|
"საქართველო "
რატომ არ ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვას ყოველთვის?
მანანა ლობჯანიძე
ინტერვიუ დეკანოზ ზაქარია ძინძიბაძესთან:
_ მამა ზაქარია, ადამიანების უმეტესობას ღმერთი მაშინ გვახსენდება, როცა გასაჭირში ვვარდებით და უბედურება გვატყდება თავს. ვიწყებთ ლოცვა-ვედრებას და განსაცდელისგან დახსნას ვითხოვთ, თუმცა, ყოველთვის ყველაფერი არ გვისრულდება. რა არის ლოცვა და როგორ უნდა ილოცოს ადამიანმა? _ ლოცვა არის უფალთან ვედრება, თხოვნა, პატიების მიღება, ყოველდღიური საუბარი ღმერთთან. თანამედროვე ტერმინოლოგიით მას შეიძლება ღმერთთან მედიტაცია ვუწოდოთ. ლოცვას თავისი სტრუქტურა აქვს. ეკლესიაში ახლადმოსული ადამიანები ღმერთს თავისი სიტყვებით მიმართავენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. წმინდა მამების მიერ დაწერილი ლოცვები სულიწმიდის მადლითაა შექმნილი, ამიტომ უფალი იმ ლოცვებს უფრო უსმენს, ვიდრე თვითნასწავლს. ჯერ სულიწმიდის მადლით დაწერილი ლოცვები წავიკითხოთ და მერე შეიძლება ჩვენი დავამატოთ. რაც შეეხება ლოცვის სტრუქტურას, ჯერ პატიება უნდა ვთხოვოთ ღმერთს ჩვენი ცოდვების გამო, შემდეგ მადლობა შევწიროთ ყოველივე იმისათვის, რაც გვაქვს და არა გვაქვს. ამის შემდეგ კი შეიძლება თხოვნით მივმართოთ მას. სახარებაში გვეუბნება უფალი, "ითხოვდეთ და მოგეცეთ, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო". სამწუხაროდ, მთელი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ ვიცით, რა და როგორ ვითხოვოთ. ამიტომაა, ღმერთი ხშირად რომ არ გვისრულებს თხოვნას. ლოცვის დროს უფალი ყველა ადამიანს უსმენს, მაგრამ წმიდა მამები ამბობენ, ბილწი კაცის ლოცვას, ვინც იგინება, იწყევლება, ღმერთი არ შეიწირავსო. ასეცაა, ხომ არ შეიძლება ერთ ქვაბში კარგი კერძი გავაკეთოთ, მერე შიგ პატარა სიბინძურე ჩავაგდოთ და ერთმანეთს არ აერიოს? ასეა, ერთი ცუდი სიტყვაც აფუჭებს იმ ვეებერთელა მადლს, რომელსაც ლოცვის შემდეგ ველოდებით უფლისაგან. _ ლოცვა ხმამაღლა უნდა წარმოთქვას ადამიანმა თუ გულში? _ რა თქმა უნდა, ხმამაღლა უმჯობესია. ლოცვას თავისი სტილი აქვს. წართქმით უნდა ხდებოდეს მისი წაკითხვა და არა გამოთქმით და გაპრანჭვით. თუ ხმამაღლა ლოცვა შეუძლებელია, მაშინ შეიძლება ჩუმადაც წარმოვთქვათ. _ ზოგჯერ ადამიანს უძნელდება ლოცვის წაკითხვა. გონება ეფანტება და სხვა რამეზე ფიქრობს. ასე იძულებით ლოცვას, მადლი აქვს? _ ლოცვა ეტაპობრივია. ადამიანს თავიდან სიამოვნებს ლოცვების კითხვა, შემდეგ უჭირს, გონება სხვაგან გაურბის, ყველაფერი მაშინ აგონდება. რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის. მაგრამ უმჯობესია, მაინც ვილოცოთ, თუნდაც ცუდად, მაგრამ მაინც ვილოცოთ. ეს იძულებით ლოცვა არ გახლავთ. ასე ნუ დავარქმევთ. ძალიან კარგია გემრიელი საჭმელი მივითრვათ ყოველდღე, მაგრამ ხანდახან ხდება, როგორიც გვინდა, ისეთი ვერ გამოგვდის კერძი. იმ დღეს მშივრები ხომ არ ვრჩებით, მაინც ვიღებთ საზრდოს. თუ საცივი ფიზიკური საკვებია. ლოცვა სულიერია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. _ სახარების მიხედვით ცნობილია, რომ უფალმა მოციქულებს დაუბარა, განუწყვეტლივ ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელშიო. დღევანდელი ჩვენი პირობები და საერთოდ, საერო ცხოვრება გამუდმებული ლოცვის საშუალებას არ იძლევა. _ ეს არ იქნება სწორი განმარტება. გამუდმებული ლოცვა იმას არ ნიშნავს, რომ დღე და ღამე, ქუჩაში, სახლში, სამსახურში, შეუწყვეტლივ ილოცო. გამუდმებული ლოცვა სისტემატური ლოცვაა. მე ასეთ შედარებას გავაკეთებდი: სპორტსმენი, რომელიც კარგ ფორმაში იმყოფება, თუ დღეებს გამოტოვებს და აღარ ივარჯიშებს, დაკარგავს თავის სპორტულ მონაცემებს. ასევეა მლოცველი ადამიანიც. ვინც თუდაც ერთ დღეს გამოტოვებს, პრობლემები იმ დღესვე გაუჩნდება. ბოროტი ძალა ჩასაფრებულია და იმ წუთშივე ეძგერება კაცს. მე ასე წარმოვიდგენდი ლოცვას. ეს არის ჯავშანი, "ბრონიჟილეტი", ადამიანი, რომელიც ლოცულობს, იმოსება ჯავშნით, რომელსაც ბოროტი ვერ ერევა. თუ ჩვენ არ ვილოცებთ ან არასრულად ვილოცებთ, დავისჯებით. ზოგი არჩევით ლოცულობს, ეს მომწონს, ის არაო. ასე არ შეიძლება, ყველა ლოცვა მოძღვრის კურთხევით ინიშნება და ჩვენს უნდა სისტემატურად შევასრულოთ. ქრისტიანობა ერთჯერადი პროცესი არ არის. სისტემატურობაშია მისი ძალა და არა ეპიზოდურობაში. მინიმალური ლოცვები, რომლის წაკითხვაც ყველა მორწმუნესათვის სავალდებულოა, არც ისე ბევრი გახლავთ. ესენია დილის და საღამოს ლოცვები, საათობრივი ლოცვები და დღეში ერთი კანონი მაინც ფსალმუნებიდან. ამის შემდეგ მოძღვრის კურთხევით სურვილისამებრ ყველას შეუძლია დაუჯდომლების წაკითხვა... _ თუ ადამიანი ინდივიდუალურ ლოცვებს ყოველდღე კითხულობს, საზოგადო ლოცვებზე _ წირვა-ლოცვაზე დასწრება აუცილებელია? _ ნამდვილად აუცილებელია. არსებობს ლოცვები, რომელსაც კაცი დამოუკიდებლადაც შეასრულებს, მაგრამ წირვა-ლოცვაზე ქრისტეს მსხვერპლშეწირვა ხდება, სადაც საეკლესიო კანონთა მიხედვით, დასწრება სავალდებულოა 2-3 კვირაში ერთხელ მაინც. _ სექტანტური ორგანიზაციების გავლენით ზოგი ადამიანი ბრკოლდება სარწმუნოებაში. ბევრი მათგანი თვლის, რომ ერთადერთი ლოცვა "მამაო ჩვენოა", რაც ქრისტემ მოწაფეებს ასწავლა, სხვა დანარჩენი ადამიანების შექმნილიაო და მათ წაკითხვას სავალდებულოდ არ მიიჩნევს. _ ღვთისმშობელმა რომ ლოცვები დაგვიტოვა, ისინი არ წავიკითხოთ, ანდა მოციქულმა პეტრემ, პავლემ? სულიწმიდით გაბრძობილი მამების მიერ არის დაწერილი და გადმოცემული ის ლოცვები. ისიც, რას ჰქვია საიდუმლო სერობა? ისეთ სერობას, სადაც ყველა კი არ დაუშვეს, არამედ მხოლოდ მოციქულები. საიდუმლო სერობაზე უფალმა მათ ასწავლა ისეთი რამ, რაც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი და არც არის საჭირო.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |