"საქართველო "
# 9 (1781)
სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2002

რბილტემბრიანი პატრონი

"შაქრის თავთან" ბრძოლა უნდა გენახათ! 26 წლის აფხაზი შალიკო, 12 დღის გაუხდელ სამოსელგაოფლილი, გატაცებით გვიამბობს, "როგორ ურტყამდა ქართველ ბანდიტებს კოდორის ხეობაში". "ჩვენ იქ ჩვენი სამშობლო აფხაზეთი დავიცავით. და ჩვენი რუსი მეგობრების ზურგიც დავიცავით ქართულ-ჩეჩნური ტერორიზმისგან". ამ ძლიერ სიტყვებს იგი წარმოთქვამს ქართულ ღვინოზე და რუსული კალაშნიკოვის გვერდზე, ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვან ფრონტთაგანის მახლობლად, სადაც ამ ბოლო ხანებში უკვე ბრძოლის არანაირი არც სოციალური, არც ეროვნული, არც ეკონომიკური მიზეზი აღარ ახსოვთ. მსოფლიოს ამ მივარდნილ კუთხეშიც 11 სექტემბრის შემდეგ მხოლოდ ტერორიზმის უხვი ნაყარის წინააღმდეგ ბრძოლაზე თუ ლაპარაკობენ.

პატარა აფხაზმა ხალხმა, რომელიც 100000 სულს თუ ითვლის, თავის იდილიურ სანაპიროზე განთიადსა და ფიჩორს შორის 1992 წელს ისევე შილიფად მოიპოვა თბილისისაგან დამოუკიდებლობა, როგორც თვით საქართველომ გაითავისუფლა თავი მოსკოვის ბორკილებისაგან. საბჭოური ხალხთა საპყრობილე დაიმსხვრა და პატიმრებმა თავ-თავისი უმცირესი საკნები საერთო ყაზარმაზე უკეთეს სამყოფლად ჩათვალეს. მაშინ აფხაზ სეპარატისტებს უხაროდათ ყოველი მებრძოლი, რომელიც კავკასიონის გადაღმიდან მათთან მოდიოდა. ახლა მდგომარეობა შეცვლილია. ჩეჩნებმა პანკისისკენ დაიხიეს და ახლა "თბილისის სამთავრობო ჯარებთან ერთად ებრძვიან ჩვენ ხალხს".

ტერორიზმის არგუმენტი მთავრობასაც აქვს მომარჯვებული: სეპარატისტებმა ხომ მასობრივი ანტიქართული პოგრომები მოაწყესო. აფხაზეთის მფარველი რუსეთი კი პასუხობს: ჩეჩნების გამოყენება დამხმარე მებრძოლებად იმას ნიშნავს, რომ თქვენ, ქართველები "სახელმწიფოებრივ ტერორიზმს" ეწევითო.

ასე, მაგალითად, მოსკოვის თავდაცვის მინისტრი ივანოვი აცხადებს, ჩეჩნებს საქათრველოს სახელმწიფო საავადმყოფოებში მკურნალობენო. მოსკოვი გაფაციცებით დაეძებს გილაევს, რომელსაც შევარდნაძე ნორმალურ და განათლებულ კაცად რაცხს, მას სხვადასხვა დანაშაულები ზეპირად მიეწერებაო. ეს განცხადება სარისკო გახლავთ, ვინაიდან იმის განსაზღვრის ბერკეტები, თუ რაა ტერორიზმი და ვინაა ტერორისტი მსოფლიოში, რუსებსა და ამერიკელებს განაწილებული აქვთ.

აფხაზ სეცესიონისტებთან კონფლიქტის განზრახ გაღვივება მხოლოდ ერთია ავტონომიებთან დაკავშირებულ კონფლიქტთა შორის, რომლებიც სირთულეს უქმნიან თბილისის ჩაის სახლებში "თეთრ მელად" წოდებულ შევარდნაძეს. სამხრეთ ოსეთის პროვინციაც მრავალი წელია ეწინააღმდეგება ცენტრალურ ხელისუფლებას, ისევე როგორც ზოგი სხვა ჩრდილოეთი რეგიონი და ავტონომიური ნაწილობრივ რესპუბლიკა (იგულისხმება მისი მმართველობის ფორმა. რედ.) აჭარა, სადაც მდებარეობს ბათუმის ნავთსადგური.

იმათ, ვინც დღეს აფხაზეთში ბატონობს, ამ ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებაც კი უნდათ. და ამ განდგომილი პროვინციების მუდმივი პოლიტიკური მფარველი რუსეთია, თუმცა იგი მუდამ აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს. თბილისში მყოფი ერთი დასავლელი დიპლომატის სიტყვით, "ძნელია გარჩევა, რუსებს ამ პოლიტიკით საქართველოს დესტაბილიზაცია უნდათ თუ მხოლოდ შევარდნაძისა".

უდავო მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს ყოფილი პარტიული შეფი, რომელიც ბეჯითად იყო რუსეთზე ორიენტირებული, დღეს დიდ გასაჭირშია. ის დრო, როცა იგი, _ საგარეო მინისტრი და გორბაჩოვის მეგობარი _ დასავლეთისთვის თვალის მომჭრელი ფიგურა იყო, დიდი ხანია დავიწყებას მიეცა.

1990 წელს შევარდნაძემ, რომელმაც გერმანელებს მათი გაერთიანების გზის გადამღობი არაერთი დაბრკოლების მოხსნა უშველა მანამდე, გორბაჩოვის რეფორმების წინააღმდეგ მიმართული პუტჩისა და "მომავალი დიქტატურის" საშიშროება განჭვრიტა, რის გამოც იგი გადადგა და 14 თვის შემდეგ მხსნელად დაუბრუნდა თავის სამოქალაქო ომით გაწეწილ მთაგორიან სამშობლოს. დღეს იგი ლამობს თავისი კავკასიური რესპუბლიკა ნატოში შეიყვანოს, რის გამოც რუსეთის ახალ ბატონებს იგი არ უყვართ. მისი სამინისტროს ერთი ყოფილი მოსკოველი თანამშრომელი მას "რუსული ინტერესების მესაფლავეს" უწოდებს.

მოსკოვის კრიტიკას შევარდნაძე არ იდარდება, ზედ შიდაპოლიტიკური ბრალდებები რომ არ ემატებოდეს. ეს ფაქტი მეტყველებს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების მზარდ სკეპტიციზმზე, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, ეს 73 წლის კაცი ის ფიგურაა თუ არა, რომელსაც დღეს საქართველოს სასიკეთოდ მართვა შეუძლია. ქვეყანაშიც იგი აღარ უყვართ. ყველაზე უარესი ჭაღარა პატრონისთვის, რომელსაც რბილი ხმა აქვს, ისაა, რომ ყველაზე მკაცრი საყვედურები მისივე პარტიის, მოქკავშირის ახალგაზრდა გვარდიისგან მოდის. ეს პარტია სწორედ ამის გამო დაინგრა და პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა.

პარტიული მეამბოხენი შფოთავენ შევარდნაძის კლანის კეთილდღეობაზე ისეთ ქვეყანაში, სადაც უკვალოდ, სოციალური შედეგის მიუღწევლად გაქრა 2 მილიარდი დოლარის კრედიტები, სადაც ყოველი მეხუთე კაცი უმუშევარია და პენსიონერთა 80( თვეში 14 მარკით ცხოვრობს.

(ციტირებულია ზ. ჟვანიას გამოთქმები "მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვება" და "უმაღლეს თანამდებობის პირთა თავხედური ცინიზმი". ნახსენებია გაბატონებული ფენის მიერ ამ სიღარიბის ფონზე მდიდრული კერძო სახლების აშენება ქალაქის საუკეთესო უბნებში, აგრეთვე პრეზიდენტის ქალიშვილის, მისი მეუღლის და ნუგზარ შევარდნაძის საბიზნესო საქმიანობა. რედ.). "პრეზიდენტის ოჯახმა დიდი მოგება ნახა პოლიტიკისა და საქმოსნობის შერწყმის შედეგად" _ წყრება მ. სააკაშვილი, 31 წლისა, ერთ დროს შევარდნაძის რაზმის წევრი და იუსტიციის მინისტრი". ამ ახალგაზრდა იურისტმა აშშ-ში ისწავლა. მან კორუფციის რამდენიმე საქმე გადაამოწმებინა და პარლამენტს შინაგან საქმეთა, უშიშროების და ვაჭრობის მინისტრის ვილების ფოტოები წარუდგინა. ყველა ესენი შევარდნაძის ჯგუფისანი არიან. ამის შედეგად შევარდნაძემ მინისტრი დაითხოვა. "მან ბრალად დამდო დემაგოგია, პოპულიზმი და ბოლშევიზმი" _ ამბობს სააკაშვილი.

ცოტა ხნის შემდეგ სპეციალურმა პოლიციამ დახურვა მოუნდომა რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიას "რუსთავი-2", რასაც მოქალაქეთა 10 ათასიანი შეკრება და შევარდნაძის მაშველების _ უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრების და გენერალური პროკურორის გადაყენების მოთხოვნა მოჰყვა. ამ ამბოხების, პირველ ყოვლისა კი _ მასში ახალგაზრდა ქართველების მონაწილეობის გამო ცბიერმა შევარდნაძემ მუხრუჭს დააჭირა: მან დაითხოვა კაბინეტი და ამით თავისი თავის აუცილებლობა შექმნა. მამაშვილური ჩაცინებით მან ამცნო ხალხს, "პოლიტიკური სტაბილობის ერთადერთი გარანტი მეღა ვარ, ამიტომ თანამდებობაზე უნდა დავრჩე და არც სიკვდილზე ვფიქრობ ჯერო".

მით უფრო ფიქრობენ სხვანი მის გადადგომაზე. სააკაშვილის სიტყვით, იგი "უგრძნობელი გახდა საზოგადოების განწყობილების მიმართ". გაზ. "რეზონანსმა" გაიხსენა, რომ გურიაში "მისი ხნის კაცს ასანთს აღარ ანდობენ" სახლის გადაწვის შიშით. განდგომილი ახალგაზრდა პოლიტიკოსების აზრით, მისი ხელისუფლებიდან მოცილება თანდათანობით უნდა მოხდეს. ნ. ბურჯანაძე, პარლამენტის 37 წლის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ კრიზისი შენელდა, მაგრამ არ დამთავრებულა. საჭიროა პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შეკვეცა და კაბინეტის უფრო ძლიერი, კონსტიტუციაზე დამყარებული პასუხისმგებლობის შემოღება.

მისი წინამორბედი ჟვანია, რომელიც არ მალავს, რომ უმაღლეს ადგილთა დაკავების ამბიცია აქვს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და გერმანულისებრი კონსტიტუციის მომხრეა. "საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს, სადაც აღმასრულებელი უფლებამოსილებანი მთავრობის ხელში იქნებიან, ხოლო პრეზიდენტის ფუნქცია სიმბოლურ-წარმომადგენლობითი იქნება. სამაგიეროდ ჟვანია და მისი თანაამხანაგები მზად არიან ამჟამინდელი პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და ღირსების სამომავლო გარანტია შექმნან". მაგრამ შევარდნაძის ვადის დამთავრებას 4 წელიწადი აკლია. თვითონ იგი პოლიტიკური კარიერის დამთავრებას არ ფიქრობს. საქართველოში, ღვინისა და ნივრის წყალობით, ხალხი დიდხანს ცოცხლობს.

("შპიგელი", 4.VIII.2001)



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2002

Click Here!

მოგვწერეთ opentext@flashmail.com