"საქართველო "
# 7 (1778)
2 ივლისი, 2002 წელი

ფრთხილად! დოლარს უჭირს ("ფაინენშელ ტაიმსი" ფრთხილ პროგნოზს აკეთებს)

1990-იანი წლების შუახანებში რომ დოლარმა სხვა ვალუტებთან შედარებით აღმასვლა დაიწყო, ზოგნი მას დიდ ვარდნას უწინასწარმეტყველებდნენ ახლო მომავალში. მაგრამ დოლარმა მაინც განაგრძო გაძვირება მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური ქარიშხლების მიუხედავად, თვით ისეთისაც კი, როგორიც იყო აშშ-ის ეკონომიკური რეცესია, რომლიდანაც იგი უკვე გამოდის. მაგრამ სწორედ ახლა ასე ჩანს, რომ დოლარიც მოწყლვადია (გარანტირებულად დაცული არაა). მან იკლო ევროსთან შედარებით. ამიტომ არაერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დოლარის უძლეველობის ეპოქა მთავრდება.

დოლარის ეს შესუსტება ნაწილობრივ ემყარება ეჭვს, რომ რეცესიიდან გამოსვლის ეს პროცესი დროებითია, ანუ უნდობლობას ამერიკული ეკონომიისადმი მის მთლინაობაში. ბაზრები იმის სიგნალს გვაძლევენო, რომ გაჩნდა გრძელვადიანი შეეჭვება ამერიკული ეკონომიის ძლიერებაში სხვა ეკონომიებთან შედარებით. ამგვარად, საქმე ეხება, ჯერჯერობით, აზრს, "აღქმას", და არა თვით რეალობას, მაგრამ საინვესტიციო ამინდს სწორედ ეს აზრი ქმნის. მისი (ამ აზრის) მთავარი წყაროა მიმდინარე ანგარიშის მზარდი დეფიციტი, რომელმაც ამ წელიწადს 465 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-მა ყოველდღიურად 1,3 მილიარდი დოლარი უნდა მიიზიდოს უცხო ფონდებიდან, რათა დოლარი არ დაეცეს. მაგრამ თუ აქამდე უცხო ინვესტორები ერთმანეთს ასწრებდნენ ამერიკული აქციების ყიდვას და ამიტომ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს ვითარება სხვაგვარია. "დოლარის სტატუსს, როგორც იმ საბოლოო ადგილისას, სადაც მსოფლიო დანაზოგები მოდის, საფრთხე ემუქრება".

ფინანსთა შემოდენა, რომელიც აბათილებდა მიმდინარე ანგარიშის მზარდ დეფიციტს, როგორც ჩანს, მცირდება. გასულ წელს თვიურად საშუალოდ 44 მილიარდი შემოდიოდა, წელს - 14-16 მილიარდი. "ამგვარად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სამომავლოდ, აშშ-ის უპირატესობა როგორც იმ ადგილისა, სადაც ინვესტიცია უნდა მივიდეს და უეჭველი მოგება მოიტანოს". თუ თებერვალში გამოკითხულთა (ინვესტორთა) 42% ფიქრობდა, რომ ამერიკის კომპანიებში დაბანდება უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვაგან, დღეს ასე მათი 22%-ღა ფიქრობს.

ინვესტორთა შეეჭვებას მთლიანად ამერიკული ეკონომიის და მასში შემავალი კომპანიების მიმართ რამდენიმე წყარო კვებავს. პირველია ის, თუ მართვის და საბუღალტრო აღრიცხვის რა წესები და სტანდარტებია მიღებული ამერიკაში. ინვესტორები მიჩვეულნი არიან, ერიდონ აზიას მისი კლანური ("ძმაბიჭური") კაპიტალიზმის გამო. გარკვეული უკმაყოფილება აქვთ ამერიკული კომპანიების მიმართაც, რის თვალსაჩინო საფუძველსაც ის წარმოადგენს, რომ იქ მოგების ზრდა პროპორციულად ჩამორჩება მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდას (რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ მეორეზე ანგარიშგება ცოტა გაბერილია). მეორეა ის, რომ ნაყოფიერების ზრდა პირდაპირ არ აისახება მოგების ზრდაში. 90-იანი წლების შუაში ნაყოფიერება გაიზარდა საინფორმაციო ტექნოლოგიებში დაბანდების წყალობით. ამ ფაქტორმა თავისი მოქმედება გაავრცელა მთელ ეკონომიაზე, მან გაზარდა გამჭვირვალეობა და გააადვილა ეკონომიკურ ცხოვრებაში შესვლა, მაგრამ ამით მოიგეს, უფრო, თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა, და არა ინვესტორებმა (და, ამგვარად - პირველად 1960-იანი წლების შემდეგ - ერთდროულად მოიგეს მდიდრებმაც და ღარიბებმაც). მესამეც - გაზეთის თქმით - ინვესტორებს აფიქრებთ, ერთის მხრივ, ამერიკული პოლიტიკის მიმოხრის შესაძლებლობები, მეორეს მხრივ კი ამერიკის დიდი სახელმწიფო ხარჯები ტერორიზმთან ბრძოლისათვის (რასაც ბადალი არ ჰქონია ვიეტნამის ომის დროიდან) და ფოლადზე საიმპორტო ტარიფების გაზრდის მსგავსი ფაქტები, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვის ტენდენციაზე მეტყველებს.

ამერიკის ეკონომიის სიმძლავრეზე ეჭვის გაჩენის პარალელურად ჩნდება "ენთუზიაზმი" სხვა ქვეყნებში დაბადნების მიმართ. მართალია, ცოტანი თუ მოელიან, რომ ევროზონა მიაღწევს ისეთ ზრდას, როგორიც ამერიკულ ეკონომიას ჰქონდა 90-იან წლებში, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ეს ზონა, თავისი ერთიანი ვალუტის ამუშავების წყალობით, რომელიც გააადვილებს კონკურენციას ამ კონტინენტის ქვეყნების საზღვართა გაღმა-გამოღმა, მალე მიაღწევს კონკურენტუნარიანი მეტოქის მდგომარეობას.

ევროზონაში დაბანდების სურვილს, ანალიტიკოსთა თქმით, ისიც გაზრდის, რომ იქ, მემარჯვენეთა მოძლიერების ტენდენციისდაკვალად, შემცირდება სახელმწიფოსმიერი რეგულაციის ხარისხი, ელასტიური გახდება შრომის კანონმდებლობა და შემცირდება გადასახადები კორპორაციებზე.

ფრიად შთამბეჭდავია, გაზეთის თქმით, აზიური ეკონომიები, მათ შორის კორეა, რომელმაც შეძლო თავისი ეკონომიკის გაზრდა შინაგან ბაზარზე ორიენტაციით ისე, რომ აღარ აღმოჩნდა დამოკიდებული მხოლოდ თავისი ნაწარმის გასაღებაზე აშშ-ში. იაპონიასაც კი, რომელზედაც ბევრს ხელი ჰქონდა ჩაქნეული მისი ბოლოდროინდელი გასაჭირის გამო, საფიქრებელია კვლავ ბედმა გაუღიმოს ხელსაყრელ საინვესტიციო ადგილად იქცეს, ვინაიდან მოსალოდნელია მის პროდუქციაზე მოთხოვნილების ციკლური აღმავლობა მსოფლიოში. ამიტომ დაბანდებათა აზიისკენ გადანაცვლებაც მოსალოდნელია.

ამერიკული ეკონომიის ენთუზიასტები მაინც ფიქრობენ, რომ დასახელებული პროცესი იმ მასშტაბისა არაა, რომ დაბანდებები ამერიკული ეკონომიიდან სხვისკენ გადაისროლოს. მაგრამ დოლარის დაქვეითებას უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც ვარაუდობენ. მთავარი შიში ისაა, რომ დოლარის ვარდნა თვით არ გახდეს თავისი თავის დამაჩქარებელი ფაქტორი. თუ ინვესტორები დარწმუნდებიან, რომ დოლარი ქვევითკენ მიდის, კაპიტალის გადენა გაიზრდება.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2002

მოგვწერეთ opentext@flashmail.com