|
"საქართველო "
რა იყო მთავარი ბუშისა და პუტინის მოლაპარაკებაში?
თუმცა მასმედიამ ამ ორთა 23-24 მაისის შეხვედრის გაშუქებაში თავისი პროპაგანდისტული ყურადღება ბირთვული იარაღის შესახებ დადებულ არც თუ დიდმნიშვნელოვან შეთანხმებას დაუთმო, მან ამით არ გააუქმა და ვერ დაჩრილა ის მღელვარე კითხვა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკით დაინტერესებულ მკითხველს იმთავითვე ჰქონდა და აქვს: როგორ მოილაპარაკეს - და მოილაპარაკეს თუ არა - ნავთობზე? ხოლო თუ მოილაპარაკეს, რომელ ნავთობზე მოილაპარაკეს? იმაზე, რომელიც ამერიკელებმა, რეალურად, ამჟამად ხელთ აქვთ და რომლის გამოტარებასაც კავკასიაზე აპირებენ? თუ, უფრო, იმაზე, რომელიც ჯერ, დიდი პოლიტიკის კონტექსტში, ხეირიანად არც კი ხსენებულა, მაგრამ ახლა კი, თუ "გამოჟონილ" ინფორმაციას დავუჯერებთ, უკვე ყურადღების ფოკუსში ექცევა? რუსეთის ყოფილი სამფლობელოებისთვის განკუთვნილი პროპაგანდა გულმოდგინედ "უცურებს" ყოფილ კოლონიელ დამკვირვებელს იმ აზრს, რომ საქმე ამ ორთაგან პირველს ეხება და რომ ამ მოლაპარაკებაში რუსეთმა გაიმარჯვა. სახელდობრ, იმას მიაღწია, რომ კასპიისა და შუა აზიის ნავთი "ნაწილობრივ" (ან: ნახევრად) ამიერკავკასიაზე გაივლის, ნაწილობრივ კი ჩრდილო კავკასიასა და ნოვოროსიისკზეო. ასეა მართლა? არა, ასე არ გახლავთ. როგორია ნამდვილი ვითარება, ამაზე, სხვათა შორის, კარგა პრორუსული EIღ-იც (ეხენტივე ინტელლიგენცე რევიეწ) შემდეგს გვაცნობებს. მხარეთა 24 მაისის შეთანხმება (ტექსტი ციტირებულია) აღნიშნავს ორმხრივი თანამშრომლობის ნაყოფიერებას მომავალი მსოფლიოსთვის და აფიქსირებს მხარეთა განზრახვას, რომ ერთობლივად იშრომონ ენერგეტიკის სექტორში ნავთობის "ძიების, წარმოების, რაფინირების, ტრანსპორტირების და მარკეტინგის" მიმართულებით, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის - მესამე ქვეყნების ტერიტორიაზეც. ლაპარაკია, კონკრეტულად, ყველა პროცესის ტექნოლოგიებში თანამშრომლობაზე, რაც კი ნავთობს ეხება, და სხვა (არანავთობის) ენერგეტიკულ რესურსთა ძებნაზე, შექმნაზე და გამოყენებაზე. ბუნებრივად იმადება კითხვა: რომელი რომელს "აცურებს" ამ ორში? რუსეთის მხრიდან მისი ჩანაფიქრის ერთი შესაძლო ვარიანტი ასეთია: იგი ჩასაფრებულია და ელის, როდის შეექმნებათ ამერიკელებს მძიმე ამოცანები სხვაგან და ამით შესუსტდება მათი შესაძლებლობები რუსეთთან ახლოს მდებარე ამ რეგიონში. მანამდე კი იგი სარგებლობს ამერიკელთა უხვი ტექნოლოგიური და ფინანსური დახმარებით ამ რეგიონში, ვითარდება, მდიდრდება და თავის სანავთობე ინფრასტრუქტურას ქმნის. რუსეთის მეორე, ლიბერალური ვარიანტი სცენარისა ასეთია: რუსეთი დასავლეთს არ უსაფრდება. პირიქით, იდეალურ მეგობრობას ამყარებს მასთან. მისი დახმარებით ზრდის თავის ნავთობის მოპოვებას და რადიკალურად თრგუნავს მსოფლიო ბაზარში "ოპეკს" - "ნავთობის გამტანი ქვეყნების ორგანიზაციას" - თავისი კონკურენციით. ამ სცენარის განვითარების შემდგომ სტადიებზე რუსეთი დასავლეთთან ერთად ქმნის მყარ ორგანიზაციას, - ამჯერად უკვე მკაფიო გლობალისტური მიმართულებისას - და საქმე თანდათან იქითკენ მიდის, რომ მსოფლიოს სანავთობო რესურსები მისი კონტროლის ქვეშ ხვდება. ჩრდილო ქვეყნები, რუსეთის ჩათვლით, განუყოფლად ბატონდებიან სამხრეთისაზე ამ სფეროში. ამ გეგმის რეალობას ერთგვარად უშლის ხელს ციფრები - სახელდობრ, სპარსეთის ყურის ქვეყნებს ნავთობის მსოფლიო მარაგის 60% უჭირავთ, რუსეთს კი მხოლოდ 12%. მაგრამ პრინციპი ამ გეგმისა ნათელია. ამერიკელებს, ბუნებრივია, საკუთარი ინტერესი აქვთ და მისი ყველაზე თვალსაჩინო ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი გაატანონ ირანს და ნავთობი არ გაატარონ არც ირანსა და არც რუსეთზე, რადგან არც ერთი ამ ორთაგანი მათთვის სანდო არ არის. რუსეთის გეგმის მეორე, "ლიბერალური" ვარიანტის ამგვარი იდილიური სურათი ნავთობის მეწარმეებს ეკუთვნის და, ამგვარად, გასაგებია, რატომ არის მასში ყურადღება კონცენტრირებული ეკონომიკურ - და არა სტრატეგიულ - მხარეზე. თუ ამ უკანასკნელ ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, მაშინ ზოგადი სურათი, მის მთლიანობაში, ასე ჩანს: დასავლეთი არა მხოლოდ იყენებს რუსეთის სანავთობო რესურსებს (და არა კასპიისა და შუა აზიისას), არამედ ამ გამოყენების საშუალებით ინახავს (აკონსერვებს), მეტ-ნაკლებად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისას, რომლებთან მისასვლელადაც მას, განჭვრეტად მომავალში, მეტოქე არ ჰყავს. ამით იგი იქმნის ენერგეტიკულ ბაზას თავისი ენერგეტიკის დასაზღვევად მომავალი გლობალური კონფლიქტების შემთხვევაში, რომლებშიც სულ არაა აუცილებელი, რომ ერთმანეთის პირისპირ "ჩრდილოეთი" და "სამხრეთი" იდგნენ. ამაშია, - ასე უნდა გავიგოთ - ამერიკელების "ხეირი" 23-24 მაისის მოლაპარაკებათა შედეგად.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |