|
"საქართველო "
"ევროპა გულგრილია ბუშისადმი, მაგრამ რაში ედარდება ეს ბუშს?"
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს "მასმედია", ანუ ინფორმაციის, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის დამალვის მთელი აწყობილი სისტემა ერთსულოვნად დუმს თემაზე, რომელიც დასავლეთისთვის დღეს ერთ-ერთი მთავარია და მკითხველ-მაყურებლისათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო - ამერიკა-ევროპის ურთიერთობაზე. მკითხველი ნუ გვიწყენს, თუ მას, მცირე შემოკლებით, მივაწოდებთ, წმინდა ინფორმაციული მიზნით, მასალას ამ თემაზე თHE EჩONOMIშთ-იდან, რომელიც (შევახსენებთ მკითხველს) მსოფლიოში გამორჩეულია თავისი აკადემიური დონითაც და ობიექტურობითაც. დემონსტრაციები ლოზუნგებით "ბუშო, წადი სახლში" და "არ გვინდა ომის გამჩაღებლები", რომელიც აშშ პრეზიდენტს დაჰხვდა თავის პირველი ვიზიტისას ევროპის ქვეყნებში მას შემდეგ, რაც "ტერორიზმთან ომი" დაიწყო, ამ ქვეყნებისთვის არც ახალი იყო და არც მოულოდნელი. სხვა დროსაც აშშ პრეზიდენტებს არაერთხელ დაჰხვედრიან ამავე განწყობით. ამჯერად ახალი ის იყო, რომ ამ ლოზუნგებში მხოლოდ ქუჩის აქტივისტების განწყობილება კი არ აისახა, არამედ მთავრობებისა და ამომრჩევლებისაც. ევროპელ პოლიტიკოსებს არ მოსწონთ, რომ გასულ იანვარში ბუშმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში საზოგადოებას შესთავაზა "ბოროტების ღერძის" ცნება, რომელშიც გააერთიანა ირანი, ერაყი და ჩრდ. კორეა. მათ მიაჩნიათ, რომ იგი მეტისმეტად ცოტას მუშაობს პალესტინაში მშვიდობის დამყარებისათვის და მეტისმეტად ბევრს - სადამ ჰუსეინის გადაგდებისათვის. ოკეანის გაღმელ-გამოღმელებში ისეთი მჟავე განწყობილება დამყარდა ერთმანეთის მიმართ, რომ ტონი ბლეირმა საჭიროდ ჩათვალა, წუხილი გამოეთქვა ევროპელებს "ამერიკელების უპირატესობა ჰშურთო". თავის ერთ-ერთ ამოცანად მან დაასახელა ის, რომ "უმეოროს და უმეოროს ხალხს: ნუ გახლეჩთ ამერიკასა და ევროპას, რადგან ეს მხოლოდ ბოროტთათვის იქნება სასიამოვნოო". ევროპელებს, ჩვეულებრივ, ამერიკელ დემოკრატებთან უფრო უადვილდებათ ურთიერთობა, ვიდრე რესპუბლიკელებთან. კლინტონი მათ უფრო მოსწონდათ, ვიდრე ბუში. მის უბრალო მანერებში ისინი გონების სიმარტივეს ხედავენ. არ მოსწონთ არც ის, რომ ბუში თავისი გზით მიდის (მათ უკითხავად), და არც ის, საით მიდის იგი. მან უარი თქვა კიოტოს ხელშეკრულებაზე მსოფლიო დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე, მან გადახაზა ხელშეკრულება ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვის თაობაზე, უარი თქვა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოზე და მიიღო პროტექციონისტული ზომები ამერიკელ ფოლადის მწარმოებელთა სასარგებლოდ თავისი საარჩევნო კამპანიისათვის დაფინანსების მიღებისა და ხმების მოზიდვის მიზნით. ასეთი ნაბიჯები გამომწვევად გამოიყურება ასეთ დროს, როცა ევროპელებს საკუთარი საზრუნავი აქვთ, რომ მსოფლიოში თავისი ადგილი დაიმკვიდრონ. აბა რა აზრი ჰქონდაო ჩვენს ხლებას ამერიკაში 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ და ნატოს წესდების მე-5 მუხლის შეხსენებას (ამ მუხლით ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ითვლება მის ყველა წევრზე თავდასხმად, რაც მათ ყველას ომის მონაწილედ ხდის), თუკი ამერიკელებმა ავღანეთში ომს, ფაქტობრივად, თითქმის მარტონი, უჩვენოდ აპირებდნენ? ევროპელებისთვის ვერაფერი ნუგეშია ის, რომ ამ კითხვის პასუხი თვითონვე იციან. ბოლო დროის ომთა სერიამ მკაფიოდ გვიჩვენა, რა დიდი სხვაობაა ამერიკისა და ევროპული სახელმწიფოების ძალას შორის. ფრანგი პრემიერ-მინისტრისა არ იყოს, აშშ დღეს უკვე "ჰიპერძალაა" (და არა სუპერძალა). იგი ზრდილობიანად ისმენს თავისი ძველი ევროპელი მოკავშირეების აზრს, მაგრამ მისი ყურადღების ცენტრშია ახალი საშიშროებები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლასაც იგი ამჯერად მარტო ფიქრობს. მოსალოდნელია, რომ ამერიკელები მოისმენენ ევროპელთა ეჭვებს იმის თაობაზე, თუ რამდენად სწორია სადამ ჰუსეინის გადაგდება, მაგრამ ყურადღებას არ მიაქცევენ ამ ეჭვებს. ამიტომაც ევროპელებს დღეს ცოტა მეტი შური აქვთ ამერიკისა, ვიდრე აქამდე ჰქონიათ. მაგრამ მათი გაღიზიანების შინაარსი ყველა ქვეყანაში ერთგვარი როდია. საფრანგეთში - რომელიც ამ გაღიზიანების სულიერი სამშობლოა, - ამერიკას ხედავენ როგორც მეტოქეს უნივერსალური იდეალების ქადაგებაში და ამ მხრივ ამერიკული გავლენის შეზღუდვას ესწრაფიან (გავიხსენოთ, რომ საფრანგეთი ტრადიციულად თვლის თავს მსოფლიოში თავისუფლების მედროშედ. ამიტომაც ჰიმნად აქვს რევოლუციური სიმღერა "მარსელიეზა". რედ). ამ ერთი თვის წინ "ლე მონდე"-მა აღნიშნა, რომ ევროპელები ამერიკელებს უყურებენ როგორც "კადნიერებს, ჩხუბისთავებსა და კრიტიკისადმი ყრუს" პოლიტიკის სფეროში, და დაგმო "ამერიკული მესიანიზმის" ახალი პერიოდი, რომელიც მისი სიყვით იწყება. ბრიტანეთში ანტიამერიკანიზმი უფრო რბილია, თუმცა ბლეირის განცხადება, "შემაკავებელ გავლენას ვახდენ ბუშზეო", ბევრნი ბლეირის ზედმეტი თავდაჯერების გამოხატულებად თვლიან. გერმანიის კანცლერმა შროდერმა ტერაქტის შემდეგ ამერიკელებს "შეუზღუდველი სოლიდარობა" გამოუცხადა. მიუხედავად ამისა, გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ ხუთ გერმანელში ერთი თუ უყურებს ბუშს მომგებიან შუქში. გერმანელთა განწყობილებას უკეთ გამოხატავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფიშერის სიტყვები, რომელიც მან თქვა ბუშის მიერ "ბოროტების ღერძის" ხსენების შემდეგ: "რაც უნდ დიდი იყოს ჩვენი ზომებისა და წონების სხვაობა, თავისუფალ დემოკრატიათა პარტნერობა მათს კავშირში არ უნდა დაიყვანებოდეს მორჩილებაზე. კავშირის პარტნერები არ არიან სატელიტები". ამ სამი დიდი ევროპული სახელმწიფოს გარეთ, ევროპის დანარჩენ ქვეყნებში განწყობილების ნიუანსები კიდევ ეფრო მეტია. იტალიისა და ესპანეთის მთავრობები ცალსახად დაუთბნენ ბუშს 11.IX-ის ტერაქტის შემდეგ. იტალიის პრემიერი ბერლუსკონი სიამოვნებით ემიჯნება ამ მხრივ თავის უფრო გაღიზიანებად ევროპელ კოლეგებს. გავრცელებული აზრი იტალიაში, უფრო, მცურავია: რიგითი იტალიელი სიამოვნებით მოიხმარს ამერიკულ კულტურას, მაგრამ ნარევი დამოკიდებულება აქვს მისი ძალისადმი. ძველი მემარცხენეები კვლავ მყარად ანტიამერიკული განწყობით არიან, ცენტრისტი მემარცხენეები და კათოლიკე ტრადიციონალისტების დიდი ნაწილი მხარს უჭერდნენ ამერიკელთა მიერ კოსოვოს დაბომბვას, მაგრამ ნაკლებ უჭერენ ახლა მხარს ომს ტერორიზმის წინააღმდეგ. ყველას გასაკვირად, ერთმა გამოკითხვამ უჩვენა, რომ იტალიელთა ერთი მესამედი 11 სექტემბრის აქტისთვის "ერთგვარ გამართლებასაც" ხედავს. ესპანეთის კონსერვატორ პრემიერ-მინისტრს აზნარს თვით აქვს გამოცდილი თავდასხმა ბასკი ტერორისტების მხრიდან და ამიტომ უკან მოუხედავად მხარს უჭერს ბუშისეულ ომს. მაგრამ მან ისიც იცის, რომ ანტიამერიკული გრძნობები ესპანეთშიც არსებობს - ნაწილობრივ, სამხრეთ აფრიკის მიმართ ამერიკელთა "იპერიალისტური" პოზიციის გამო. უფრო მცირე ქვეყნებში განწყობა ნაირნაირია. დანიის მომარჯვენო პრემიერ-მინისტრმა, აშშ-დან დაბრუნებულმა, განაცხადა "ჩვენი ურთიერთობა უკეთესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა II მსოფლიო ომის შემდეგო". "ფოლადის იმპორტზე დამატებითი ტარიფის შესახებ რაღას იტყვითო?" "დანია ფოლადს არ აწარმოებს" - უპასუხა პრემიერმა. შვედეთის მომარცხენო მთავრობა, პირიქით, ენთუზიაზმით ემხრობა ომს ტერიროზმის წინააღმდეგ. ნორვეგიის მომარჯვენო მთავრობა კრიტიკულად უყურებს ალ-ყაიდელი ტყვეებისადმი მოპყრობას და ბუშის მოქმედებას პალესტინის მიმართ. ბერძნების უარყოფითი განწყობა ამერიკისადმი მოდის ჯერ კიდევ 1967-74 წლებიდან, როცა აშშ მხარს უჭერდა "შავი პოლკოვნიკების" რეჟიმს, და იგი განახლდა კოსოვოს ბომბვისას, რომლის წინააღმდეგი იყო ბერძნების 90%. 11.IX-ის შემდეგ ბერძენთა 30%-მა განაცხადა, რომ ტერაქტს "რაღაცა გამართლება" ჰქონდა. ყველაზე ნაკლებ კრიტიკულნი, ალბათ, "ბოროტების იმპერიის" ყოფილი მაცხოვრებელნი არიან (ესეც იმგვარი გამოთქმა გახლავთ, რომელმაც თავის დროზე დიდი მხიარულება გამოიწვია ევროპელებში, გარდა იმ უბედური ადამიანებისა, ვინც იმ იმპერიას ფეხქვეშ ჰყავდა). პოლონეთში, რომელიც დღეს ნატოს წევრობით ამაყობს, ამერიკის კრიტიკა ხმებს ვერ მოგიტანთ. პოლონელთა 70% აშშ-ს თავის "სასიცოცხლო მოკავშირედ" თვლის. აღმოსავლეთ ევროპაშიც იგივე განწყობილებაა. გარდა ჩეხებისა, რომელთაც პროამერიკული ენთუზიაზმი ცოტა გაუნელდათ.
.....
იმ 10 წელიწადში, რაც კომუნიზმის დაცემისგან გვაშორებს, რიგით რუსებს დიდწილად გაუნელდათ ამერიკის სიყვარული. 1991 წელს რუსების 70% ამბობდა, რომ ამერიკას დადებითად ეკიდება. დღეს ეს თბილი გრძნობები 50%-სღა აქვს. მაშინ 8% იყო ამერიკის მოწინააღმდეგე, დღეს - 45%. დარჩა "ღმერთო, ნაკლები იყოს ამერიკა", "არ გვინდა ამდენი ამერიკა").
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |