|
"საქართველო "
თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარის შესახებ
ირაკლი ხართიშვილი
მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლები) ჯარები შეიქმნა ქვეითი (მსროლელი) შენაერთებისა და ნაწილების საფუძველზე, ხოლო მისი მშენებლობისა და გამოყენების აუცილებლობა სახმელეთო ჯარების სპეციალისტებმა დაინახეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში. აი, რას წერს ამის შესახებ გერმანული ვერმახტის ოფიცერი, აიკე მიდელდორფი, 50-იან წლებში გამოცემულ წიგნში "ტაქტიკა რუსეთის კამპანიაში": "მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა შეიძინეს საჰაერო ძალებმა და კავალერიიდან ამოზრდილმა ჯავშანსატანკო ჯარებმა. ხოლო ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებებით არასაკმარისად აღჭურვილი ქვეითი ჯარები, მისი საბარგულებითა და 3-4 კმ/სთ გადაადგილების სიჩქარით, ტექნიკური პროგრესის _ ავიაციისა და ტანკების მსხვერპლი გახდა... წინა ხაზზე ფეხოსნის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა ორთვენახევარს. ძნელად თუ მოიძებნება თუნდაც ერთი სატანკო, საავიაციო ან საარტილერიო ქვედანაყოფი, ამასთან რამდენადმე მიახლოებული დანაკარგები რომ განეცადოს". შემდეგ ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანულ სატანკო დივიზიონში მოჯავშნული მანქანები შეადგენდნენ სულ უმნიშვნელო ნაწილს. სახელდობრ, 1940 წელს, 300 ტანკზე მოდიოდა დაახლოებით 3000 მოჯავშნული თვლიანი მანქანა, რომლებსაც გზების გარეშე სიარული არ შეეძლოთ. ამიტომ ხშირად შეტევის მსვლელობისას მეწინავე სატანკო ნაწილები იძულებული ხდებოდნენ წინსვლა შეეჩერებინათ და ტალახში ჩაფლული მანქანებით მიმავალ მეორე ეშელონებსა და ზურგის სამსახურებს დალოდებოდნენ. სიჩქარისა და ტაქტიკური შესაძლებლობების მიხედვით ისეთი განსხვავებული საშუალებების არსებობა, როგორიცაა ტანკები და თვლიანი მანქანები, გამუდმებით იწვევდა დივიზიის რამდენიმე ნაწილად წყვეტას. ამას ემატებოდა ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში საბჭოთა ჯარებმა იმდენად სრულყვეს ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სწრაფად ორგანიზების მეთოდები, რომ მისი გადალახვა მხოლოდ ტანკებისთვის, მოტოქვეით ჯარებთან ერთობლივი მოქმედებების გარეშე, შეუძლებელი შეიქნა. მაგრამ ბრძოლის ველზე ტანკების კვალდაკვალ მოტოქვეითი ქვედანაყოფების გადასაყვანად აუცილებელი ჯავშანტრანსპორტერები გერმანელებს საკმარისი რაოდენობით არ ჰყავდათ, რასაც ხელს უშლიდა ფოლადის უკმარისობა და გერმანიის სამხედრო მრეწველობის სხვა სუსტი მხარეები. 60-70-იანი წლებიდან, განსაკუთრებით არაბული სახელმწიფოებისა და ისრაელის ომების გამოცდილების გათვალისწინებით, დასავლეთის სახელმწიფოთა და საბჭოთა სარდლობები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ მოტოქვეითი (მექანიზებული ქვეითი, მოტომსროლელი) ჯარების განვითარებას. ისინი სულ უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ მოტოქვეითი ჯარების მობილურობაზე, ჯავშანდაცულობაზე, ცეცხლის ძალასა და სატანკო ნაწილებთან მჭიდრო თანამოქმედებაზე. ვინაიდან ჯავშანტრანსპორტერის ჯავშანი იფარავს პირად შემადგენლობასა და თავად მანქანის მნიშვნელოვან კვანძებს (აგრეგატებს) ტყვიებისა და ჭურვების ნამსხვრევებისგან, ამიტომ ასეთი მანქანები იქცნენ მოტოქვეითი ჯარების ძირითად სატრანსპორტო საშუალებად. ისინი უზრუნველყოფენ საბრძოლო ტანკების კვალდაკვალ მიყოლას, ფეხოსნების მოწინააღმდეგის პოზიციებთან რაც შეიძლება ახლოს მიყვანას, შესატევად მათ ფარულ ჩამოქვეითებას, ხოლო ჩამოქვეითებულ ფეხოსნებს თავიანთი მსხვილყალიბიანი ტყვიამფრქვევების ცეცხლითაც უჭერენ მხარს. ამასთანავე ებრძვიან დაბლამფრენ საჰაერო მიზნებს, ანადგურებენ გამოვლენილ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს. უმეტესი ქვეყნების ჯავშანტრანსპორტერებს ბორტებსა და კიჩოში გაკეთებული აქვთ ამბრაზურები, საიდანაც ფეხოსნებს ჩამოქვეითებამდეც შეუძლიათ ავტომატური და ერთეული ცეცხლის წარმოება. 1-ლ ნახაზზე მოცემულია 70-იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონის საორგანიზაციო სტრუქტურა. მასში ნაჩვენებია მეთაურობა და შტაბი, საშტაბო, სამი მოტოქვეითი და ცეცხლით მზარდაჭერის ასეულები. ამ ასეულებში კი შედიან საბრძოლო, საბრძოლო უზრუნველყოფის და ზურგის უზრუნველყოფის ოცეულები, ათეულები და სექციები. საბრძოლო ამოცანებს წყვეტენ მოტოქვეითი ქვედანაყოფები, საბრძოლო უზრუნველყოფის _ სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო, კავშირგაბმულობის, საზენიტო, ზურგის უზრუნველყოფისა _ სარემონტო, სამედიცინო და უზრუნველყოფის. თითოეულ მოტოქვეით ასეულს ცეცხლით უშუალო მხარდაჭერას აღმოუჩენდა სამი 81-მმ ნაღმსატყორცნი, ხოლო მთლიანად ბატალიონს ოთხი 106,7-მმ ნაღმსატყორცნი. "რედ აის" ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები კი თანამედროვე "სთინგერების" წინამორბედი ნიმუშებია. სულ 70-იანი წლების აშშ მოტოქვეითი ბატალიონი მიითვლიდა პირადი შემადგენლობის 890-მდე ადამიანს, 730-მდე 5,56-მმ საიერიშო შაშხანას M16, 75 7,62 და 12,7-მმ ტყვიამფრქვევს, 94 40-მმ ყუმბარსატყორცნს, 18 90-მმ უუკუცემო ტანკსაწინააღმდეგო თოფს, 13 თვითმავალ ნაღმსატყორცნს (9 81-მმ და 4 106,7-მმ), 6 (შემდეგში 12) ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს "თოუ", 5 გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსს "რედ აი", 50-მდე M113 ჯავშანტრანსპორტერს, 20-მდე სამეთაურო საშტაბო და მოჯავშნულ სადაზვერვო მანქანას, 80-ზე მეტ ავტომობილსა და სხვა შეიარაღებას. იმავე 70-იანი წლებიდან დასავლეთგერმანული და საბჭოთა ჯარების შეიარაღებუში, ჯავშანტრანსპორტერების გარდა, შედიოდნენ "მარდერისა" და ბმო-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც. ეს განაპირობა ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის საშუალებებისა და ხერხების განვითარებამ და, შესაბამისად, მოტოქვეითი ჯარების მხრიდან საბრძოლო ტანკებისთვის უფრო ქმედითი და ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობამ. ხოლო ჯავშანტრანსპორტერების შეზღუდული მობილურობა, თხელი ჯავშანი და მსუბუქი შეიარაღება უკვე ვეღარ უზრუნველყოფდა მოტოქვეითი ქვედანაყოფების წინაშე დასმადი ამოცანების შესრულებას. ამიტომ 70-იან წლებში აშშ-შიც დაიწყეს ახალი ქვეითთა საბრძოლო მანქანის შემუშავება და 1981 წლიდან ჯარებს მიაწოდეს M2 "ბრედლის" ტიპის ასეთი მანქანები. M113 სერიის ჯავშანტრანსპორტერებისგან განსხვავებით მათ აქვთ უფრო მტკიცე ჯავშანი, რომლის შუბლის ნაწილსაც ვერ იღებს 25-მმ ჭურვი, ხოლო ბორტებსა და კიჩოს _ მსხვილყალიბიანი ტყვიები. მართალია, იგი ორჯერ უფრო მძიმე M113 ჯავშანტრანსპორტერთან შედარებით (წონა 22,6 ტ), მაგრამ შეუძლია წყლის დაბრკოლებების ცურვით გადალახვა. M2 "ბრედლის" ძრავის სიმძლავრეა 500 ცხ. ძ. და ამ მაჩვენებლით იგი 2,3-ჯერ აღემატება M113-ის ძრავას. ხოლო ეს მნიშვნელოვნად ამაღლებს ქვეითთა საბრძოლო მანქანის მობილურობას, განსაკუთრებით გზების გარეშე სვლისას. M2 "ბრედლის" შეიარაღებაში გააჩნია 25-მმ ავტომატური ზარბაზანი და მასთან შეწყვილებული 7,62-მმ ტყვიამფრქვევი, ხოლო კოშკის მარცხენა მხარეზე აქვს "თოუს" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გასაშვები შეწყვილებული დანადგარი (საბრძოლო მარაგია 25-მმ ზარბაზნის 150 გასროლა, 4540 76,2-მმ ვაზნა და შვიდი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა "თოუ"). მისი ეკიპაჟი სამი ადამიანისგან შედგება _ მეთაური, დამმიზნებელი და მძღოლ-მექანიკოსი, სადესანტო განყოფილებაში კი თავსდება ფეხოსანთა ათეული. საბრძოლო მანქანის ბორტებსა და კიჩოში არსებული ამბრაზურებიდან ფეხოსნები ცეცხლს აწარმოებენ ორი 5,56-მმ ტყვიამფრქვევიდან და M16A2 საიერიშო შაშხანებიდან. კიჩოს ნაწილში არსებული კარი იძლევა სადესანტო განყოფილებაში მყოფი მებრძოლების ფარულად ჩამოქვეითების და ქვეით მწყობრში მოქმედებების გაგრძელების შესაძლებლობას. გარდა ამისა, M2 ქვეითთა საბრძოლო მანქანის ბაზაზე შეიმუშავეს M3 "ბრედლის" ტიპის საბრძოლო-სადაზვერვო მანქანაც, რომლის სადესანტო განყოფილებაშიც ქვეითთა ათეულის ნაცვლად თავსდება ორი დამკვირვებელი, ათი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა "თოუ", სადაზვერვო აღჭურვილობა და მოტოციკლი. ამავე დროს ჯარებში გამოჩნდა უფრო ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო და სადაზვერვო საშუალებები, ინფრაწითელი აპარატურა, ლაზერული აღჭურვილობა, რამაც კიდევ უფრო აამაღლა მოტოქვეითი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა. 80-იან წლებში აშშ არმიის სარდლობამ მოახდინა სახმელეთო ჯარების სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც მოტოქმეითი ბატალიონის სტრუქტურა რამდენადმე შეიცვალა. იგი ნაჩვენებია მე-2 ნახაზზე. მასში სამიდან ოთხამდე გაზარდეს მოტოქვეითი ასეულების რიცხვი. ამერიკული სარდლობის აზრით, ამას საშუალება უნდა მიეცა ბატალიონისთვის მოწინააღმდეგის ერთდროულად ორ ობიექტზე შესატევად. 81-მმ ნაღმსატყორცნები მოხსნეს მოტოქვეითი ასეულის შეიარაღებიდან, სამაგიეროდ ნაღმსატყოცნების ოცეულში 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნების რაოდენობა ექვსამდე გაზარდეს. ცეცხლით მხარდაჭერის ასეული გააუქმეს და მისი სადაზვერვო და ნაღმსაყორცნების ოცეულები საშტაბო ასეულში გადაიყვანეს; სამაგიეროდ გააძლიერეს ბატალიონის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები და უწინდელი ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის ბაზაზე ტანკსაწინააღმდეგო ასეული ჩამოაყალიბეს 12 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსით "თოუთი". საზენიტო საშუალებები მოტოქვეითი ბატალიონის შემადგენლობიდან გამოიყვანეს და გადასცეს ზემდგომი საჯარისო რგოლის ბრიგადისა და დივიზიიის საჰაერო თავდაცვის ერთეულებში, საიდანაც ბატალიონი სწავლებების პერიოდში ან საბრძოლო მოქმედებების დროს ღებულობს საჭირო რაოდენობის საზენიტო შეიარაღებას. 80-იანი წლების აშშ მოტოქვეით ბატალიონში მოითვლებოდა პირადი შემადგენლობის 870 ადამიანი, 56 ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 "ბრედლი" (თითოეულ მოტოქვეით ასეულში 13 მანქანა), 6 საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა M3 "ბრედლი", 23 ჯავშანტრანსპორტერი M113 (მათგან 15 საშტაბო ასეულისა და 4 ტანკსაწინააღმდეგო ასეულის ქვედანაყოფებში; (ანუ სულ 85 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა _ 56+6+23=85), 8 სამეთაურო საშტაბო მანქანა M577A1, 6 106,7-მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106A2, 12 თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "თოუ" M901, 36 გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გასაშვები დანადგარი "დრაკონი", 70 7,26 და 72 5,56-მმ ტყვიამფრქვევი, 500-ზე მეტი 5,56-მმ საიერიშო შაშხანა M16-მმ A2 და სხვა შეიარაღება. როგორც ვხედავთ, 80-იან წლებში გატარებულ სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად აშშ არმიის სარდლობას მოტოქვეითი ბატალიონის საბრძოლო შემადგენლობა დიდად არ შეუცვლია. მასში კვლავინდებურად დარჩა საბრძოლო (მოტოქვეითი), საბრძოლო უზრუნველყოფის (სადაზვერვო, ნაღმსატყორცნების, კავშირგაბმულობის, ტანკსაწინააღმდეგო) და ზურგის უზრუნველყოფის (სარემონტო, სამედიცინო, უზრუნველყოფის) ქვედანაყოფები. აღნიშნული გარემოება ჩვენც უნდა მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ მხოლოდ სახელების დარქმევა არ არის საკმარისი ამა თუ იმ ტიპის საჯარისო ნაწილებისა და შენაერთების ჩამოსაყალიბებლად. თანამედროვე სამხედრო საქმითა და სამხედრო ხელოვნებით ძალზე მკაფიოდ და გარკვევით არის დადგენილი მექანიზებული ქვეითი (მოტოქვეითი, მოტომსროლელი) ბატალიონებისა და ბრიგადების ტიპიური სავარაუდო სტრუქტურა და შეიარაღება. შესაბამისად უსვამენ მათ საბრძოლო ამოცანებსა და უსაზღვრავენ მოქმედებების ოპერატიულ-ტაქტიკურ ნორმატივებს. თანამედროვე სახმელეთო ჯარებში მოტოქვეითი ბატალიონები წარმოადგენენ ტაქტიკური თვალსაზრისით ყველაზე უფრო მოქნილ ქვედანაყოფებს, რომელთაც შეუძლიათ ტანკების კვალდაკვალ მიყოლა და მათთვის ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენა, მანქანებში და ქვეით მწყობრში ბრძოლის წარმოება, აერომობილურ ოპერაციებსა და საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერ სხვა სახეობაში მონაწილეობა, იმ შენაერთების ტანკსაწინააღმდეგო დაფარვის უზრუნველყოფა, რომელთა შემადგენლობაშიც ისინი შედიან. როგორც ვნახეთ, ტიპიურ ამერიკულ მოტოქვეით ბატალიონში არის 85 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა, გერმანულსა და თურქულში რამდენადმე ნაკლებია 65-70-ის ფარგლებში, ასევე სხვა ქვეყნების ჯარებშიც. ასეთ პირობებში ეუთო-ს ეგიდით 90-იანი წლების დასაწყისში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის განკუთვნილი არაუმეტეს 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანის კვოტა მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისცუნარიანი სახმელეთო ჯარების მშენებლობის მოთხოვნებს. შედარებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოს თანაზომადი ფინეთის არმიის შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 1063 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და მათ ბაზაზე შექმნილი არასაბრძოლო დანიშნულების მოჯავშნული მანქანა (ეს უკანასკნელები კვოტებში არ აღირიცხება), ხოლო შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში 1538 (მათგან 435 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 1103 ჯავშანტრანსპორტერი არასაბრძოლო მოჯავშნული მანქანების ჩათვლით). ასეთია დასავლურ სახელმწიფოთა გამოცდილება თანამედროვე მექანიზებული ქვეითი ჯარების მშენებლობაში და მისი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით გათვალისწინებისა და საქართველოსთვის დადგენილი ჩვეულებრივი შეიარაღებულის კვოტების გადასინჯვის გარეშე თავდაცვისუნარიან შეიარაღებულ ძალებს ჩვენ ვერ ავაშენებთ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |