|
"საქართველო "
ოთარ რამიშვილმა არჩევნებში ხმა გიტარას მისცა მარი ჩიტაია
ის არ ჰგავს არავის. ალბათ, ესეც ერთგვარი ხასიათია, იყო დანარჩენთაგან გამორჩეული... აბსოლუტურად თავისუფალი, ასე ვთქვათ, ადამიანი საზღვრებს გარეშე!.. უკომპლექსო, შესაძლოა, ზოგჯერ უხეშიც, მაგრამ ბავშვივით ალალი და გულუბრყვილოც. ის სწორედ ასეთია და არც ძალუძს, იყოს სხვა... აკი თვითონაც თქვა:
"მე არაფერი არ შემცვლის აწი, ახლა ძნელია ჩემი გარდაქმნა, დაბადებიდან არ ვიცი, რა მჭირს, ასეთი ვარ და ახლა რაღა ვქნა?!"
მისგან ხშირად გაიგონებთ, ხმა არ მივარგაო... თუმცა, საკმარისია გიტარაზე ერთი-ორი აკორდის აღება და... ვინუსხებით! ეს ჩვენი ოთარ რამიშვილია.
ფესვები... ოთარ რამიშვილს თავისი შესანიშნავი ლექსებითა და სიმღერებით ვიცნობთ. ამ შემოქმედების ადრესატია ყველა, ვისაც ხიბლავს მისი ღვთით მომადლებული ნიჭი. ეს მისი ქვეყანაა, მგოსანთა მხარედ წოდებული, სადაც სიმღერით ადვილად ვერავის გააოცებ... სიმღერის ნიჭი კი, როგორც თავად გვიამბობს, მამისგან დაჰყვა: - მამა ნიჭიერი მომღერალი გახლდათ. ბავშვობიდანვე მხიბლავდა ის ბრწყინვალედ შესრულებული სიმღერებით. ლირიკულ-დრამატული ტენორი ჰქონდა. სამწუხაროდ, ხელოვნებას არ გაჰყვა და ფართო საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა მისი სიმღერები. მღეროდა შინაურ წრეში. დედაჩემიც თავისი განუმეორებელი ხმით მოუხიბლავს. ახლა არც მამაა ცოცხალი, არც დედა და ეს ჩემი ტკივილია.
"არ დაიჯერო"-თ!.. დღეს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებზე, განსაკუთრებით ხელოვნების წარმომადგენლებზე. ეს "სიბრალულს" უფრო ჰგავს, როცა პოლიტიკური ასპარეზისათვის გენანება მათი "ფუჭად გაცდენილი" დრო, რადგან ამით თითოეული წამი ხელოვნების დიდებულ სამყაროს აკლდება. ასეთი გაპოლიტიკოსებული ხელოვანი კი არსებულ ხელისუფლებას მრავლად ჰყავს. თუკი ბატონ ოთარს მოვუსმენთ, "დღეს ყველა პირადი ამბიციებისთვის იბრძვის. ქართველი ერის ინტერესმა, სამწუხაროდ, სულ სხვა განზომილებაში გადაინაცვლა. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ხელოვნების წარმომადგენლები, ვიფიქრე, კარგია, იქნებ ხელოვნებას რამე ეღირსოს-მეთქი. ყველასათვის გასაგებია, რაც ხდება. ისინი ჯერჯერობით ამ ყველაფერს თავისთვის აკეთებენ. თუ რამე დარჩათ, შესაძლოა, ჩვენც გვეღირსოს რამე, მაგრამ ფინალი საოცრად მაგონებს იშხნელების სიმღერას: "არ დაიჯერო, არ დაიჯერო"...
ნოსტალგია ოთარ რამიშვილის ნოსტალგია ეს ძველი თბილისია: - ვერ ვცნობ თბილისს!.. სხვა ხალხი, სხვა სამყარო, ცხოვრების წესიც კი განსხვავებული. ის, რაც ადრე გვხიბლავდა, დღეს უკვე დავიწყებას მიეცა... ამდენი ხალხი თბილისში თავმოყრილი არასოდეს მინახავს. მთელი დღე რომ შემოურბინო ქალაქს, ორ ნაცნობს ძლივს იპოვი. თუმცა, ეს ხომ ამ გაჭირვებულმა ცხოვრებამ მოიტანა. საშოვარზე გამოსული ადამიანებით აივსო თბილისი, ყველამ მას მოაშურა, დედაქალაქია და იმიტომ... მეგობრობა, სიყვარული, ერთმანეთის გატანა, ერთგულება და პატივისცემაა, რითაც ჩვენს ახალგაზრდობაში თავს ვიწონებდით, ახლა ამ ღირებულებებს ყავლი გაუვიდა. საერთოდ, ცხოვრება შეიცვალა. ადამიანს თავისი მიზნის მისაღწევად შეუძლია, ყველა და ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს. განდიდების წყურვილმა საკუთარი სახე დაუკარგა ხალხს და ამის ყველაზე დიდი დასტურია, რაც ხელისუფლებაში ხდება... ამის ნიმუში არჩევნებშიც ვნახეთ. ისე, ხუმრობით გეტყვით, როცა არჩევნები დამთავრდა და მკითხეს, ხმა ვის მიეციო, გიტარას-მეთქი... ყველაზე ნაღდია და უღალატო.
ოთარ რამიშვილის კურიოზები ერთხელ ერთმა კაცმა დამირეკა, ბატონო ოთარ, თქვენი ძველი ნაცნობი და ახლობელი ვარ, გახსოვთ, 1952 წელს ქუთაისში ხაში რომ გაჭამეთო, ასე შემახსენა "ნაცნობობა" და მთხოვა, რაღაც პრობლემების მოგვარებაში დავხმარებოდი. - როგორ არ მახსოვხარ-მეთქი და "მისამართიც" ჩავაწერინე სევასტოპოლის 14 (იქ ზემო ვერის სასაფლაოა). ბოლოს მაინც იქ მოვალ, დამელოდე-მეთქი.
* * *
ამასწინათ ორი მოხუცი შემხვდა. მომესიყვარულნენ, მომეფერნენ, ძალიან გვიყვარხარო და ბოლოს, მკითხეს, ნიჭიერი კაცი ხარ, ხმა ვის მიეციო. - სადა მაქვს ხმა, ვის უნდა მივცე, ჩემთვის ძლივს ვლაპარაკობ-მეთქი.
* * *
ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენი გაქვთ შემოსავალიო, მთელი "სერიოზულობით" ვუპასუხე: ორი, ერთი ეზოდან, მეორე ქუჩიდან...
* * *
ეს კურიოზი ბატონი ოთარის მეუღლემ, ქალბატონმა გულნაზიმ გვიამბო: "ოთარს ერთი ნაცნობი ექიმი ჰყავდა, მელოტი. უთქვამს, მამიდაჩემი ამზადებს წამლებს, ისეთ მალამოს დაგიმზადებს, მანქანის "კაპოტს" რომ წაუსვა, ხუჭუჭი თმები წამოუვაო. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩუმად შედიოდა სამზარეულოში და რაღაცას ხარშავდა. ყოველ დილით მხვდებოდა კედლები გამურული. ასე მეორდებოდა რამდენიმე დღე. თან გამალებით რეკავდა მამიდასთან, რაღაცას ინიშნავდა (მამიდა მართლა ამზადებდა წამლებს). ერთხელაც, დილაუთენია სტუმარი დამაყენა თავზე. გინდა თუ არა, თავი დაბანეო. რას ვიზამდი, დავბანე და ოთარის "დამზადებული მალამოც" წავუსვით, მაზუთისმაგვარი რაღაც. თავი შევუხვიეთ პოლიეთილენის პარკით. ორ დღეში ერთხელ უნდა გაგვემეორებინა. წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ხდება გაგანია სიცხეში. ერთ დღესაც მირეკავს "პაციენტი", საშინელ დღეში ვარ, თავის კანი გადამძვრაო. ძალიან შევწუხდი, სიმწრის ოფლმა დამასხა, მაგრამ ძალა მოვიკრიფე და დავამშვიდე, იცი რა, ეტყობა ალერგიული ხართ, იქნებ გადადუღებული ზეთი წაისვათ თავზე-მეთქი. მაშინ გადადუღებული ზეთი, ასე ვთქვათ, "მოდაში" იყო. თან ბავშვებისთვის ვიყენებდი. ისიც მორჩილად დამეთანხმა, მეც ამას ვფიქრობდი, მაგრამ უთქვენოდ ვერ გავბედეო. როცა დავამთავრე "პაციენტთან" საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულე, ყველაფერი ცნობილ ანდაზას დაემსგავსა, "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენ თავითაო". ამ დროს ოთარი სახლში არ იყო. ღამის პირველ საათზე მთვრალი დაბრუნდა, ძლივს იდგა ფეხზე. - ის კაცი ცუდ დღეში ჩაგიგდია, პოლიციაში გიჩივლა, უნდა დაგიჭირონ-მეთქი. ხუთ წუთში გამოფხიზლდა. დაურეკა სიძეს, მიშველე, მიჩივიანო. ერთად გაქანდნენ მამიდასთან. თურმე "მალამო" სამმაგი დოზით მოუმზადებია".
კეთილი ადამიანების წყალობით ოთარ რამიშვილის შემოქმედება უთვალავ ლექსსა და სიმღერას ითვლის. მათი უმრავლესობა თავმოყრილია წიგნებში: "ოთარ რამიშვილის ლექსები", "იების რთველში", "ფიქრების ზღვა" და "ბარდი" (აკაკი გაჩეჩილაძის რედაქტორობით). ჩვენი გაზეთის მეშვეობით ბატონი ოთარი დიდ მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ საყვარელი მომღერლის შემოქმედებას გასცნობოდნენ ოთარ რამიშვილის ნიჭის თაყვანისმცემლები... - ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ჩემი წიგნების გამომცემლებს, რომელთა თანადგომითაც შევძელი სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსებისა და სიმღერათა ტექსტების შეკოწიწება. უანგაროდ დამიდგნენ გვერდით ნუგზარ ფოფხაძე, ჯაბა იოსელიანი და დავით სალარიძე. ასევე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ელგუჯა ბუბუტეიშვილს, კონიაკის ქარხნის გენერალურ დირექტორს. არაერთხელ მახსოვს მისგან მხარდაჭერა და გვერდით დგომა. მართალია, სხვებივით ბევრი ფული არა აქვს, მაგრამ მორიელი არასოდეს უზის ჯიბეში. ახლა ვამზადებთ წიგნს "გული უმღერის გულს", მაგრამ სპონსორს ვერ ვპოულობ. ალბათ, ჩემი დასაფლავების თანხით დაბეჭდავენ!..
ხანდახან მიპყრობს ჟინი, ოთარის ლექსებით ვისაუბრო... ოთარ რამიშვილის ოჯახური იდილიის შემხედვარე, ვფიქრობ, ბედმა ნამდვილად გაუღიმა მას, როცა ასეთი მომხიბვლელი და საოცრად კეთილშობილი თანამგზავრი არგუნა. ქალბატონი გულნაზი მომღერალ მეუღლეზე მესაუბრება და სახეზე შთამბეჭდავი ღიმილი დასთამაშებს, ისეთი, მხოლოდ ფერია ბედნიერებისა თუ მოგანიჭებს... საგულდაგულოდ ვინიშნავ მის მიერ ნათქვამ ყოველ ფრაზას და თანდათან ვრწმუნდები: იყოს ოთარ რამიშვილის მეუღლე, მისთვის ეს ბედნიერებასთან ერთად დიდი მოვალეობაცაა. "როგორც მომღერალი, მოზღვავებული ნიჭის მქონეა. ამასთანავე, ბავშვით მიამიტი და გულუბრყვილოა. ალბათ, ასეთ ადამიანებზე თქმულა "დიდი ბავშვიაო". საოცრად თავისუფალია. ვერ მოსთხოვ ისეთ რამეს, რაც ჩარჩოში ჩასმულ მეუღლეს მოეთხოვება. ვერ შებოჭავ, ვერ შეავიწროებ და არც უნდა სცადო. პირიქით, თავის ნებაზე უნდა მიუშვა. როგორიც არის, ისეთი უნდა მიიღო. ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს. მისი არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. რომ სდიო, მთელი წიგნის მასალას შეაგროვებ. გამორჩეულია ოთარის შემოქმედებაც. ველოლიავები მის ლექსებს და ხანდახან მიპყრობს ჟინი, მისი ლექსებით ვისაუბრო. ვცდილობ, ყოველთვის მის გვერდით ვიყო, მაგრამ ამის საშუალება ნაკლებად მაქვს, რადგან მხოლოდ სახლიდან მისი გასვლის დროს თუ ვინიშნავ... გული მწყდება, ძალიან ბევრი იკარგება, რომელიც ჩემამდე ვერ აღწევს. ერთხელ ბავშვთა ანსამბლში მივედი, "პლეხანოვზე" ჩვეულებისამებრ, მშობლები ცალკე ვისხედით. რამინ მიქაბერიძის მეუღლემ ელზამ იქ მყოფთ ჩემი თავი გააცნო, როგორც ოთარ რამიშვილის მეუღლე. უსაზღვრო სიყვარული გამოხატეს. მთხოვეს, ოთარზე მეამბნა. მეც სიამოვნებით დავიწყე და... აღფრთოვანება მომაწვა, ბევრი ვილაპარაკე. საუბრის ექსტაზში შესულს სცენაზე მეგონა თავი. გარშემომყოფნი აღტაცებით მიკრავდნენ ტაშს... ხალხს ოთარი ძალიან უყვარს! - ამ განცდით გალაღებულს მთელი ქვეყანა საკუთარი მეგონა"...
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |