"საქართველო "
# 7 (1778)
2 ივლისი, 2002 წელი

ქურდობა ოპერაში: ვიღაცამ სან ფრანცისკოელ ბალერინას 5000 დოლარიანი ფოტოაპარატი მოჰპარა.

ფიქრია გოგოლაძე

ეს სამარცხვინო ფაქტი სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ოპერის მუშაკთა გულმოდგინე მცდელობით არ გახმაურდა პრესაში, თუმცა საქვეყნოდ რომ თავი მოგვეჭრა, ესე აშკარაა.

- რაც მოხდა ცუდია, მაგრამ რა, უარესი არ ხდება? რაღა მაინც და მაინც ეს გაინტერესებთ? ერთი უბრალო ფოტოაპარატი იყო, სულ 300-400 დოლარი ღირდა, აგერ იმხელა კაცი გაიტაცეს, პიტერ შოუ და... - ამგვარი კომენტარით "გვანუგეშა" ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა.

ახლა იმის მტკიცება, ეს სამარცხვინო ინციდენტი ქართველებისთვის თავმოსაჭრელად წინასწარ იყო დაგეგმილიო, ალბათ, სწორი არ იქნება. ხელმრუდ კაცს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ოპერის დირექტორმა რომ დაკარგული ნივთის ღირებულება შეგნებულად დამალა და აშკარად იცრუა, სარწმუნო წყაროებიდან ნამდვილად ვიცით.

- ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, აპარატი დაგვებრუნებინა. პოლიციაც მოვიყვანეთ, მაგრამ ამაოდ. დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი გავარკვიეთ, სანაცვლოდ ჩემს 250 დოლარიან აპარატს ვჩუქნიდი, მაგრამ არ წაიღეს, არც ფული გამომართვეს. ისე, ის ჩინელი ბალერინა ძალიან დაუდევარი და დაბნეული იყო. სად რას ტოვებდა, კაცმა არ იცის. საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა, ორ საათში დავავიწყეთ ფოტოაპარატი, ისეთი მასპინძლობა გავუწიეთ. მე მგონი, თუ მოვიწვევთ, სტუმრობაზე უარს არც სხვა დროს არ გვეტყვიან - აცხადებს ზურაბ ლომიძე.

ის, რომ სადაც არის საერთაშორისო ტერორიზმის ბუდედ აღიარებენ საქართველოს, როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის საკმარისი არ არის და ქვეყნისთვის ბოლომდე სახელის გატეხვას არაფრად დაგიდევთ. ეს ერთი "უმნიშვნელო" გაუხსნელი ინციდენტი კი იმის გარანტი გახლავთ, რომ ქურდი არც მორიგ სასახელო სტუმრებთან დაერიდება ამგვარ "საგმირო" საქმეებს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com