|
"საქართველო "
მერაბ ტყეშელაშვილი: "მამალაძე უფროა პრეზიდენტის ნათესავი, ვიდრე ტყეშელაშვილი" ლია რეხვიაშვილი
ადგილობრივ არჩევნებს რუსთავში ქაოსი და განუკითხაობა მოჰყვა. არჩევნები ჩაიშალა. პოლიტიკური გაერთიანებები თითს ერთმანეთისკენ იშვერენ და პასუხისმგებლობას სხვას აკისრებენ, თუმცა მტყუან-მართალი ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა. რუსთავის მერობის კანდიდატმა მერაბ ტყეშელაშვილმა არც მეტი, არც ნაკლები, ხელი პირდაპირ ქვემო ქართლის გუბერნატორს - ლევან მამალაძეს დაადო. წლების მანძილზე მათ შორის არსებულმა უთანხმოებამ სწორედ არჩევნების დროს ჰპოვა მკვეთრი გამოხატულება. მამალაძეს რომ ტყეშელაშვილის მერობა არ აწყობდა, და პირიქით, ტყეშელაშვილს მამალაძის გუბერნატორობა, ამაზე დიდი ხნის წინ საუბრობდნენ... მაგრამ დაპირისპირება თუ ამ სახეს მიიღებდა, ალბათ არავინ ელოდა. - ბატონო მერაბ, დანაშაული, რომლის გამოც რუსთავში არჩევნები ჩაიშალა, საკმაოდ მძიმეა. სამართალდამცავ ორგანოებს ჯერ ბოლომდე არაფერი გაურკვევიათ, თქვენ კი უკვე ლევან მამალაძეს აკისრებთ პასუხისმგებლობას... - სამართალდამცავებს მე დღესაც ვესაუბრე. მუშაობა მიმდინარეობს, დადგენილია ავტომანქანები, რომლის მეშვეობითაც მოხდა ბიულეტენების გატაცება. ინფორმაციები არსებობს. როგორ გგონიათ, 40 შეიარაღებული კაცი ტრასას კეტავს, არაფრის ეშინია, დილის 8 საათზე აყაჩაღებს ბიულეტენებით მიმავალ მანქანას და ამაში არანაირი სტრუქტურა არაა ჩართული? ეს არსად დაგეგმილა. რაც შეეხება გამტაცებელთა ვინაობას, ჩვენ ზუსტად ვიცით ვინც არიან, ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ. კვლევა მიმდინარეობს და შედეგებს ველოდებით. თუ ისინი ჭეშმარიტებას არ დაადგენენ, მაშინ ჩვენ დამნაშავეთა გვარ-სახელებს დავასახელებთ. - არჩევნების ჩაშლის შემდეგ თქვენ რუსთავის მერიის წინ აქცია მოაწყვეთ... - მე არ მომიწყვია აქცია. როცა მერიასთან მივედი, დილის 9 საათისთვის, ხალხი უკვე იქ იდგა და სიმართლის გარკვევას ითხოვდა. მე უბრალოდ მათ შევუერთდი. - პრეზიდენტის მძახლები ქუჩის აქციებით რომ ებრძვიან არჩევნების გაყალბებას, საკმაოდ უცნაურად ჩანს. პრეზიდენტს, როგორც წესი, სულ ნათესაობის მფარველობას აბრალებენ და... - არ ვიცი, თქვენ ნათესაობას რას ეძახით. მე არ ვთვლი, რომ შევარდნაძე ჩემი ნათესავია. ჩვენ ახლო ურთიერთობა სულაც არა გვაქვს. შეხების წერტილი მხოლოდ სახელმწიფოებრივი საქმეებია. მე არა ვარ მასთან სტუმრობით ან სატელეფონო საუბრებით განებივრებული. მაგ შეკითხვას მე ნუ დამისვამთ. მგონი, ბატონი ედუარდის ნათესავი მამალაძე უფროა, ვიდრე ტყეშელაშვილი. საბოლოო ჯამში, რუსთავში აქცია შეწყდა, ვისაც ეს ექსცესები ჰქონდა დაგეგმილი, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. - ბატონო მერაბ, გჯერათ, რომ პრეზიდენტი მამალაძეს პასუხს აგებინებს? ახლობელი ადამიანების გაწირვა შევარდნაძეს ძალიან უჭირს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ყოველთვის "უკანკალებს ხელი". - ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვინ რა პასუხისმგებლობას გაიზიარებს. მათ ევალებოდათ, ნორმალურად უზრუნველეყოთ არჩევნები თავიანთ დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და მოსახლეობისთვის მიეცათ საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოეყენებინათ და საკრებულოს წევრები თუ ქალაქის მერი საკუთარი ნების მიხედვით აერჩიათ. ეს პასუხისმგებლობა კანდიდატებზე ვერ გადანაწილდება. პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს იმან, ვისაც წესრიგის დაცვა ევალებოდა და, მე მგონი, სწორედ ამ ადამიანებმა განახორციელეს კიდეც ყველაფერი.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |