"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი

"არც ისეთი სულელები ვართ, არჩევნების წინ ვიძახოთ, ეს არჩევნები არ გვაინტერესებსო" ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან

- ბატონო მამუკა "არ ვიცი, ვის ეყოფა ნამუსი, ეს არჩევნები ჩატარებულად გააფორმოსო", ამ სიტყვებით გამოხატეთ ნაარჩევნებს თქვენი პოზიცია. მიუხედავად ამისა, არჩევნები ჩაშლილად არავის უცვნია.

- ჩაშლაზე საუბარი არც არის. ჯერჯერობით არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუცხადებია, რომ ეს არჩევნები იყო, რაც ძალიან მახარებს. ჯუმბერ ლომინაძემ ღიად განაცხადა, რომ საარჩევნო სიები მას არ დაუმოწმებია. არჩევნების ცნობის საკითხი ჯერჯერობით ღიად არ დგას. რაღაც პროცედურა გაიმართა, მაგრამ ჩაითვლება თუ არა იგი შედეგად, ჯერჯერობით საკითხავია. სახალხო პარტიას შეაქვს საკითხი განსახილველად როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სარჩელი საოლქო სასამართლოში. მოვითხოვთ კანონიერების აღდგენას, რომ განისაზღვროს დარღვევები, რაც არჩევნებს ახლდა თან, და უახლეს მომავალში ჩატარდეს ხმის მიცემის პროცედურა ხელახლა.

- მაინც რას ელოდით ამ არჩევნებისგან? თქვენ "ტრადიციონალისტებთან" ერთად გამოხვედით და ხმამაღლა აცხადებდით, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას არც ანიჭებდით ამ არჩევნებს.

- დიახ, ჩვენ შეხვედრებიც კი არ გაგვიმართავს მოსახლეობასთან. სადაც ეს რაღაცას ნიშნავდა, მივიღეთ კიდევ აქტიური მონაწილეობა. ბევრ რაიონში, სადაც პირდაპირ არჩევნები მიმდინარეობდა, სერიოზულ წარმატებებსაც მივაღწიეთ.

არც ისეთი სულელები ვართ, რომ არჩევნების წინ ვიძახოთ, ეს არჩევნები არ გვაინტერესებსო. ამას ჩვენ ღიად იმიტომ ვაცხადებთ, რომ ეს არ გახლავთ საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა.

მთავარია, საარჩევნო პროცედურა ისე ჩატარდეს, რომ ეჭვის საფუძველი აღარ იყოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს არჩევნების თემით მანიპულირება. თუ ჩვენ ამას არ დავამთავრებთ, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე ზუსტად იგივე განმეორდება, რაც წინა არჩევნების დროს იყო.

- "ტრადიციონალისტებთან" "სახალხოს" გაერთიანება საკმაოდ მოულოდნელი გახლდათ. ეს ნაბიჯი რამ გადაგადგმევინათ?

- საერთო პოზიციამ. მონათესავე პოლიტიკური იდეოლოგიის ძალები ერთად დავდექით. სურვილი გვაქვს საქართველოში პოლიტიკური ძალები პიროვნული სიმპათია-ანტიპათიით კი არ დგებოდნენ ერთმანეთის გვერდით, არამედ მყარი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე.

- აკაკი ასათიანი და საერთოდ "ტრადიციონალისტები" ერთი პოლიტიკური პოზიციის ქონით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებენ. ამინდის მიხედვით ეცვლებათ განწყობილება...

- საუბარი დეკლარირებულ იდეოლოგიურ საკითხებზეა. მათი პოზიციის ცვლილებების მიზეზებზე თვითონ "ტრადიციონალისტებმა" უნდა უპასუხონ. თუ დავრწმუნდებით, რომ ჩვენმა ურთიერთობამ ამოწურა თავისი თავი, შევიცვლით გადაწყვეტილებას.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com