|
"საქართველო "
თავისუფლება თუ უსაფრთხოება?
ტრაგიკული კითხვა "სამოქალაქო თავისუფლება თუ სამშობლოს სამხედრო ძლიერება?" სხვა არაერთი ერისაგან განსხვავებით, ამერიკელების წინაშე არასოდეს დამდგარა. ეს სუპერქვეყანა კარგად ათავსებს მოქალაქის ძალიან დიდ დამოუკიდებლობას სახელმწიფო აპარატისაგან, ერთის მხრივ, და ამავე სახელმწიფოს ძლიერების ინტერესებს, მეორეს მხრივ. უფრო ზუსტად: იგი თავის ძლიერებას სწორედ თავისუფალ მოქალაქეთა შეთანხმებულ ძალისხმევაზე აგებს. მაგრამ ახლა მათ წინაშე სხვა, უფრო "რბილი" არჩევანი დადგა: "სამოქალაქო თავისუფლება თუ უსაფრთხოება?" ანუ: "რამდენად უნდა მიეცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება ამერიკისვე მოქალაქეს, თუ არსებობს ეჭვი, რომ იგი ტერაქტს გეგმავს?" ამ ძნელ კითხვას იხილავს გაზ. Fინანციალ ტიმეს, რომელმაც სექტემბრის აქტის მეორე დღესვე გაიხსენა მორალური პრობლემები, რაც კაცობრიობას ამ უბედურების შედეგად დაუდგება. FBI-ს ("გამოძიების ფედერალურ ბიუროს") მეტი თავისუფლება უნდა მიეცეს ჯაშუშობის საშუალებით აკონტროლოს სახალხო შეკრებები და რელიგიური თუ პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვოდ მოეჩვენება. აშშ გენერალურმა პროკურორმა ჯონ ეშკროფტმა კურსი აიღო იმ შეზღუდვათა შერბილებაზე, რაც "გფბ" (FBI) აგენტებს აქვთ მათი ანტიტერორისტული მუშაობის პროცესში, და ამით გამოიწვია გაფრთხილებები მოქალაქის უფლებათა დამცველი ჯგუფების მხრიდან, რომ შესაძლებელია ეროვნული უშიშროების სახელით სამოქალაქო თავისუფლების დაზარალება მოხდეს. ამ ბიუროს დირექტორს რ. მიულერს გამოცხადებული აქვს ბიუროსა და მისი მუშაობის ფართომასშტაბიანი გადასინჯვა-გადამოწმება იმ პრიორიტეტული მიზნით, რომ შეუძლებელი გახდეს 11 სექტემბრის მსგავსი ტერაქტის განმეორება. აშშ-ში, ჩვეულებრივ, პიროვნების დანაშაულებრივი ქმედების მამტკიცებელი საბუთების წარმოდგენას თხოულობენ ხოლმე მანამდე, სანამ ეჭვმიტანილის მიმართ თვალთვალი გადაწყდებოდეს. ახალი ინსტრუქციით, ინფორმაციის გროვება პოტენციური ტერორისტის შესახებ შეიძლება მანამდე, სანამ ადგილი ექნებოდეს რაიმე ტერორისტული მოქმედების დაწყებას. რამდენადაც ბიუროს ყურადღების ცენტრში ექცევა დანაშაულის წინასწარი აღკვეთა (პროფილაქტიკა), მის მუშაკებს უფლება ექნებათ ანტიტერორისტული გამოძიება აწარმოონ ვაშინგტონიდან მიღებული წინასწარი ნებართვის გარეშე. შერბილებულია აგრეთვე შეზღუდვები წინასწარი მოკვლევის პროცედურაზე. აქამდე თუ ამ უწყების თანამშრომლებს მხოლოდ იმ მასალების შემოწმება შეეძლოთ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია გამოსაძიებელ საქმესთან, ახლა მათ შეეძლებათ მოკვლევა უფრო ფართო მასალაზე აწარმოონ. "ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის" ეროვნული ოფისის დირექტორმა ლაურა მერფიმ განაცხადა, რომ ეს სიახლეები სხვა არა არის რა, თუ არ მთავრობის დაჯილდოება მარცხისათვის: მთავრობას მარცხი მოუვიდა, როცა ტერაქტი გამოეპარა, და ახლა მას ამის გამო უფლებამოსილებებს უზრდიანო. ქალბატონმა მერფიმ განაცხადა, რომ ხიფათი ექმნება კონსტიტუციასა და უფლებათა აქტს და რომ ყოველივე ეს მეტყველებს ეშკროფტის "როგორც ჩანს, გაუმაძღარ მადაზე ახალ-ახალი უფლებების მოპოვებაში". მაგრამ ბუში ემხრობა ზემოხსენებულ სიახლეებს, რომელთა პირობებშიც, მისი სიტყვით, პატივი მიეგება კონსტიტუციას და არ დაირღვევა პირადი თავისუფლებები. "აუცილებელი იყო ცვლილება "გფბ"-ში. იგი დაკომპლექტებული იყო კარგი ადამიანებით, რომელთაც უყვართ ამერიკა, მაგრამ იგი ვერ გასწვდა დროის მოთხოვნებს" - თქვა მან. მან მოუწონა რეფორმები მიულერს, რომელმაც მანამდე აღიარა, შეიძლებოდა 11 სექტემბრის ტერაქტის აცილება, თუ გამოძიების ფედერალური ბიურო მის ხელთ არსებულ ინფორმაციას სხვაგვარად შეაფასებდაო. მან ტელევიზიას უთხრა, თუმცა პირდაპირი გამაფრთხილებელი ინფორმაცია არ არსებობდა, ტერაქტის არდაშვება მაინც შეიძლებოდა, "თუ აგენტებს ბედი ექნებოდათო". "ჩვენ ტერაქტის წინა თვეებში გვქონდა ხელთ ინფორმაციის ნამცეცები, რომლებიც, უკეთესი იქნებოდა, ერთად რომ დაგველაგებინაო".
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |