|
"საქართველო "
ფაქტები, ანალიზი, პროგნოზი: რუსეთის შეტევა საქართველოზე
იგი ამ თვეში არ დაწყებულა. მისი ბოლო ეტაპი თვალსაჩინო გახდა სწორედ ერთი წლის წინ, როცა შევარდნაძემ _ ამ შემოტევის ერთ-ერთმა მონაწილემ და თანაორგანიზატორმა _ პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი მებრძოლების რაზმი, დაახლოებით 100 კაცი გილაევის მეთაურობით, კოდორისკენ გადაიყვანა და ხალხს მათი მონაწილეობით აფხაზეთის გათავისუფლების ფანტასტიკური გეგმა "შემოუცურა", თან საკუთარი პირით (და არა მხოლოდ მტრულად ანგაჟირებული ტელეეკრანების პირით) ამ "ოპერაციას" ე. წ. საპროპაგანდო უზრუნველყოფა შეუქმნა. ჯერ ორიოდე თვე ამტკიცა, და თავის ხელქვეითებს ამტკიცებინა, პანკისში არც ერთ ლტოლვილს იარაღი არა აქვსო, შემდეგ მასმედია აყვირა, არიქა, პანკისში ჩეჩნები არა მხოლოდ არიან ბრძოლის ველიდან მოყოლილი იარაღითურთ, არამედ ახალსაც იძენენ და წვრთნასაც გადიანო, ბოლოს კი ისიც "დაფქვა" და ანგაჟირებულ მასმედიასაც "დააფქვევინა", ამას საქართველოს სპეცსამსახურების ხელშეწყობით აკეთებენო. მართალია, მასმედია, რომელიც ამ "სუპერსაიდუმლოს" "ამხელს", ამ უკანასკნელთა მოქმედების მოტივად კორუფციას გულისხმობს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? რუსეთის ტელევიზია დაიმოწმებს ქართული არხის გადმოცემას და სრული უფლებით გამოტოვებს იმას, რაც მხოლოდ ნაგულისხმევია _ კორუფციის ფაქტორს. ხოლო რაც დარჩება, ის ამ ოპერაციებში სპეცსამსახურთა მონაწილეობაზე, მაშასადამე, სახელმწიფოს მონაწილეობაზე მეტყველებს. გულუბრყვილო პრეზიდენტი ან ჭეშმარიტების მეტისმეტად მოტრფიალე პრეზიდენტი კი "ფქვავს" და "ფქვავს" ეკრანზე იმას, რაც, თუკი მართალია, სახელმწიფოს უსაიდუმლეს საიდუმლოს წარმოადგენს და რაც რუსებს, თუკი საქმე კარგად მიუდით, საქართველოზე "შაყირის" საშუალებას მაინც აძლევს, რაც თვითონ არც თუ არაკომიკურმა პუტინმა სცადა კიდეც ამ ორიოდე დღის წინ თავისი ქვეყნის ეკრანებზე. ვინ არის საქართველოში ესოდენ გახარებული საველე მეთაური გილაევი? იგი ჩეჩნეთის ხელისუფალთან პრეზიდენტ მასხადოვთან არა სავსებით ჰარმონიულ ურთიერთობაში მყოფი ფიგურაა და, ამდენად, ის არაა, ვინც ცალსახად და ბრმად მისაღებია ჩვენ მიერ, როგორც ჩეჩნეთისა და მისი ხალხის განსახიერება. გარდა ამისა, იგი აფხაზეთში ნაომია და (როგორც ჩეჩნური წყაროდანვე ინფორმაცია გვაქვს) მას შემდეგ არის წამოსული იმ ფრონტიდან, რაც, ოპერაციაზე წასულს, აფხაზებმა დახვრეტილი (დიახ, დახვრეტილი) დაახვედრეს მათზე ჩაბარებული 25 ქართველი ტყვე, რომლებიც პირადად მას (გილაევს) ჩაჰბარდნენ სიცოცხლის შენარჩუნების პირობით, როგორც ჩეჩენს და, ამდენად, სანდოს. დავიჯეროთ, რომ, ერთის მხრივ, ამ მეთაურისა და მისი რაზმის ხელთ არსებულ შესაძლებლობებში, მეორეს მხრივ, საქართველოს გულუბრყვილო პრეზიდენტის მოქმედების სცენარში არსად უცხო ნება არ ურევია? ან ჰო, ან არა. ახლა თვით ამ ოპერაციის სტრატეგია ვნახოთ. ჩეჩნები აფხაზეთში შარშან აგვისტოში შეიყვანეს და მითიც, რუსეთზე საქართველოს ტერიტორიიდან დარტყმას აპირებენო, მაშინ შეუთხზეს. ნიუ-იორკის ტერაქტი 11 სექტემბერს მოხდა და ძალიან საეჭვოა, რუსეთის ანალიტიკოსებს, რომლებიც მასალას საკმაოდ კარგად ფლობენ, ამ ტრაგიკული ხდომილების, ამა თუ იმ ფორმით, წინასწარმეტყველება არ შესძლებოდათ. მაშასადამე, მიხვდებოდნენ იმასაც, რომ ამას მოჰყვება ამერიკელების მწარე ომი ცენტრალურ აზიაში და იმის იმედიც ექნებოდათ, რომ ამერიკელები რაღაც დროით ჩაეფლობოდნენ ამ ომში ისე, როგორც თვით რუსები ჩაეფლნენ ავღანეთში. ეს რუსებს აძლევდა ერთგვარ "ტაიმ-აუტს" (წუთშესვენებას) დაუსჯელი დარტყმისათვის საქართველოზე და სწორედ ამ დროისათვის იყო გათვლილი (სავარაუდოა) რუსულ-"ქართული" ზემოხსენებული ოპერაციის "გილაევი-კოდორი" ფინალი. ოპერაცია ჩაიშალა იმიტომ, რომ ამერიკელები ავღანეთში არ ჩაეფლნენ. პირიქით. მათ ომი მშრალი ანგარიშით მოიგეს და 24 სექტემბერს კარგა მკვეთრი განცხადებაც გააკეთეს, რომელმაც რუსეთის სტარტზე მდგარი შეიარაღებული ძალები გააჩერა და საქართველოზე დარტყმის ბრძანება გაუუქმა. მეორე მცდელობა საქართველოზე დარტყმის "ჩაწყობისა", იმავე მოქმედ პირთა ხელით, მოხდა ამ ორიოდე თვის წინ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვრის "პრობლემასთან" დაკავშირებით და ისიც ამერიკული განცხადების წყალობით შეჩერდა. მესამეს ახლა ვხედავთ და ისიც, პრაქტიკულად, უკვე შეჩერებულია, რადგან ამჯერადაც ამერიკელთა პოზიცია ოფიციალურად გაცხადებულ იქნა. იგი ყოველთვის შეჩერდება ორი მიზეზის კომბინაციის გამო. პირველი. დღეს რუსეთი დასავლეთზე შეუდარებლად უფრო სუსტია ფინანსურად, ტექნოლოგიურად, პროფესიულად, ჯამში _ სტრატეგიულად, ამიტომაც მას ამერიკელთა ნების წინააღმდეგ არც ერთ პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხში წასვლა არ შეუძლია. მეორე. დღეს ამიერკავკასიიდან რუსეთის გავლენის მოცილება და ამ ზონაში რუსული იმპერიალიზმის ვეღარ შემოსვლა დასავლეთისთვის ასეთი პირველხარისხოვანი, უფრო ზუსტად _ სასიცოცხლო ამოცანაა. რჩება ერთი, წმინდა თეორიული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი ვითარების შექმნისა ძალთა გლობალური ურთიერთობის კონტექსტში. სახელდობრ, შესაძლებელია (ღმერთმა დაგვიფაროს) დასავლეთის ინტერესებში შედიოდეს დაღმავალი, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან სახიფათო რუსეთის "წამოკიდება" ისეთ თვალში საცემ დანაშაულზე, როგორიცაა საქართველოზე პირდაპირი შეიარაღებული დარტყმა, რისკენაც რუსეთს (ესეც გასათვალისწინებელია), როგორც იტყვიან, მისი სულის ყოველი ცოცხალი უჯრედი უბიძგებს. შედეგი ნათელია: ეს გახლავთ დასავლეთის ჩარევა (სამხედრო დემონსტრაციების ჩათვლით, როგორიცაა შავ ზღვაში ფლოტის შემოყვანა), ეკონომიკური ზეწოლა, "ცივი ომის" ნაწილობრივი რეანიმაცია და ა. შ., რუსეთის უკანდახევა და დასავლეთის ტრიუმფალური სვლა უკვე თითქმის გაუკაცრიელებულ რეგიონში. ამ თეორიული ვარიანტის სასარგებლოდ არაფერი მეტყველებს გარდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხარისხისა: გამოუსწორებლად კორუმპირებულის, გამოუსწორებლად კომუნისტურ-დიქტატორულისა და გამოუსწორებლად პრორუსულის. მაგრამ, იმედია, ეს ვერ იკმარებს ესოდენ მძიმე ისტორიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |