|
"საქართველო "
იომებენ თუ არა ინდოეთი და პაკისტანი?
("The Economist" ამბობს: ალბათ, იომებენ, თუ პაკისტანის პრეზიდენტმა ვერ ალაგმა მებრძოლები, რომლებიც თავს ესხმიან ინდოეთს). თავდასხმები ხდება ქაშმირზე, რომელიც ინდოეთის ერთ-ერთი ნაწილია. იქ პაკისტანს მძლავრი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობის მუსლიმან ნაწილში. პაკისტანის ელჩი განდევნილია დელიდან. სავაჭრო ფლოტი და სანაპირო დაცვა დაუქვემდებარეს ინდოეთის სამხედრო ფლოტს, სასაზღვრო დაცვა - არმიას. ქაშმირში (რომლის ნაწილი პაკისტანელებს უკავიათ) საარტილერიო სროლაა. ზომიერი ქაშმირელი სეპარატისტი, ვისთანაც ინდოელები მოლაპარაკებას იმედოვნებდნენ, მოკლულია. ორივე მხარეს ბირთვული იარაღი და მისი მიმტანი რაკეტები აქვს (ჩვენმა მკითხველმა იცის უკვე, რომ კონტროლისა და ურთიერთკავშირის შესაძლებლობა ამ ორ ქვეყანას, აშშ-სა და რუსეთისგან განსხვავებით, ძალიან ნაკლები მოეპოვებათ). ინდოეთის მთავრობას, ჟურნალის სიტყვით, "უფრო და უფრო უძნელდება, რომ არაფერი მოიმოქმედოს", თუმცა ბუშის დოქტრინა, რომელიც ამართლებს "სრულძალოვან საპასუხო დარტყმას ტერორისტების წინააღმდეგ", მას ამგვარი დარტყმის გაბედვას უადვილებს. ისევე, როგორც იზრაელელები არაფატს, ინდოელებიც აღარ ელაპარაკებიან პაკისტანის პრეზიდენტს, რადგან თვლიან, რომ მას ან არ შეუძლია, ან არ უნდა მებრძოლების ალაგმვა. მართლაც, პაკისტანმა უკვე იმდენი გაიღო მსხვერპლად ქაშმირის პრობლემის სათავისოდ გადაჭრისათვის, რომ უკან დახევა მისთვის ძალიან ძნელია. თუმცა პრეზიდენტმა მუშარაფმა დააპატიმრა (ხოლო შემდეგ, ძირითადად, გაათავისუფლა) 2000 მებრძოლი და ექსტრემისტთა 5 დაჯგუფება აკრძალა, მისი საბოლოო წარმატების შესაძლებლობა ამ საქმეში ბევრს არავის სჯერა. შესაძლოა, მას იმედი აქვს, რომ ამერიკელები ძალიან მკაცრად არ მოსთხოვენ პირობის შესრულებას, რადგან მისი დახმარება ალ-ყაიდას წინააღმდეგ სჭირდებათ, მაგრამ, თუ ეს მართლაც ასეა, ეს, ჟურნალის სიტყვით, ამერიკელთა დიდი შეცდომა იქნება. სხვათა შორის, მუშარაფს ადრე ნათქვამი აქვს, ინდოელების პოზიციებზე დარტყმა ქაშმირში ლეგიტიმური მოქმედებაა და არა ტერორიზმიო, და თავისი ეს სიტყვები არ გადაუთქვამს. მაგრამ, მეორე მხრივ, ინდოეთსაც ბევრი ცოდვა აქვს ძირითადად ისლამის აღმსარებელი ქაშმირის მიმართ, სადაც, თავისი დამოუკიდებლობის შემდეგ, მრავალ ასიათასიანი არმია ეყენა და უყენია. 1997 წელს მან ქაშმირის თვითგამორკვევის პირობა დადო, მაგრამ არ შეასრულა. ხოლო "ავტონომიურობის ხარისხის მომატება", რაზედაც დღეს ლაპარაკია, ქაშმირელებს არ აკმაყოფილებს. ჟურნალის თქმით, პრინციპი "მიწა - მშვიდობის სანაცვლოდ" უცხოა მსოფლიოს ამ ყველა დიდი დემოკრატიის ლექსიკონისათვის. კითხვას, რა შეიძლება გაკეთდეს, ჟურნალი ასე პასუხობს: ამერიკელებს თუ უნდათ, მშვიდობა დაიცვან, მათ პაკისტანსაც რაღაცა უნდა არგუნონ, მაგალითად, ინდოეთი დაითანხმონ მოლაპარაკების განახლებაზე ქაშმირის სტატუსის შესახებ. ეს ძნელია. ინდოეთი ძალიან ურყევად დგას თავის პოზიციაზე. მას პაკისტანზე უფრო დიდი არმია ჰყავს და ძლიერი ეკონომიკა აქვს. მაგრამ, მეორე მხრივ, მას უნდა, რომ იგი მსოფლიო ძალად აღიარონ, და ამ მხრივ იგი დამოკიდებულია დასავლეთის ნებაზე. ამიტომ "სიამაყე უნდა გადაყლაპოს ორივე მხარემ". რადგან ალტერნატივა ძალიან საშიში გახლავთ. ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კვანძია მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჟურნალი პირდაპირ წერს, რომ ეს ორი ქვეყანა "განიხილება როგორც ყველაზე სახიფათო ბირთვული მეტოქეები". ინდოეთს 95-მდე ბირთვული იარაღი აქვს (შესაძლოა, ბევრად ნაკლებიც), პაკისტანს - 50-მდე (შესაძლოა, ბევრად ნაკლები). ორივე იქადნება, რომ წყალბადის იარაღიც ექნება, და არც ერთს არ გააჩნია ისეთი კომპეტენტური და პასუხისმგებლობის შეგნებით აღჭურვილი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია ბოლომდე შეებრძოლოს ბირთვული კონფლიქტის ხიფათსა და გაუგებრობას მხარეებს შორის. პაკისტანში "ღილაკი" სამხედროების ხელშია, ინდოეთში, პირიქით, პრემიერ-მინისტრის ხელში, რომელსაც შეუძლია სამხედროებს არც კი დაეკითხოს მისი თითის დაჭერაზე. პაკისტანის ჩვეულებრივი არმია ბევრად ნაკლებია ინდოეთისაზე, ამიტომ მას ცდუნება აქვს ბირთვულ იარაღს მიჰმართოს შესაძლო ომის ყოველ სტადიაზე, ინდოეთს კი იმიტომ არ ძალუძს თავის ბირთვულ პროგრამაზე ხელის აღება, რომ იგი ჩინეთის წინააღმდეგაც სჭირდება, და არა მხოლოდ პაკისტანის. ბირთვული ომი ამ ორ ქვეყანას შორის იმას ნიშნავს, რომ ირღვევა მთელი სისტემა ამგვარი ომებისაგან დედამიწის დაცვისა. მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკას ძირი ეთხრება. მეორეს მხრივ კი ინდოეთი უკვე ისეთი ძალაა, რომელსაც დიქტატის ენით ადვილად ვერავინ ელაპარაკება. მასზე ჩინეთის შესაძლო ბირთვულ დარტყმას ის აკავებს, რომ ასეთი დარტყმა ვერ გაანადგურებს, დღევანდელ ეტაპზე, საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას. თუმცა პოლიტიკოსებს ეს თემა იშვიათად თუ ახსენდებათ, ამ ორი ქვეყნის მტრობას მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როცა, დეკოლონიზაციის პროცესში, ინდოეთის შემადგენლობიდან პაკისტანი გამოყვეს რელიგიური ნიშნით. ინდოეთი დარჩა როგორც ინდუისტი მოსახლეობის სახელმწიფო, პაკისტანი - როგორც მუსლიმანურისა. ინდოეთის ერთადერთი შტატი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანია, არის ქაშმირი. სწორედ მასზეა ახლა ბრძოლა. ინდოეთში სულ 120 მილიონი მუსლიმანია, რაც პაკისტანის თითქმის მთელ მოსახლეობას ეტოლება. ინდოეთის მთელმა მოსახლეობამ მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთის ჩამოყალიბებას პირველხარისხოვან მსოფლიო ძალად, როგორც ჩანს, წინ ვეღარაფერი ეღობება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |