"საქართველო "
# 7 (1778)
2 ივლისი, 2002 წელი

ადამიანებით საკრებულოებშიც ვაჭრობენ?

"ლეიბორისტებს" აქვთ ის ავტორიტეტი, რომ ისინი იყიდებიან. საერთოდ, მათთვის ერთგვარი ბიზნესია, შეიყვანონ საკრებულოში წევრები და შემდეგ გაყიდონ. გულახდილად გეტყვით, ჩვენი მხრიდან მათი ყიდვა არ მომხდარა და არც სხვა სახის ვაჭრობა" "- ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის პეტრე ცისკარიშვილის ამ სიტყვებმა ადამიანი შეიძლება გააოგნოს. სკანდალი პანკისში ადამიანებით ვაჭრობის შესახებ არც ისე დიდი ხნის ჩამცხრალია, პარლამენტში რომ ხმების ყიდვა-გაყიდვა მიდის და საერთოდაც მთელი საქართველო რომ იყიდება, ყველა ხედავს, მაგრამ საკრებულოში წევრების გაყიდვა მაინც უცხოდ ხვდება ყურს.

სხვათა შორის, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა გულგრილად მიიღო პრესაში გამოქვეყნებული ეს განცხადება. უფრო მეტიც, ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას ისევ აქტიურად გეგმავს, უფრო სწორად კი, მისი ლიდერისათვის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის დათმობას, თუ რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგები გადასინჯვის შემდეგ სულ არ გაუქმდება.

რატომღაც "ლეიბორისტების" თავკაცი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილს ყველა "ცუღლუტობას" ადვილად პატიობს. რა უდევს გულში, კაცმა არ იცის. ეტყობა, მოთმინებით ელოდება თავის დროს.საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი სააკაშვილისათვის სათაგურია თუ სპილოს ხაფანგი, კიდევ გასარკვევია. ბატონი მიხეილი რომ მისგან გაქცევას ცდილობს, ეს უკვე რაღაცაზე მიუთითებს... არჩევნების შედეგების გაუქმებით იხეირებს კი? ახალ არჩევნებში გამარჯვება ხონჩით აღარ მოვა. უთვალავი პარტიისაგან შეკოწიწებულ ძალას თანდათან ბზარები უჩნდება, რაც წარმატების გარანტია ნამდვილად არ გახლავთ. მერე გვიან იქნება თითზე კბენანი და ძველი ქართული ანდაზის "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაოს"" ხშირ-ხშირი გამეორება საქმეს ვერ უშველის.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com