"საქართველო "
# 7 (1778)
2 ივლისი, 2002 წელი

მარადმწვანე კარტოზიას ყვითელი ფერი შემოდგომამდე შეეპარა

სკანდალები განათლების მინისტრის შესახებ წლების მანძილზე არ წყდებოდა. ერთს მეორე მოსდევდა, მეორეს-მესამე. დაუთვლიდნენ "ცოდვებს", შეუზანზარებდნენ სავარძელს და - ბოლოს, როგორღაც ყველაფერი კალაპოტში დგებოდა. გამწარებული ალეკო კარტოზიას ყვირილი, - 60 მილიონიანი კრედიტის შეჭმა უნდათო, ხანაც - ჩემს სავარძელს იზომებენო, ბევრს არავის სჯეროდა, მაგრამ... უფრთო ანგელოზის სტატუსს მაინც ადვილად ინარჩუნებდა.

კრიშა და ლობი ვის არა ჰყავს საქართველოში, მაგრამ კარტოზიას მსგავსი? ძალზე ცოტას! განათლების მინისტრი პირველი ლედის ღონიერ კალთას აფარებს თავსო, ბევრმა იცოდა. პრეზიდენტის მეუღლეზე საუბარი ტაბუდადებული თემა გახლდათ და ამიტომ ამის გახმოვანებას დიდხანს ვერ ბედავდნენ.

...ბოლოს, როგორღაც 60 მილიონიანი კრედიტის ერთი ნაწილის გამოქვეყნება აიძულეს განათლების მინისტრს. მორიგი სკანდალიც ზვავივით აგორდა. ეროვნული სულისკვეთება და პატრიოტული აღტყინება თვალშისაცემად არასოდეს აწუხებდა ბატონ ალეკოს, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო: ფული თუ გვინდა, სკოლებში პროგრამების შეცვლაა საჭირო მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებითო. ეტყობა, ამას არავინ ელოდა.

60 მილიონად უღირს (?!) თურმე მინისტრს ფასდაუდებელი ეროვნული მეობა.

განათლების მინისტრის საკითხზე მუშაობა საგამოძიებო კომისიას მარტში დაევალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კარტოზიამ სამთავრობო ლოჟიდან აიწყვიტა და დეპუტატის საცემად იწევდა. ქვეყანას რომ პატრონი ჰყოლოდა, არა თუ მინისტრი, სამინისტროს მთელი მმართველობა კარგა ხნის მოხსნილი უნდა ყოფილიყო. მინისტრის "საგმირო" საქმეებზე სადაც ჯერ არს ტომები დევს, კარგა ხანია: არ შემუშავდა ახალი დაბულება პედაგოგთა ატესტაციის შესახებ, არ შესრულდა კანონი კვალიფიკაციის ამაღლების განხრით, არ ჩატარდა აკრედიტაცია, არ დამტკიცდა უმაღლესი სასწავლებლების ახალი სერთიფიკატები და ა.შ. ეს ბრალდებები უსაფუძვლო სულაც არ გახლავთ კანონი განათლების შესახებ მინისტრის მიერ დარღვეულია, ამას თავად კარტოზიაც აღიარებს, თუმცა... კანონის არ შესრულება "პრობლემა" არ გახლავთ ჩვენი ჩინოსნებისთვის.

წყალშემდგარი მინისტრის საქმეს, როგორც ვარაუდობენ, მიხეილ ოსაძის კომისია წერტილს დაუსვამს. რადგან საქმე აქამდე მივიდა, ალბათ,აღარც კარტოზიას ეპარება ამაში ეჭვი. ჯერ საგამოძიებო კომისიას არცერთი საქმე ""არ გაუმაზავს"". კარტოზია დაასწრებს "გაქცევით" თუ კომისია "იმპიჩმენტის" საკითხის დაყენებით, ამას დრო გვიჩვენებს. პროგნოზები აჩვენებს, რომ ბატონ ალეკოს "ცუღლუტობა" არ შერჩება, მარადმწვანე განათლების მინისტრი "შემოდგომის სუსხს" ვერ გაუძლებს, "გაყვითლდება" და...



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com