"საქართველო "
# 7 (1778)
2 ივლისი, 2002 წელი

რას აძლევს რუსეთს "საბაზრო ეკონომიკის" ქვეყნის სტატუსი

ამ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის თავმჯდომარემ რომანო პროდიმ (იტალია) განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებულია "საბაზრო ეკონომიად". ეს ნაბიჯი, რომელსაც რუსები 18 თვის მანძილზე ითხოვდნენ და იხვეწებოდნენ, მან გადადგა ერთი თვით ადრე მანამდე, სანამ ამასვე იზამდნენ ამერიკელები, და ამით "გადაუსწრო" ამ უკანასკნელებს. ევროკომისიის გადაწყვეტილება, თავისი შედეგებითურთ, ძალაში შევა სექტემბრიდან. მაგრამ რაა მასში სიმბოლური, ანუ მარტოოდენ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, და რაა რეალური, ანუ ეკონომიკურად სარგებლობის მომტანი რუსეთისათვის?

გაზეთ "ფინანციალ ტიმეს"-ის აზრით, ამ კითხვას ასეთი პასუხი უნდა გაეცეს:

იმ წესებთან შედარებით, რომლებითაც დღესდღეობით რეგულირდება აშშ-სა და ევროსაბჭოს ქვეყნების კომპანიათა მიერ თავისი რუსი მეტოქეებისათვის პრეტენზიების წაყენება ამ უკანასკნელთა მხრიდან დემპინგის გამოყენების (ანუ საქონლის დაბალ ფასებში გაყიდვის) გამო, რუსებისთვის ახალი წესები უკეთესია. სექტემბრიდან ამგვარ დავათა შემთხვევაში უფრო იქნება გათვალისწინებული რუსეთის მხარის რიცხობრივი მონაცემები რეალური ვითარების შესახებ. თუმცა პუტინს გაცხადებული აქვს ცოტა ხნის წინ, რომ ამგვარი შემოდავებებით რუსეთი 1,5 მილიარდ დოლარს ზარალობს, გაზეთის ანგარიშით, ეს რიცხვი ძალიან გაზვიადებულია. საქმე ის გახლავთ, რომ ამგვარი დავები შეუდარებლად უფრო იშვიათია, ვიდრე ასეთი დიდი თანხის შექმნას დასჭირდებოდა.

მიუხედავად ამისა - ანუ მიუხედავად რუსეთისათვის ამ სიახლის ეკონომიკური შედეგის სიმცირისა - გაზეთი მაინც ფიქრობს, რომ ეს რუსეთისთვის დიდი მოვლენაა პოლიტიკურად. ერთი, რომ "არასაბაზრო" ეკონომიად დარჩენა რუსეთისთვის დამამცირებელია, მით უმეტეს, რომ არა მხოლოდ ბალტიისპირელებს, არამედ ყაზახეთსაც კი ზემოხსენებული სანატრელი სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ. მეორეც, რუსეთის ეს გაბედნიერება აღმოჩნდა ერთადერთი მეგობრული ჟესტი მის მიმართ, რომლის გაკეთებაც შეძლო ევროკავშირის ამასწინანდელმა "სამიტმა" (შეკრებამ უმაღლეს დონეზე), სადაც ჩიხური ვითარება შეიქმნა კალინინგრადის რუსული ანკლავის მომავლის განხილვასთან დაკავშირებით. მესამეც, დასავლეთისთვის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას ის მნიშვნელობაც ჰქონდა და აქვს, რომ იგი "ნდობის" ჟესტია მისი მხრიდან ისეთ დროს, როცა ვაშინგტონი ყველანაირად ცდილობს, თავის გარიგებებს რუსეთთან ბირთვული არსენალების შემცირების შესახებ მისცეს "ჯენტლმენური შეთანხმებისა" და ხელის ჩამორთმევის სახე, და არა დოკუმენტურად გაფორმებული ხელშეკრულებების სახე. "ნდობა" ამ შემთხვევაში იმაში გამოიხატება, რომ რუსეთს "საბაზრო ეკონომიად" აღიარებენ მანამდე, სანამ იგი გაათანაბრებდეს ენერგიის საგარეო და საშინაო ფასებს, რომელთა სხვადასხვაობაც (შიდა ბაზარზე ფასები უფრო დაბალია), ფაქტობრივად, ნიშნავს რუსი მეწარმეების (ანუ დასავლეთის კონკურენტების) სუბსიდირებას 5 მილიარდი დოლარით წელიწადში.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com