|
"საქართველო "
თემურ წიკლაური: "ყველას ეშინია სიკვდილზე სიმღერის... " ია წინამძღვრიშვილი
- ბატონო თემურ, თქვენმა გადაწყვეტილებამ, ბათუმში წასულიყავით და თანაც საოპერო მომღერლის სტატუსით, მსმენელი ცოტა გააოცა. რამ მოგაფიქრათ, თქვენი თაყვანისმცემლებისთვის ამგვარი სიურპრიზის გაკეთება? - მართლაც, მე ესტრადაზე ვმღეროდი და საოპერო ხელოვნებაში ძალების მოსინჯვა ჩემი მსმენელისთვის მოულოდნელი იქნებოდა. ოპერაში სიმღერა რთულია, მაგრამ სპორტული ჟინივით გამიჩნდა ეს სურვილი. ჩემი თავი დავაჯერე, რომ შევძლებდი. მე ბედნიერება მხვდა წილად და ოპერაში ვიმღერე. მგონი, არც თუ ურიგოდ. რაც შეეხება ბათუმში წასვლას, ეს ბატონ ალექსანდრე ხომერიკის და ბატონ ასლან აბაშიძის ხელშეწყობით გადაწყდა. მე და ალექსანდრეს 30 წლის მეგობრობა გვაკავშირებს. თავის დროზე "ივერიელი" იყო, ახლა კი დიდი ტენორი და ბათუმის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. მისი დიდი მცდელობის შემდეგ გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა. 6 თვეში მოვამზადე პარტია, დიდი შრომა დამჭირდა, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიე. - "ივერიელებს" ნოსტალგია დღემდე აქვთ. ოდესმე ისევ დაუბრუნდება ანსამბლი სცენას? - ბოლო ნამუშევარი 1995 წელს ანსამბლ "ივერიის" და შოუბიზნესის ცენტრ "ლომისის" ერთობლივი ნაწარმოები იყო. დღეს ანსამბლი ხელშეწყობას, სპონსორს ელოდება, თორემ იდეები იმდენია, სად წავიღოთ, არ ვიცით. "ივერია" მიძინებული ვულკანია, მაგრამ გაიღვიძებს და "საშიშია". - ძველი დროის ნოსტალგია თემურ წიკლაურისთვის ხშირი სტუმარია? - მე აწმყოში ვცხოვრობ. ვიცი, წარსულში ქექვას აზრი არა აქვს. ადამიანები ვიცვლებით და გვგონია, დრო გვცვლის. მე არ ვფიქრობ, რომ ახლა 56 წლის ვარ, ამიტომ უმოქმედოდ უნდა ვიყო. ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემი საქმე უნდა ვაკეთო, უნდა ვიმღერო და თანაც კარგად. - თაყვანისცემლები ახლა უფრო მეტი გყავთ თუ ადრე? - თაყვანისმცემლები ღვთის ნებით ყოველთვის ბევრი მყავს. ჩემი პრობლემა ფინანსებია, რათა კლიპმეიკერები და იმიჯმეიკერები დავიქირაო (იცინის). ისე კლიპი კარგია, ინფორმაციის ერთ-ერთი საშუალებაა. მთავარია, როგორ გადაიღებ მას. მეამაყება, რომ ჩემი ბოლო კონცერტი საქველმოქმედო იყო. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. ამ კონცერტზე 40 გრადუსი სიცხე და გრიპი მქონდა. არც ყელი იყო სახარბიელო მდგომარეობაში. ხმა წინა ერთი კვირის მანძილზე საერთოდ არ მქონდა. ვიცოდი, რომ ღმერთი არ გამწირავდა და კონცერტი მაინც შედგებოდა. ზუსტად სცენაზე გასვლის წინ ამოვიღე ხმაც. კონცერტი 2 საათი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 2 საათი და 15 წუთი გაგვიგრძელდა. ღმერთმა ხმა 2 საათი მომცა და ბოლო ორ სიმღერაზე შემეტყო, რომ დრო ამომეწურა. ეს სასწაული იყო. ამ კონცერტში სიკეთე რომ იდო, ღმერთიც იმიტომ დამეხმარა. მინდა, აღვნიშნო, რომ კონცერტი, რომელიც უპატრონო ბავშვებისათვის და ქართული ჯარისათვის ჩავატარე, ბევრი ადამიანის დამსახურებაა. თითოეულმა მონაწილემ დიდი წვლილი გაიღო. ფინანსურად ვლადიმერ ჯანჯღავა და ბესო თოდუა დამეხმარნენ. ისინი ქართველები გახლავან, მოსკოვში ცხოვრობენ. გულსატკენია, რომ თბილისიდან არავინ დამხმარებია. - თემურ წიკლაურს თაყვანისმცემლებისგან განსაკუთრებული რა ახსოვს? - როცა ჩემი ბიჭი სხვა სამყაროში გადავიდა, გარდაიცვალა, 10 დღის შემდეგ კონცერტზე გამოსვლამ მომიწია. არ შეიძლებოდა ხალხის დაღალატება, მელოდნენ. სცენაზე რომ გამოვედი, დარბაზში ყველა ფეხზე იდგა. ისეთი მხარდაჭერა, ნდობა ვიგრძენი ამ ჟესტით, არ ვიცოდი, პატივისცემა რით გადამეხადა. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ფიროსმანის არია "იყიდება საქართველო" დაიდგა. ხალხმა ეს 9 აპრილის გამოძახილად მიიღო. იმ დროსაც დარბაზში მსმენელი ფეხზე ამდგარი შემეგება. საქველმოქმედო კონცერტზეც იგივე განმეორდა, ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა ჰქონდეს შემოქმედს? ხალხის სიყვარულზე ძვირადღირებული რა უნდა მომღერალს? - ბატონო თემურ, თქვენზე ამბობენ, უცხოპლანეტელებს ესაუბრებაო. მართალია თუ არა ეს ან ვინ არიან ისინი? - მართლა გაინტერესებთ? (იცინის). ალბათ, ჰუმანოიდები არიან. სხვათა შორის, ისინი ჩვენზე მეტ უნარს ფლობენ გადაადგილების, აზროვნების საკითხში. შეუძლიათ ენერგიაში ხელის ფათური. ჩვენგან განსხვავებით, მათ ეკოლოგიური საკითხები უფრო აინტერესებთ. დღევანდელი მდგომარეობა კრიზისულია. მსოფლიო საზოგადოება ჩუმად არის ოზონის ნახვრეტებთან დაკავშირებით. აღარც ჩერნობილის ატომურ სადგურზე ლაპარაკობს ვინმე, თუმცა პრობლემა ისევ დგას. ხალხს კი ჰგონია, რომ რადგან არ შუქდება, პრობლემა გაქრა. დედამიწის დაღუპვა მზის სისტემაში დიდ გადაადგილებას გამოიწვევს. რადგან მისი ადგილი რაღაცამ ხომ უნდა დაიკავოს? ეს აღელვებთ სწორედ უცხოპლანეტელებს. - მოდით საუბარი სასიამოვნო ნოტაზე დავასრულოთ. კურიოზების სიმცირეს არ უჩივით, იმედი მაქვს. - ერთ საინტერესო შემთხვევაზე გიამბობთ. იტალიაში, პალერმოში ყოფნისას, (კომუნისტური წყობის დროს) საქართველოს დელეგაცია იყო მიწვეული იქ გამოცემული ქართული წიგნების გამო. ეს იყო საქართველოს ისტორია, რომელიც პალერმოდან ჩამოსულმა ბერებმა დაწერეს, ანსამბლი "ივერიაც" ამ დელეგაციაში გახლდათ. მარიამობის თვე იდგა. მათ თავისი წესები გააჩნიათ: 1 ტონიანი ვერცხლის ქანდაკება, წმინდა მარიამის გამოსახულებით, მარმარილოს პოსტამენტზე მდგარი დააქვთ ქალაქის თავიდან ბოლოში და ისევ თავში. მას იცავს პოლიცია, სამღვდელოება და ხალხი. დღესასწაულზე ტირიან, მღერიან, ლოცულობენ და დაჰყვებიან მსვლელობას. უმძიმეს ქანდაკებას 40-მდე კაცი ატარებს და ყოველ 10 ნაბიჯზე ისვენებს. ქანდაკებას უამრავი შეწირულობა ოქრო, ბრილიანტი, ძვირფასეულობა ჰკიდია. გამიჩნდა სურვილი, მეც მომეკიდა ხელი ამ ძეგლისათვის და დღესასწაულზე მონაწილეობა მიმეღო. პროცესის ხელმძღვანელს ვთხოვე, რომ ნება დაერთო ჩემთვის, მაგრამ უარი მითხრა. მესამედ რომ მივედი, შეწუხდა ეს კაცი, მეც ავუხსენი რომ დელეგაციის წევრი ვიყავი და როგორღაც მომცა უფლება ცოტა ხნით ამეწია ქანდაკება. სხვისი ფორმა ჩავიცვი და 50 მეტრზე მატარებინეს. არ დამავიწყდება იმ ბიჭის თვალები, როგორ მთხოვდა, რომ დროზე გამეხადა მისი ტანსაცმელი. თურმე, უფლება რომ მოიპოვო ქანდაკებაზე ხელის შეხებისა, საჭიროა მთელი წელი მარხვა, ლოცვა და ა. შ. მე კი შევეცილე მას ამ ბედნიერებაში. აღსანიშნავია ის, რომ მე ყველაზე მაღალი აღმოვჩნდი და მთელი სიმძიმე მე მაწვებოდა. გადამეყვლიფა მხარი, გამდის სისხლი, მაგრამ არაფერს ვაქცევდი ყურადღებას. ისე მიხაროდა, რომ ოცნება ამისრულდა. მთელი ხმით გავყიროდი, ვეხვეწებოდი წმინდა მარიამს, გადაარჩინე ჩემი ქვეყანა, გადააფარე კალთა, დაიფარე ჩემი ოჯახი და ა. შ. ვტიროდი ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა ცრემლები. ისინი მღეროდნენ, მივაყურადე მელოდიას და მერე მეც მთელი ხმით ავყევი, ვღრიალებდი ბოლო ხმაზე. ჩემს წინ მდგარი კაცი დავაყრუე, მე მგონი. მომიტრილდა და მეუბნება: ვინ ხარ, რა დაგიშავეო. მე იმ დღეს ბედნიერი ვიყავი. ერთი "კაგებეშნიკი" გვახლდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი სიხარულით ტიროდა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |