|
"საქართველო "
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კანცელარიას
2002 წლის 31 აგვისტოს შევიკრიბეთ ცხინვალის რეგიონიდან თბილისში მცხოვრებ დევნილთა წარმომადგენლები, სხვა პრობლემებთან ერთად ვიმსჯელეთ საგანგაშო და გადაუდებელ საკითხებზე. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ დევნილთა ბედით ნაკლებად ინტერესდებიან ჩვენი რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაჭიანურდეს მშობლიურ კერებში ჩვენი დაბრუნება. მომხდარი მოვლენები და ფაქტები ადასტურებენ იმასაც, რომ 1991-92 წლების კონფლიქტის შემდეგ "მშვიდობიანობის" პერიოდში უფრო მეტი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, არბევენ და იტაცებენ ადამიანებს, კიდევ უფრო გაუარესდა დევნილთა და სამაჩაბლოს 9 სოფლის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ამის დამადასტურებელია 16 აგვისტოს მაღალჩინოსანი ქართველი სამხედრო მოსამსახურის _ ვიცეპოლკოვნიკ ზურაბ დურგლიშვილის გატაცება. ამ ფაქტს თითქოს მაშინვე გამოეხმაურა მთავრობა, პრეზიდენტმა კი ბრძანა: ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს დაევალათ სამ დღეში გამოიძიონ საქმე... მაგრამ დღესაც არ ვიცით გატაცებულის ადგილსამყოფელი, ვფიქრობთ, მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ამ რამდენიმე დღის წინათ კი დაარბიეს, ტვინის შერყევამდე სცემეს და სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში აღმოჩნდა ქურთის თემის პოლიციელი ჯუმბერ ბუგიანიშვილი. დაარბიეს აგრეთვე შინაგანი ჯარის ოფიცერი მევლუდ მაისურაძე. პატიოსანი და მამაცი ადამიანები, რომლებიც პატივისცემისა და სათანადო დაფასების ღირსნი არიან, ისჯებიან. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური და მოქალაქეობრივი უფლება არ არის სათანადოდ გამოყენებული, ხშირად დუმილს ვარჩევთ, ამიტომ არ უნდა შევარცხვინოთ ქართველი კაცის სახელი, არ დავივიწყოთ ურთიერთდახმარების საჭიროება, დავიცვათ ეროვნული ღირსება. ამიტომ მოგმართავთ. მოვითხოვთ პასუხს კითხვებზე, რატომ არ სრულდება პრეზიდენტის ბრძანება, რატომ ჭიანურდება გამოძიება, პასუხს აგებს თუ არა დამნაშავე?
კრების მონაწილეთა სახელით: გივი ჭამპურიძე, გივი კობალაძე, თამაზ ლურსმანაშვილი, ციცინო ბაბუციძე, რობერტ მამისაშვილი, ილია კობერიძე, ნანული ჭავჭავაძე.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |