|
"საქართველო "
აფხაზეთის საკითხის განხილვას ფეხბურთის ყურება ურჩევნიათ დეპუტატებს
აფხაზეთის საკითხის განხილვა პარლამენტის დღის წესრიგიდან კიდევ ერთხელ ამოვარდა, რამაც დევნილ მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ხელისუფლებისადმი უნდობლად განწყობილებმა საპროტესტო აქციების გამართვით შეახსენეს მმართველ ძალებს დევნილთა პრობლემების არსებობა საქართველოში, მაგრამ ამაოდ... პარლამენტის ცარიელ დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბარიც კი წარმოუდგენელი იყო სრულიად უბრალო მიზეზის გამო - მსოფლიო საფეხბურთო მატჩების ციებ-ცხელებას აყოლილი პარლამენტარებისთვის, აფხაზეთის საკითხი ვერა და ვერ იქცეოდა ნომერ პირველ პრობლემად. ასე თუ ისე, აფხაზეთის საკითხი პარლამენტში კიდევ ერთხელ დაიბლოკა ჩვენთვის ჯერაც "გაურკვეველი" ძალების მიერ. არც გასაკვირია, თუ წინა განხილვების შედეგებს გავითვალისწინებთ, შეუსრულებელი დადგენილების გარდა ხელთ არაფერი შეგვრჩა, რაც უფრო დაბლა სცემს პარლამენტის პრესტიჟს. საქართველოს პრეზიდენტი ჩვეული სიდინჯით იკავებს თავს და აცხადებს, რომ სტატუსის ცალმხრივად, აფხაზური მხარის გარეშე განსაზღვრა მიზანშეუწონელია, რადგან ამან, შესაძლოა, ნეგატიური ასახვა ჰპოვოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაზეო. "პარლამენტის დელეგაცია ჩამობრძანდეს და გვითხრას სიმართლე!" "სანამ არ მივიღებთ კონკრეტულ პასუხს არ დავიშლებით!" "ცხრა წელიწადია, რაც გვატყუებენ, ხალხის მოთმინების ფიალა არ არის უსაზღვრო!" "მოგვხედეთ, გვიპატრონეთ!" "ხელისუფალნო, ან მოუარეთ ქვეყნის პრობლემებს ან გადადაქით!" - ეს ფრაზები დევნილთა ერთ-ერთი აქციიდან შევკრიბეთ, სადაც ხალხის რისხვის დასაშოშმინებლად გამოსული პარლამენტარი კობა დავითაშვილი ამაოდ ცდილობდა აქციის მონაწილეთა დარწმუნებას, საკონსტიტუციო ცვლილებას ორი მესამედი ანუ 157 ხმა სჭირდება, ახლა პარლამენტის დარბაზში მხოლოდ 57 დეპუტატიაო... ამ ეტაპზე დევნილები კატეგორიულად მოითხოვენ აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრასა და აფხაზეთის ტერიტორიიდან ე.წ. რუსი სამშვიდობოების გაყვანას. რეალობა ანუ უშედეგობა, ეს არის უბრალო ხედვა, "უბრალო" ადამიანების მიერ, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ანალიზიც... ეს უკანასკნელი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ლონდერ ცაავას განმარტებით, ასე გამოიყურება: "ყველა საერთაშორისო დონის დოკუმენტში, ეს იქნება გაეროს რეზოლუციები, ეუთოს დოკუმენტები, თუ დსთ-ს გადაწყვეტილებები, ყველგან აღნიშნულია, რომ აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. მეტსაც გეტყვით, გაეროს მიერ შემუშავებულია პროექტი, რომელიც გადაცემულია განსახილველად. მას ჰქვია "დიტერ ბოდენის მიერ დამუშავებული პრინციპები თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა განაწილების თაობაზე". ეს იგივე სტატუსის განსაზღვრაა. ახლა შექმნილია ისეთი პოლიტიკური ფონი, რომელმაც წინ წასწია ეს საკითხი და ისღა დაგვრჩენია, ხელისუფლებაში დროზე დავიწყოთ მსჯელობა სტატუსის შესახებ. დღის წესრიგში შეტანილია საკითხი განსახილველად, მიმდინარეობს მსჯელობა და, იმედია, პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას". აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, თამაზ ნადარეიშვილი კვლავ აფიქსირებს უნდობლობას და ულტიმატუმის სახით დათქმულ ვადას, 1 აგვისტოს გვახსენებს: "შეგნებულად არ შედგა ფორუმი და ეს ნიშნავს, რომ პარლამენტს აფხაზეთის საკითხი არ აღელვებს. ჩვენი პოზიცია ასეთია: აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს აფხაზეთი, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. უკვე ნათელია რაც მოხდება: გაეროს უშიშროების საბჭო 31 ივლისს მორიგ ფარატინა ქაღალდს (რეზოლუციას) მიიღებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხსენებული განცხადების შემდეგ, ვშიშობ, რომ ეს რეზოლუცია ჩვენთვის კიდევ უფრო საზიანო იქნება. რა უნდა ვუთხრა ხალხს? ვშიშობ, რომ მიმდინარე აქციები თანდათან ცუდ რაღაცაში გადაიზრდება, თუმცა 1 აგვისტომდე კიდევ დარჩა დრო და მცირეოდენი იმედი მაქვს, რომ მთლად ისე წყალწაღებულნი არა ვართ, რომ ისევ ისე უდარდელად გავაგრძელოთ ცხოვრება და მშვიდად ვუცქიროთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო დაცემას"...
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |