|
"საქართველო "
მალე გორის "ელექტროკავშირს" 2600 სარეზერვო ნომერი ექნება
ნანა ძველაია
კავშირგაბულობა ერთადერთი დარგია საქართველოში ბოლო პერიოდის მანძილზე, რომელსაც მასშტაბური ნგრევა ასე თუ ისე არ განუცდია და სიტყვა მომგებიანიც ასე თუ ისე შეიძლება ეწოდოს. კომუნიკაციებზე გაზრდილი მოთხოვნილება კონკურენციის გაძლიერებას იწვევს, კონკურენტუნარიან გარემოში თანაბარ პირობებში ყოფნა კი მომსახურების ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს. მაგრამ რა ხდება იქ, სადაც კონკურენცია მწვავე არაა და ინვესტორიც თანხებს არ დებს? _ ჩვენს ქალაქში კონკურენცია ჯანსაღ პირობებში მიმდინარეობს. თუმცა აქ ისეთი კონკურენტუნარიანი გარემო ნამდვილად არ არის, როგორც დედაქალაქში. დღეს გორში 11 სალაპარაკო პუნქტი გვაქვს, დანარჩენი ჩვენს კონკურენტებს ეკუთვნით. სულ მალე ახალი სატელეფონო სადგური დამონტაჟდება, რომლის გაშვების შემდეგ, დარწმუნებული ვართ, კონკურენციას იმ დონეზეც კი ვეღარ გაგვიწევენ, რასაც დღეს აქვს ადგილი, _ აცხადებს საქართველოს ელექტროკავშირის გორის ტერიტორიული ფილიალის მმართველი გივი სამადალაშვილი. დღეის მდგომარეობით, როგორც ბატონი გივი ამბობს, ობიექტი გამართულად მუშაობს, დანადგარები მწყობრშია. დღეისათვის აქ 7400 ნომერი მუშაობს და ყველა ათვისებულია. სადგური მთლიანად დატვირთულია და მოსახლეობის მოთხოვნილების ბოლომდე დაკმაყოფილება არ ხერხდება თავისუფალი ნომრების უქონლობის გამო. გულახდილ საუბარში ბატონ გივის პრობლემებიც არ დაუმალავს. ქსელი მოძველებულია და რაიონის შიდაქსელები განადგურებული და დატაცებულიო, დიდად არც გაგვკვირვებია. _ ეს, რა თქმა უნდა, ყველას საზრუნავია, მაგრამ რაიონის შემაერთებელი ხაზებისა და შიდა ქსელის აღდგენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ დადგება დრო და ჩვენც გვექნება თანამედროვე დონის აპარატურა _ ჩვენი რესპოდენტის ეს სიტყვები ოპტიმისტურად გამოიყურება. _ მე-2 სართულზე გარემონტდა ფართი, რომელიც აკმაყოფილებს ახალი ციფრული სატელეფონო სადგურის სტანდარტებს. აღნიშნული სადგური 1032 ნომრიანი იქნება. გამოდის, რომ 2600 ნომერი რეზერვიც გვექნება, რაც გორის მოსახლეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, _ თქვა გივი სამადალაშვილმა. იქ, სადაც უცხოელებს ჯერ ფეხი არ დაუდგამთ და ინვესტიცია არ ჩაუდევთ, თუ რამე კეთდება, ალბათ, აღარავის სჯერა, მაგრამ ასე სავალალოდაც რომ არ არის საქმე, ფაქტებზე გულითადი დაკვირვებიდან მაინც ჩანს.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |