|
"საქართველო "
ტვინის კონტროლი. საით წავა იგი? (მეცნიერება მორალურ პრობლემებს აჩენს)
ეს ეხება არა მხოლოდ კლონირებას ან გენეტურ ინჟინერიას, არამედ სხვა, ერთის შეხედვით უფრო მარტივ დარგებსაც, მათ შორის - ნეირომეცნიერებას, ანუ ტვინზე ზემოქმედებით ადამიანის გონებრივი და ემოციური ცხოვრების რეგულირების ტექნოლოგიებს. კლასიკური ექსპერიმენტია: დეპრესიაში მყოფ ქალებს მიუერთეს ყოვლად უწყინარი ელექტროდები და ტვინში გამოუწვიეს აგზნება, რომელიც სასიამოვნო გრძნობებს იწვევს. ქალები დეპრესიისგან განიკურნენ (დროებით), მაგრამ... ექსპერიმენტატორები შეუყვარდათ. ასეთი ექსპერიმენტი უკვე მრავალი ათეული წელია აღარ განმეორებულა (ოფიციალურად მაინც). ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანის გონებასა და გრძნობაზე გარედან ზემოქმედება შეუთავსებელია მის ადამიანურ ღირსებასთან. მაგრამ ცხოველების ამგვარი "მართვის" მეთოდებზე (მათ შორის - შორიდან მართვის მეთოდებზე) მუშაობა გრძელდება. ამიტომაც ჟურნალი "ტჰე ეცონომისტ" ნაღვლიან კითხვას სვამს: რა გარანტიაა, რომ ვირთხებზე დამუშავებულ ტექნოლოგიებს ხვალ ადამიანებზე არ გამოიყენებენ? ამავე ჟურნალის ცნობით, როცა მოსახლეობაში გამოკითხვას ჩაატარებთ, მეცნიერების რომელი დარგისაგანაა მოსალოდნელი ყველაზე დიდი ხიფათი ადამიანის ბუნებისათვის, უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ ყველაზე უფრო საშიშია ექსპერიმენტები გენეტიკის დარგში. ნეიროტექნოლოგიას ძალიან ცოტანი თუ დაგისახელებენ. ეს შეცდომაა. სინამდვილეში ეს დარგი გენეტიკაზე უფრო სახიფათოა. ჯერ ერთი, ადამიანთა ფანტაზია ძალიან აზვიადებს იმ ზიანს, რომელიც უპასუხისმგებლო გენეტიკოსმა შეიძლება მიაყენოს ღვთის მიერ გაჩენილი კაცობრიობის ბუნებას. მეორეც, ისინი ვერ ითვალისწინებენ, რომ გულ-გონების მანიპულირების ხიფათი უფრო უშუალოა: მისი განვითარება უფრო სწრაფი ტემპით ხდება. ასე, მაგალითად, არა უგვიანეს ათი წლისა მეცნიერები, ალბათ, არა მხოლოდ მიხვდებიან ადამიანის ტვინის სკანირებით, იგი სულიერი ავადმყოფობისკენ უფრო მიდრეკილია თუ ჯანმრთელობისკენ, დეპრესიისკენ თუ ძალადობისკენ, არამედ იმასაც შეძლებენ (ნერვული იმპლანტაციით), რომ გაზარდონ პაციენტის გონიერების ხარისხი ან დაუჩქარონ რეფლექსები. ფარმაკოლოგია ეძებს ისეთ მოლეკულებს, რომლითაც ზემოქმედება შეეძლება ტვინთან დაკავშირებულ დაავადებებზე, დამბლით დაწყებული და ზედმეტი მორცხვობით დამთავრებული. ორივე დარგი - გენეტიკაც და ნეირომეცნიერებაც - მჭიდროდაა გადაჯაჭვული, ერთის მხრივ, მორალურ და, მეორეს მხრივ, იურიდიულ პრობლემებთან. ამიტომ საქმის ამ მხარეზე მუშაობა ფინანსდება ევროპისა და აშშ-ის არაერთი სამეცნიერო ცენტრის მიერ. რა იქნება, მაგალითად, თუ ადამიანთა თანდაყოლილი თვისებების გაუმჯობესება მოვინდომეთ და ადამიანთა წინასწარშეკვეთილი, გაუმჯობესებული ჯიშების გამოყვანა დავიწყეთ? აუარებელ კონკრეტულ საშიშროებასთან ერთად (მაგალითად, ვიღაცამ მოინდომა მოთხოვნილებაშემცირებული და ურთიერთმიმსგავსებული ადამიანების ახალი სახეობის - მომავალი "მანების" გამოყვანა, ვიღაცამ ახალ ჯიშს ინფექციისადმი მდგრადობა გაუზარდა, მაგრამ ამისთვის ინდივიდების ნიველირება, მათი ურთიერთგანმასხვავებელი ხასიათობრივი თვისებების წაშლა დასჭირდა), გენეტიკის წინსვლის პერსპექტივა სვამს ზოგად კითხვასაც: ვინ იყოს იმის ამრჩევი (გადამწყვეტი), რა "შეკვეთა" მიეცეს გენეტიკოსს (ანუ როგორი "ჯიში" ადამიანებისა გამოვაყვანინოთ მას) ან ვის აქვს (და საიდან აქვს) იმის უფლება, რომ ღვთისა და ბუნების საქმეში ჩაერიოს (თავისი "მოკლე ჭკუით)? რა პასუხს ვაძლევთ ჩვენი "შეკვეთით" შექმნილ, დღეს უკვე ზრდადამთავრებულ ახალგაზრდას, რომელსაც, ეგებ, ერჩივნა, ჯანი ნაკლები ჰქონოდა, ხოლო პოეტური ნიჭი - მეტი? რაც შეეხება გრძნობა-გონების მანიპულირებას, აქ დღეს კითხვების ორი სახეობა დგას. პირველი: რაკი მეცნიერებამ უკვე გამოიკვლია (და თანდათანობით უფრო და უფრო დეტალურად იკვლევს), როგორაა განაწილებული ფუნქციები თავის ტვინში და როგორ შეიძლება მათზე ზემოქმედება, გვაქვს თუ არა უფლება, ეს ცოდნა იმისთვის გამოვიყენოთ, რომ ადამიანს იმთავითვე, - თუნდა სოციალურად მიუღებელი საქციელის ჩადენამდე, თუნდ ბავშვობაშივე - ფარმაკოლოგიური საშუალებებით ან სხვა რამ წესით დავუთრგუნოთ ის მავნე ტენდენცია, რომელიც შევატყეთ, და სოციალურად უფრო მისაღებ გზაზე წავიყვანოთ? ამ კითხვის პასუხი საზოგადოების თვალშიც და კანონის თვალშიც, უთუოდ, უარყოფითი უფრო იქნება, ვიდრე დადებითი. მეორე: დაუშვას თუ არ დაუშვას კანონმა ტვინზე ზემოქმედების ისეთ საშუალებათა გავრცელება, რომლებიც ადამიანს "გონებაზე მოიყვანენ", შიშებს მოუხსნიან, დაამშვიდებენ, ენერგიას მისცემენ, გააძლიერებენ, სითამამეს მოუმატებენ და ა. შ.? დადებითი პასუხის მომხრენი იმას დაიმოწმებენ, რომ ამგვარი "ფარმაკოლოგიური საშუალებები" კაცობრიობის ცხოვრებას იმთავითვე მოსდევს, თუნდაც ალკოჰოლის სახით. უარყოფითი პასუხის მომხრენი კი იმ საკმაოდ მძიმე გარემოებას დაიმოწმებენ (მრავალ სხვათა გარდა), რომ ამერიკაში 6-11 წლის ასაკის ბავშვთა 7% იღებს წამლებს "ჰიპერაქტიურობის" (ზედმეტი აქტიურობის) წინააღმდეგ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ადამიანთა დიდი მასა დღეს განწყობილია, რომ მიესალმოს ყველაფერს და მოითხოვოს ყველაფერი, "რაც კი მათ და მათს შვილებს უფრო ჯანმრთელსა და ბედნიერს გახდის": იურიდიული სიძნელეები და, მით უმეტეს, ფილოსოფიური სიძნელეები - სად იწყება და სად თავდება ადამიანის ძირითადი ადამიანური თვისება, სახელდობრ, ის, რომ მას ნების თავისუფლება აქვს? - მას ნაკლებად აწუხებს, ვიდრე უშუალო სადღეისო ამოცანა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |