|
"საქართველო "
აბაშიძეს რომ შეეძლოს, ედუარდსაც ზედ მიაყოლებდა გოგი შევარდნაძეს
გოგი შევარდნაძე წლების მანძილზე აჭარის საბაჟოზე პირველი პირი იყო, შემდეგ კი შემოსავლების მინისტრიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. როგორც ამბობდნენ, პრეზიდენტის მოგვარე ასლან ბაბუსთან დაახლოებული სანდო პირი გახლდათ და წლების მანძილზე ერთგულებას უმტკიცებდა აჭარის ლიდერს. ფინანსების მოზიდვის დიდ ოსტატადაც ითვლებოდა და უღალატო კაცადაც. და მაინც! გოგი შევარდნაძე მოხსნეს. უფრო სწორად, როცა ცენტრმა შემოსავლების სამინისტრო გააუქმა, აჭარამაც მას მიბაძა. ერთგული რაინდი კი უფუნქციოდ დარჩა. ყველაზე პარადოქსული კი ის გახლავთ, რომ საბაჟო, შემოსავლის უდიდესი წყარო აჭარაში, ბათუმის მერიას დაექვემდებარა. აჭარის ფინანსური სადავეები მამა-შვილ აბაშიძეების ხელში საბოლოოდ გადავიდაო (ქალაქის მერი ასლან აბაშიძის ვაჟი - გიორგი აბაშიძეა) ღელავდნენ თბილისში, თუმცა ბევრს ალბათ დაავიწყდა, რომ არც გოგი შევარდნაძის მოზიდულ თანხებს შეუწუხებია თბილისის ბიუჯეტი მაინც და მაინც. პროტესტს არც ამჯერად ექნება აზრი ცენტრის მხრიდან, დარდმა თბილისში გულიც რომ გაუხეთქოს მავანს. ჩოლოქს იქეთ "ცენტრისტული" კანონები არა სჭრის. ის კი არა, ასლან ბაბუს რომ შეეძლოს, დიდ ბაბუასაც ზედ მიაყოლებდა გოგი შევარდნაძეს. მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და ჩოლოქს აქეთ მაინც და მაინც დიდი გამწეობით ვერ იკვეხნის აჭარის ლომი.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |