|
"საქართველო "
წელს ღვთაებრივი ცეცხლი ღმერთმა ქართველი კაცის ხელით "გადაარჩინა"
მარადიული საჩუქარი, რომელიც ღმერთმა ქრისტიანებს უძღვნა დასტურად იმისა, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოებაა, პირველივე საუკუნიდან დღემდე გრძელდება. ღვთაებრივი ცეცხლი, რომელსაც უდიდესი მადლი და ძალა გააჩნია და სასწაულთმოქმედი თვისებების მქონეა, საუკუნეების განმავლობაში გადმოდის მაცხოვრის საფლავზე. მას მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი იღებს, რადგან ეს სასწაული საფლავში მხოლოდ მისი შესვლის დროს ხორციელდება დიდ შაბათს. ცეცხლს თხუთმეტი წუთის განმავლობაში არ გააჩნია წვის ძალა. პირიქით, სახეზე, სხეულზე, ჭრილობაზე შეხებით განკურნების უნარიც შესწევს. ეს არ არის მიწიერი, ჩვეულებრივი ცეცხლი, ეს ზეციური ცეცხლია. მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ელვარე, სპეტაკმა ნათებამ პირველად იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დროს გაანათა მაცხოვრის საფლავი. მაცხოვრის საფლავზე მადლიანი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ მოწმობს IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე, ევსევი კესარიელიც. აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (ეს IV საუკუნეში წმ. ელენე დედოფლის ბრძანებით მოხდა), გადმოედინებოდა მადლიანი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე. არის შემონახული ცნობები, რომ სალადინის დროს თვით ხალიფაც კი მისულა დიდ შაბათს აღდგომის ტაძარში სანთლებით ხელში, მადლიანი ცეცხლის მისაღებად. მაჰმადიანები მას ზეციურ ცეცხლს უწოდებენ და სიწმიდედ აღიარებენ. იმ უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე ყოველთვის მართლმადიდებლური აღდგომის დღეს უფალი კვლავ ამცნობს ადამიანებს ამ ცეცხლის გადმოსვლაზე, რომ იგი სულ ჩვენთანაა და რომ ახლა მთავარია, ვიყოთ ჩვენ მასთან. მლოცველები უკვე წინა დღით, წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავთან ახლოს. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ, თითოეულში 33 სანთელია, რაც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წლებს აღნიშნავს. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამის განმავლობაში სიბნელითაა მოცული. ზეიმი იწყება ლიტანიობით. პროცესია იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან გამოდის და წმ. იაკობის ტაძრის საკურთხევლისაკენ მიემართება. აღსავლის კარიდან პატრიარქი გამოდის, მას სასულიერო პირები - სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. პროცესია წმიდა კუვულიასთან ინაცვლებს და სამჯერ შემოუვლის მას გალობით: "აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ...". შემდეგ ჩერდება კუვულიის კარის წინ. აღსანიშნავია, რომ კუვულია ორი ნაწილისაგან შედგება: ანგელოზი ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან. კუვულიის კარი ტრადიციისამებრ დალუქულია ლუქის ან ცვილის ბეჭდით, რითაც სიმბოლურად დაბეჭდილია მაცხოვრის საფლავი. პატრიარქი განიმოსება - მხოლოდ კვართში. იღება კარი და იგი კუვულიაში შედის. აღსანიშნავია ისიც, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული, კუვულიაში შემავალ პატრიარქს ყოველთვის გულმოდგინედ ათვალიერებენ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩხრეკენ, ხომ არაფერი შეაქვს ისეთი, რისგანაც შეიძლება სანთლის ანთება. მასთან ერთად კუვულიაში შესვლის ნება აქვს მონოფიზიტთა მღვდელთმთავარს, მაგრამ იგი დაიშვება მხოლოდ ანგელოზის ეკვდერში. პატრიარქი მუხლის ჩოქით მიეახლება მაცხოვრის საფლავს და... აი, ამ დროს იწყება მღელვარე წუთები. მადლი გადმოედინება დღისით, დაახლოებით დღის პირველ საათზე. ზუსტი დრო არ არის განსაზღვრული. ზოგჯერ ელოდებიან 10 წუთს, ზოგჯერ 5 წუთს, ხან - 20 წუთს. იყო შემთხვევები, როდესაც ელოდნენ 2 საათის განმავლობაში. შეშინებულებს ტირილიც კი დაუწყიათ - მადლიანი ცეცხლის გადმოსვლით ხომ მთელი წელიწადი იკურთხება. და აი, იწყება მადლიანი ცეცხლის ჩამორიგება. წარმოიდგინეთ ცეცხლის ზღვა, მაგრამ ხანძარი არასოდეს მომხდარა. იყო შემთხვევები, ცეცხლი წაეკიდა სამოციქულოს, ანდა ერთი მონაზვნის ანაფორაში ნახვრეტი გამოიწვა. სახლში დაბრუნებულ მონაზონს კი ანაფორა მთელი უნახავს, მას ცეცხლის არანაირი კვალი აღარ ეტყობოდა. ერთხელაც, მეჩვიდმეტე საუკუნეში ამ უსაზღვრო სიხარულის მისაკუთრება დააპირეს მონოფიზიტმა სომხებმა, მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი. შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარები გადარაზეს და არ შეუშვეს პატრიარქი, რომელიც ღვთის ნებით ყოველთვის პირველი იღებდა ამ ცეცხლს. ატირებულა პატრიარქი, ლოცვით დამხობილა დახშული კარის წინ, მონოფიზიტები კი ლოცულობდნენ და ელოდებოდნენ მადლიან ცეცხლს. მაგრამ სწორედ აქ მოხდა კიდევ უფრო დიდი სასწაული. უცებ მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ცეცხლმა თავზე გადაუარა სომეხ პატრიარქს, მარმარილოს სვეტი ორად გაიპო და ამ ნაპრალიდან ცეცხლი გარეთ გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატრიარქის კელაპტარი აინთო. მაშინ კი მიხვდნენ, რომ ღმერთს შეეწინააღმდეგნენ და ამის შემდეგ აღარავის უცდია პირველობა ამ საქმეში. ვეღარავინ ბედავს, შეეცილოს მართლმადიდებლებს მადლიანი ცეცხლის მიღებაში. ამ სასწაულით კიდევ ერთხელ აჩვენა უფალმა თუ სად არის ჭეშმარიტი სარწმუნოება.
გაზ. "საქართველო", 3 მაისი, 2001 წ.
P. S. სამწუხაროდ, წელს მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალზე საუკუნის ავანტიურამ ისევ იჩინა თავი. მონოფიზიტური ეკლესიის წარმომადგენელნი ყველასათვის მოულოდნელად ისევ დაესხნენ თავს ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქს და ღვთაებრივი ცეცხლის მიტაცება დაუპირეს. ღვთის შეწევნით, როგორც გაზეთი "მრევლი" (#2(62) 2002 წ.) წერდა, "მონოფიზიტთა მზაკვრული გეგმები მაცხოვრის საფლავთან მდგომმა ჩვენმა თანამემამულემ, საქართველოს კონსულმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ ჩაშალა". - ცერემონიალის ყოველი დეტალი, თითოეული დომინაციის წარმომადგენლის ადგილი, ქცევის წესი და მაცხოვრის ტაძარში შესვლის დრო "სტატუს ქვოს" მიხედვით მკაცრად არის განსაზღვრული. წესისამებრ, მართლმადიდებელმა პატრიარქმა პირველმა უნდა დატოვოს საფლავი. მას უკან უნდა მოჰყვებოდეს სომეხი ეპისკოპოსი, ხოლო კოპტს და ასირიელს უფლება არ აქვთ, გამოვიდნენ საფლავიდან, ვიდრე მართლმადიდებელი პატრიარქი არ დაშორდება მას გარკვეული მანძილით. ამჯერად სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა გადაწყვიტა, მართლმადიდებელ პატრიარქზე ადრე გამოსულიყო საფლავიდან, თუმცა გამოსვლამდეც მან სცადა, პირველს გადაეწოდებინა ცეცხლი სარკმლიდან. სომხური ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა უხეშ არაქრისტიანულ მოქმედებასაც. საბოლოოდ მართლმადიდებელი პატრიარქი პირველი გამოვიდა საფლავიდან, თუმცა მონოფიზიტური დომინაციის წარმომადგენელთა მხრიდან თავდასხმა აქაც განხორციელდა. იგი ძალზე შეავიწროვეს. საბედნიეროდ, ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიალზე მე მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან ვიდექი. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, როცა ვითარებაში გავერკვიე, ძალის გამოყენებით გავიკვლიე გზა, იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს გვერდით ამოვუდექი და ვცდილობდი, მისთვის მოწოლილი მასა ჩამომეშორებინა. ეს ნაწილობრივ მოვახერხე. პატრიარქს შევხედე. მას ხელში სანთლები აღარ ეჭირა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ამოართვა ხელიდან, ანდა ისედაც ამ ხილულ სასწაულთან პირისპირ პირველად შეხების (იგი პატრიარქად გასული წლის 13 აგვისტოს იქნა არჩეული) შედეგად ემოციურად და ფიზიკურად დაუძლურებულს, ნაწილობრივ დამტვრეული სანთლები ხელიდან გაუვარდა. საუბრის დრო აღარ იყო, ამიტომ მისი უნეტარესობის მარჯვენა ხელში საფლავის კართან მისგანვე ანთებული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან გამოსაგზავნი სანთლები ჩავუდე და ხელი მაღლა ავაწევინე. ასე მივყევი მართლმადიდებლური ტაძრის საკურთხევლამდე - ასე აღწერს იმ გაუგონარი თავხედობის შემთხვევას ბატონი ლაშა ჟვანია ("მადლი" #2, 2002). ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ ღვთაებრივი ცეცხლის "გადარჩენა" და "საუკუნოვანი ავაზაკებისგან" წმიდა ადგილის სიწმიდის და ხელშეუხებლობის დაცვა ღმერთმა სწორედ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანის ხელით ინება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |