|
"საქართველო "
რით აინტერესებს ამერიკას რუსეთი?
ამ თითქოსდა უცნაური ქვესათაურით აანალიზებს "ტჰე ეცონომისტ"-ის ერთ-ერთი ავტორი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობათა რამდენსამე ძირითად ხაზს, რომლებიც არ იცვლება ან ძალიან ნელა იცვლება დროისდა კვალად. "ცივი ომი" რომ დამთავრდა, რუსეთი ამერიკისთვის მხოლოდ ერთი რამით იყო საინტერესო - იმით, რომ ბირთვული არსენალი ჰქონდა. არსენალები შეიკვეცა და რუსეთის მნიშვნელობაც, ბუნებრივია, უნდა შეკვეცილიყო, მით უმეტეს, რომ ეს უზარმაზარი ქვეყანა სიმდიდრით, დაახლოებით, პორტუგალიის ტოლია. თუმცა რუსეთის რეგიონული ინტერესები გადაჭიმულია ბალტიიდან ბერინგის სრუტემდე და სამხრეთი ზღვებიდან ყინულოვან ოკეანემდე, იგი, ლოგიკურად, მაინც მეორე და მესამე რანგის ქვეყანად უნდა ქცეულიყო და ეს პერსპექტივა, ბირთვული იარაღის ფაქტორი რომ არა, მართლაც მთელი სისრულით განხორციელდებოდა. ვინ უნდა დაიკავოს რუსეთის ტრადიციული ადგილი, როგორც #1 მეტოქისა? აღმავალმა ჩინეთმა ან მდიდარმა ევროპამ. ჩინეთი რომ აქეთ მიდის, ეს ყველამ იცოდა და ახლაც იცის. რაც შეეხება ევროპას, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს, რაც ამერიკას, და, ჯამურად. არანაკლები პოტენციალი გააჩნია, მისი ამგვარი პერსპექტივაც არანაკლებ "შთამბეჭდავი" (და შემაშფოთებელი) იყო ბუში-მამის გუნდისათვის, ვიდრე ჩინეთისა. მართლაც, თუ ეკონომიკურად ერთიან ევროპას ერთიანი პოლიტიკა ექნება, გერმანიის მეთაურობით, მაშინ მას რეალურად შეუძლია მიაღწიოს ამერიკელთა მსოფლიო მეტოქე-პარტნერის სტატუსს. დღეს, ძე-ბუშს რუსეთი სხვა რამეებითაც აინტერესებს, გარდა ბირთვული ფაქტორისა. ევროპელები, გარდა ბლეირისა, რომელსაც ბუში ლამის საპატიო ამერიკელად თვლის, რუსეთთან მიმართებაში დიდ როლს არ თამაშობენ. რუსულ-ამერიკული ურთიერთობები კარგია, ამერიკულ-ევროპული (რბილად რომ ვთქვათ) - გრილი. (ამ თემაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. რედ.). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ, როგორც ზოგნი ფიქრობენ, "რუსებს დღეს უფრო უყვართ ამერიკა, ვიდრე ევროპელებს"? არა, არ ნიშნავს. და ამ კითხვის სრული პასუხისთვის უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდათ ამერიკელებს რუსეთისაგან. პირველი. მათ უნდათ ბირთვული უსაფრთხოება. უფრო კონკრეტულად: მათ უნდათ, რუსეთმა თავისი ბირთვული მასალები არ მისცეს ტერორისტებს და ტერორისტ ქვეყნებს. ევროპელები ამას არ იზამენ, რუსეთს კი მიფერება უნდა, თუ გინდათ, რომ ეს არ ქნას (ცხადია, ფაქტორია ისიც, რომ რუსეთმა იცის, რა მოელის თუ ამას იზამს). მეორე. ამერიკას უნდა - არც მეტი, არც ნაკლები, - რუსეთის ნავთობი, რათა დამოკიდებული არ იყოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე (დავძენთ: და რათა შეინახოს ამ რეგიონის ნავთობი იმ დროს, როცა რუსეთის მარაგის კლება მოხდება. რედ.). მესამე. მას უნდა რუსეთის თანადგომა ალ-ყაიდას წინააღმდეგ (დავძენთ: თანადგომა ანუ წინააღმდეგობის არგაწევა და ვერგაწევა ამერიკელების შუააზიური ოპერაციის პროცესში. რედ.). ამგვარად, რუსეთის ესოდენი დაფასება აშშ-ის მიერ დიდი ვერაფერი კომპლიმენტია პუტინისთვის. "იგი ასახავს, ამასთანავე, რუსეთის სისუსტეებს და ამერიკელების ერთგვარ ფრუსტრაციას (იმედგაცრუებას), (უფრო ზუსტად - ანგარიშგაუწევლობას. რედ.) ევროპელთა მიმართ". ეს მცირედი ოპორტუნიზმი ბუშისა რუსეთთან ურთიერთობაში დასაშვებია. მაგრამ უფრო ხანგრძლივი კავშირები ემყარება მხოლოდ ნდობას... ამას კი ეს არადჩაგდებული ევროპელები ბრძანების გარეშეც აკეთებენ, მით უმეტეს - ხელშეკრულების გარეშეც.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |