისყოფას, იდეალებსა და იმედებს, ზნეობრიობას, ახლობელ ადამიანებს, ნებისმიერ ადამიანურ ბედნიერებას და თვით სიცოცხლესაც კი"... უფლის სიყვარულმა ადამიანებისადმიც თავისებური დამოკიდებულება გაუღვივა. ყველა იმათ, ვინც ოდნავ მაინც გაულამაზა სიცოცხლე, ეძღვნება მისი წიგნი - "ჩემი ცხოვრების სილამაზე". ინტერვიუს შემდეგ ბატონი გოვენი თავის მოთხრობაზე მუშაობას აპირებდა. ჩუმად განვერიდე, დავტოვე თავის ფიქრებთან, მოგონებებთან, წარსულთან...
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |