|
"საქართველო "
სად სულხან მოლაშვილი და სად სოხუმის თეატრი?
"გახსოვთ მშვენიერი დღეები და საღამოები სოხუმის პლაჟზე?! ალბათ, მოგენატრათ ზღვა, დღესასწაულები და ეს ყველაფერი დაბრუნდება, ოღონდ დაბრუნდება, უპირველეს ყოვლისა, მორალური და ფსიქოლოგიური შემზადების ფონზე! ეს კი ადვილი შესაძლებელი იქნება, თუკი ჩვენ დევნილობაში მყოფ სოხუმის თეატრს შევუქმნით ელემენტარულ პირობებს, რომ საკუთარი ჭერი ჰქონდეთ!" - ამ ფრაზებით ლამაზად შესრულებული სატელევიზიო-სარეკლამო კლიპიდან გვეხმიანება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი... - სად მოლაშვილი და სად სოხუმის თეატრიო? - უკვირთ კიდევაც (ამაზე ცოტა ქვემოთ შევჩერდებით), მაგრამ ამ ეტაპზე ბევრად უფრო საგულისხმოა ის, რომ ტრადიციებითა და ნიჭიერებით ცნობილ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრს მართლაც ძალიან უჭირს და ეს კლიპიც მის გადასარჩენად გაკეთდა. "დავეხმაროთ სოხუმის თეატრს დღეს იმისათვის, რომ ის ხვალ ისევ საკუთარ ჭერქვეშ ვიხილოთ!" - აღნიშნული კლიპი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დიმა ჯაიანის ამ სიტყვებით სრულდება და იგი ამით "ამა ქვეყნის ძლიერთ" ხალხისთვის სასარგებლო, ასე ვთქვათ, კეთილი საქმის ქმნისკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, რომ სოხუმის თეატრი ცხრა წლის წინ "დასახლდა" რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. ადგილობრივი თეატრის მესვეურებს მაშინ, ალბათ, ვერც კი წარმოედგინათ, რომ ასე დაუსრულებლად გაჭიანურდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მათ კედლებში თავშეფარებული ხიზანი ვერ დაუბრუნდებოდა მშობლიურ კუთხეს... წელმა წელს სდია, კონფლიქტი, ფაქტობრივად, გაიყინა და ამასობაში თვითონ რუსთაველის თეატრში (რომლის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის) გაჩნდა რიგი ცვლილებები, დაინგრა მცირე სცენა, შენობა კაპიტალურ რემონტზე გადავიდა და უკვე "ზედმეტად" ქცეული დევნილი თეატრი თითქმის ქუჩაში აღმოჩნდა. დიმა ჯაიანი: რუსთაველის თეატრი კაპიტალურ რემონტზეა, მცირე სცენა დაინგრა (მალე დიდ სცენაზეც დაიწყება სარემონტო სამუშაოები). ასეთ პირობებში ჩვენი თეატრი ქუჩაში აღმოჩნდა. ხუთი თვით ცოტნე დადიანის ქუჩაზე ("პლეხანოვის" კლუბს ეძახიან) ვაგონშემკეთებელი ქარხნის დირექტორმა, ბადრი წილოსანმა შეგვიფარა. ახლა მასაც თავისი პრობლემები აქვს. თან იქ ისეთი სიტუაციაა, რომ სრულფასოვანი სპექტაკლის დადგმის საშუალება არ მოგვეპოვება. თეატრისათვის დიდი იმედის სახით გამოჩნდა ბატონი სულხან მოლაშვილი. რაც წამოიწყო, გადაუჭარბებლად ვიტყოდი, რომ ეროვნული საქმეა. თვითონ კონტროლის პალატა ისნის რაიონში, ყოფილი რაიკომის შენობის ახალი ბინადარია. შენობას აქვს სააქტო დარბაზი, რომელიც სოხუმის თეატრისათვის უნდა გადაკეთდეს თეატრად. ის შესანიშნავი კლიპიც, რომელიც მაყურებელს ასე მოეწონა, ამ დარბაზშია გადაღებული. ძველი დარბაზი დავანგრიეთ, სარემონტო სამუშაოები ძირითადად შემოწირულობების ხარჯზე ხორციელდება. პროექტის განხორციელებაში ჩაერთვნენ ცნობილი არქიტექტორებიც. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ვცდილობთ, რომ თეატრის მშენებლობა დავაჩქაროთ. დიდ თანხას უკავშირდება, დაახლოებით 300 ათას დოლარამდე ჯდება. თუ ფინანსური მხარე დროულად მოგვარდა, ალბათ, 4-5 თვეში პრემიერასაც ვითამაშებთ. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ თბილისში სოხუმის თეატრის სახით გაჩნდა მსოფლიო სტანდარტის თეატრი, მართლაც უნიკალური. ტექნიკის თვალსაზრისით მას საქართველოში ტოლი არ ეყოლება. შესაძლოა, თეატრში რაღაც ცვლილებებიც შევიტანოთ, თუმცა ამ ეტაპზე საუბარი ჯერ ადრეა და გაგიმხელთ მხოლოდ იმას, რომ ვაპირებთ ნიჭიერი რეჟისორის დათო დოიაშვილის მოწვევას. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ლილი ხურითი, მსახიობი: ჩვენი თეატრის დღევანდელი მდგომარეობა დანარჩენთაგან ძალიან განსხვავებულია. სამწუხაროდ, ყველაფერი წარსულში დარჩა. თეატრი მარტო მსახიობი და დარბაზი ხომ არ არის? ესაა თავისთავად თეატრი, ადამიანები, ურთიერთობები... ეს კავშირი რაღაცნაირად დაირღვა და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს. გაიფანტა არა მარტო მაყურებელი, არამედ დიდი თეატრის დიდი ბირთვიც. პარადოქსია, მაგრამ ჩვენს მაყურებელში დღეს ყველაზე ნაკლები არიან ჩვენი კუთხის მკვიდრთაგანნი (ქალბატონი ლილი ვერ იტანს სიტყვას "დევნილი" და ყოველდღიური ლექსიკონიდანაც თითქოს სამუდამოდ ამოუშლია). საუბედუროდ, არიან ისეთნიც, რომლებსაც საერთოდ არ სცოდნიათ, რომ სოხუმის თეატრი რუსთაველის მცირე თეატრის დარბაზში მოღვაწეობდა. ეს საშინელებაა. ალბათ ჩვენი ბრალიცაა ამაში, რომ სათანადოდ ვერ შევძელით მოსახლეობის ინფორმირება. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რა დროს თეატრია, როცა ქვეყანა თავზე გვექცევაო? არ არის ასე. გადარჩენაში მარტო ფიზიკური არსებობა ხომ არ მოიაზრება? თეატრის უპირველესი მიზანი და ამოცანაა, რომ ადამიანმა სული გადაირჩინოს. ამიტომ ვარსებობთ. გვინდა უკვდავყოთ სოხუმის თეატრი. ამისათვის ვიბრძვით, მიუხედავად გაჭირვებისა, ფაქტობრივად არ გავჩერებულვართ და წელიწადში ორი სპექტაკლის დადგმას მაინც ვახერხებდით. რაც მთავარია, თეატრი მოქმედია. ახალი შენობა, სანამ ვიქნებით, გვექნება და როცა დავბრუნდებით, თბილისს ერთი ლამაზი თეატრი დარჩება...
მარი ჩიტაია
P. S. როცა აფხაზეთში მტერმა ერის გახლეჩა სცადა, გარკვეულწილად თეატრით დაიწყო... დღეს, მიუხედავად არსებული უსახსრობისა, სოხუმის თეატრს აქვს საოცარი შანსი, რომ გარდასულ დღეთა სილამაზე გადაგვიშალოს... მისი სახით თბილისს მართლაც დარჩება ერთი უნიკალური, მაღალი ხარისხის თეატრი. ჩვენ უსათუოდ დავბრუნდებით! ერთხელაც გავიმეორებ: "...ყველაფერი დაბრუნდება, უპირველეს ყოვლისა, მორალური და ფსიქოლოგიური შემზადების ფონზე!"
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |