|
"საქართველო "
"ტყის ძმების" მეთაური იხვეწება - დამკითხეთო! შენგელიას "ცოტნე დადიანობას" გმირობად არ უთვლიან ნანა გელოვანი
"ტყის ძმების" მეთაური დათო შენგელია დღემდე ამაოდ ეხვეწება სამართალდამცავებს - დამკითხეთო. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, იგი იმ სკანდალური საქმის საკუთარ თავზე აღებას ცდილობს, მცირე ხნის წინ ნატახტართან იარაღით დატვირთული მანქანის დაკავებას რომ უკავშირდება. შენგელიას აჯას სამართალდამცავები არ ითვალისწინებენ. არც დაკითხვას ჩქარობენ. ტყის ძმების მეთაური გულმოდგინედ ამტკიცებს, იარაღი პარტიზანებისთვის იყო განკუთვნილიო, ამ აღიარებით საქმის გამო დაკავებული უშიშროების თანამშრომლის გადარჩენას ცდილობს. როგორც ჩანს, მთავრობაში "ტყის ძმების" მეთაურის არავის სჯერა. შენგელიას "ცოტნე დადიანობას" გმირობად არ უთვლიან. მუდარით დაღლილმა დათო შენგელიამ "რკინის ქალამნების" ჩაცმა გადაწყვიტა და ჭეშმარიტების დასადგენად ბრძოლაში დახმარება ჟურნალისტებს სთხოვა.მიმართვის ტექსტი, რომლის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე და გენერალური პროკურორი გახლდნენ, პრესის თანამშრომლებს გააცნო. - ჩემი მიმართვა არ ისახავს მიზნად, რომ პარტიზანული მოძრაობა წარმოადგინოს, როგორც აფხაზეთში შექმნილი პრობლემების ნეიტრალიზაციის ფაქტორი. იგი დღეს გახლავთ ჩრდილოეთიდან მომართულ ეკონომიკურ ექსპანსიასთან შეტაკების ერთადერთი ქმედითი ფორმა. ჩვენ გამოვაცხადეთ მორატორიუმი მშვიდობიანი გზით მოლაპარაკების შესახებ. შევაჩერეთ ყოველგვარი პარტიზანული მოძრაობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ პერიოდში ძირითადად იარაღის, ტყვია-წამლის შეძენით ვიყავით დაკავებული. თვენახევრის წინ გამოგვიჩნდა გარკვეული თანხა და შევიძინეთ სხვადასხვა სახის იარაღი. საქმის კურსში ჩავაყენეთ აფხაზეთის მთავრობა. ჩავედი ზუგდიდში და სოსო მჭედლიძეს ვთხოვე, წასულიყო ცხინვალში, სადაც მანქანას იარაღით დაუტვირთავდნენ. რაც შემდგომ მოხდა, ყველასათვის ნათელია. მჭედლიძე გზაშივე აიყვანეს. მაშინვე დავუკავშირდი სამხედრო პროკურორს, რომელმაც მეორე დღისთვის გადადო ჩემთან შეხვედრა და საუბარი, შემდეგ კი საქმე ჩამოართვეს. დავუკავშირდი გამომძიებელს, ვინც ამჟამად იძიებს საქმეს. დანაშაული ჩემს თავზე ავიღე და ვთხოვე, დავეკითხე. საშველი არ დაადგა ჩემს დაკითხვას. კაცი, რომელიც გვეხმარებოდა, ციხეში ზის და ფიზიკურ ზეწოლას განიცდის. გამოძიება კი არ ხდება. ეტყობა, ჭეშმარიტება არ აინტერესებთ-აცხადებს იგი. დანაშაული, რომელსაც ასე ხმამაღლა იბრალებს დათო შენგელია, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საკმაოდ მძიმეა და სასჯელიც შესაბამისად არც თუ მცირე. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ ყველაფერი დაუმტკიცდება, მოეთხოვება თუ არა პასუხი ამ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის? "ტყის ძმების" მეთაური ყველაფრისთვის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ სჯერა, რომ საქმე აქამდე მივა და გასწირავენ. ალბათ, სწორედ ამიტომ უსვამს ხშირ-ხშირად ხაზს ხელისუფლებისადმი კეთილადა ვარ განწყობილიო. - იარაღი პარტიზანებისთვის იყო განკუთვნილიო, კიდეც რომ დამტკიცდეს, კანონის თვალსაზრისით ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ყველა შემთხვევაში ეს იარაღის უკანონო შემოტანაა - აცხადებს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი. შენგელია კი ისევ არ ჩუმდება:" რაც შეეხება კანონიერებას, რაც ჩვენ იარაღი გაგვაჩნია, ყველა უკანონოა, ეს ყველამ კარგად იცის და პირველ რიგში ხელისუფლებამ, თუ გაგვიმეტებენ, ეს უკვე მათ ნამუსზე იყოსო." - კანონით, დანაშაული იარაღის უკანონოდ შეძენისა და რეალიზაციისათვის 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციაში ისეთი მუხლიც გვაქვს ""აუცილებელი მოგერიების"" შესახებ, რომლის მიხედვითაც ადამიანი არ ისჯება. იარაღი, რომელიც დააკავეს, განკუთვნილი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, განსაზღვრული იყო, ქვეყნის ინტერესებისათვის გამოეყენებინათ, ამიტომ არავის არა აქვს უფლება, ამ საქმისათვის მებრძოლი ადამიანი დააპატიმროს, - შენგელიას ინტერესებს ასე იცავს ადვოკატი ზურაბ ნოსტაშვილი. მოეძალებათ თუ არა პატრიოტული სულისკვეთება ჩვენს სამართალდამცავებს, ძნელი სათქმელია. ერთი ცხადია, პანიკა, რომელიც თავად შექმნეს უკანონო იარაღის დაკავების ირგვლივ და იარაღის ბიზნესად მიიჩნიეს, ასე ადვილად არ ჩაივლის, თუნდაც იმიტომ, რომ თავმოჭრილი ჩვენი ძალოვნები ამდენი აფეთქებების, გატაცებების შემდეგ ისედაც გატეხილი სახელის კიდევ უფრო გატეხას მოერიდებიან. ისე კი, კაცმა რომ თქვას, იმასაც გააჩნია, საიდან უბერავს სიო, ვინ ვის შეკვეთას ასრულებს და ვის უკან ვინა დგას?!
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |