"საქართველო "
# 9 (1781)
სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2002

ბოროტების სათავე, ანუ როგორ შეთითხნეს "მეგრელთა საქმე"

ვ. ნ. შონია

3. დაპატიმრებები და გამოძიების დაწყება

როგორც ზემოთ ითქვა, დაიწყო "მეგრელთა საქმის" გამოძიება. იგი მიჰყავდათ მოსკოვიდან საგანგებოდ გამოგზავნილ გამომძიებლებს: ცეპკოვს (ჯგუფის ხელმძღვანელი), ბოლხოვიტინს, შევრიტინს, ჟარკოვს, დეგტიარევს და სხვებს. გამოძიება მიდიოდა მთელი სიმკაცრით, ყველაზე არადაამიანური მეთოდების გამოყენებით.

ბერიას დღე და ღამე არ ეძინა, ათასნაირი ფიქრი უტრიალებდა თავში. იგი საბოლოოდ მიხვდა, თუ რა იყო მოწყობილი და რა მიზნით. მიხვდა, რომ მისთვის საფლავი ითხრებოდა. იგი ნათლად ხედავდა, რომ მიზანში ამოღებული იყო არა დაპატიმრებული მეგრული წარმოშობის ნომენკლატურული მუშაკები, არამედ თვითონ!

ახლა საჭირო იყო სტალინის დარწმუნება ყველა მოტანილი მასალის სიყალბეში, მაგრამ როგორ? ეს ხომ შეუძლებელი იყო ამდენი "მამხილებელი საბუთის" შემდეგ! მან კარგად იცოდა სტალინის ჯიუტი ხასიათი და, საბოლოოდ როცა დარწმუნდა, რომ სტალინს ვერავითარი ძალა ვერ ააღებინებდა ხელს სამეგრელოს გასახლებაზე, მაშინ მიიღო საგანგებო გადაწყვეტილება. ამ საშინელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბერიამ სცადა როგორმე ეხსნა განწირული სამეგრელო. ამ მიზნით სტალინთან დაახლოებული პირი_ აზერბაიჯანის ცკ-ს პირველი მდივანი მირ-ჯაფარ ბაგიროვი მიაგზავნა. ეს უკანასკნელი ყოველ მხრივ შეეცადა სტალინი დაეყოლიებინა, რათა ხელი აეღო მეგრელთა გადასახლებაზე, მაგრამ საუბედუროდ მან ეს ვერ შესძლო.

უკვე გაცემული იყო განკარგულება სპეციალური ვაგონების მომზადებაზე, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. მგელაძე უკვე ხედავდა, რომ რუხაძემ იგი ჩაითრია ღმერთისა და ერის წინაშე მეტისმეტად მძიმე დანაშაულში. მგელაძეს ბარამიას განადგურება ეწადა. თუ მას ბერიაც მიჰყვებოდა, მთლად უკეთესი. უდანაშაულო ადამიანების გადასახლება (თითქმის 1 მილიონი კაცის) მას არაფერში ჭირდებოდა. ამას მოწმობს მისი ერთ-ერთი საუბარი რუხაძესთან. ..."კოლია, ხომ მეტისმეტი არ კეთდება?" "ნუ დარდობ აკაკი ივანეს ძევ, თქვენ ის ნახეთ, როცა ყველაზე დიდ მეგრელს ყურით ჩამოვიყვანთ აქ", მიუგო რუხაძემ.

რუხაძე ფიქრობდა: გავასახლებთ სამეგრელოს, ბერიაც გასახლდება ე. ი. მოიხსნება დაკავებული თანამდებობიდან. ამის შემდეგ რუხაძისათვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა ბერიასათვის ნებისმიერი ბრალდების წაყენება და ამ გზით მისი მოსპობა. რატომ? რისთვის ყოველივე ეს? უდავოა, იმისათვის, რომ ბერია ჩამოეგდოთ, მის ადგილზე მგელაძე წასულიყო მოსკოვში, ამით კი რუხაძეს გზა ეხსნებოდა შინაგან საქმეთა საკავშირო მინისტრის მაღალი პოსტისაკენ. ე. ი. სახეზე იყო საქართველოსათვის ისტორიულად დამახასიათებელი ბრძოლა ტახტისათვის. თვითგანდიდების პათოლოგიური მანია, რომელიც სულმოკლე კაცუნას საკუთარ ძმას და ახლობელს გაამეტებინებს ხოლმე პირადი აღზევებისათვის.

* * *

აფორიაქდა რესპუბლიკა. დაიწყო მასიური დაპატიმრებები. ხალხმა არც კი იცოდა, თუ რა ხდებოდა. თვით დაპატიმრებულები ფიქრობდნენ "ალბათ მოხდა გადატრიალება და შეიცვალა წყობილებაო".

ყველა დაპატიმრებული მოათავსეს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ე. წ. შიდა ციხეში, სადაც საერთოდ ამწყვდევდნენ პოლიტიკურ პატიმრებს და გამოვლენილ უცხოეთის ჯაშუშებს. აქ საგანგებო რეჟიმი და წესებია. "კამერაში" (საკანში) თითო კაცი ზის, ნებადართული არაა ოჯახის წევრების მხრიდან ტუსაღის ნახვა, არც რაიმე საჭმლის შეგზავნა. ტუსაღს მხოლოდ განსაზღვრულ საათზე აძინებენ. სხვა დროს მათ დაძინების ნება არა აქვთ. საკნის კარზე დატანებული სპეციალური სათვალთვალოდან ("ვალჩოკიდან") ზედამხედველი ყოველ 15-20 წუთში იხედება და ამოწმებს, ხომ არ არღვევს ვინმე ამ წესს. თუ ვინმე წამოწვება და დაიძინებს, იგი უმალ მიყავთ "კარცერში", სადაც სიბნელე და სინესტეა. იქ დასაწოლი ადგილი არ არის, ტუსაღს შეუძლია მხოლოდ დაჯდეს, მაგრამ რაზე, როცა აქ სკამი არ არის? თუმცა იქ სკამი არც დაიდგმება, რადგან საამისო ადგილი არ რჩება. ჰოდა, კარცერში წაყვანის შიშით არავინ არ იძინებს. თუ კარცერში ვინმე ორი-სამი დღით ან მეტი ხნით მოხვდა, იგი იქედან ნახევრად სიცოცხლეწართმეული და ჯანმრთელობაშერყეული ბრუნდება.

დაიწყო დაპატიმრებულთა დაკითხვები. ძნელია ენით აღწეროს კაცმა ის ტანჯვა-წამება, რაც გადახდათ მათ. სულიერ აფორიაქებას და აღშფოთებას იწვევდა ის, რომ ბრალად ედებოდათ არარსებულ "მეგრულ-ნაციონალურ ჯგუფში" მონაწილეობა და თურქეთის დაზვერვასთან კავშირი.

კაცი ვერ წარმოიდგენს ტანჯვა-წამების იმ მეთოდებს, რომელსაც გამოძიების დროს იყენებდნენ გამომძიებლები. უნდა აღინიშნოს ის, რომ ინკვიზიციის არცერთ მსახურს ასე გულმოდგინედ, ასე სრულყოფილად და ასეთი მასშტაბით არ გამოუყენებია ტანჯვის იარაღები, როგორც ამას იყენებდნენ მოსკოვიდან მოვლინებული გამომძიებლები. მათთვის არ იყო უცხო ის მეთოდები, რასაც გამოსატეხი სამხედრო ტყვეების მიმართ იყენებდნენ გერმანელი ფაშისიტები. მაგალითად, ტუსაღს გახდიდნენ, ვაზელინწასმული ბოთლის თავზე დასვამდნენ. ბოთლის თავი შედიოდა უკანა ტანში, მერე ფეხებსა და ხელებს დაუჭერდნენ. აუტანელი ტკივილისაგან ტუსაღი ყვიროდა, კვნესოდა. იყო შემთხვევა, როცა გრიგოლ კოკაიას (ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი) და სხვებს გახურებული ნემსი თითის ფრჩხილში შეუყვანეს. სპეციალური გირაგით აწარმოებდნენ თავის მოჭერას. გამომძიებელი გამოიძახებდა ტუსაღს, დააყენებდა კედელთან, თვითონ კი წერდა. ეს გრძელდებოდა საათობით, კედელთან გაუნძრევლად დგომა იყო ძიების ერთ-ერთი მეთოდი; კედელთან დიდი ხნის ნადგომ ტუსაღს შეიყვანდნენ სხვა გამომძიებლის ოთახში, _ იქაც კედელთან დიდი ხნის დგომა, შემდეგ წაიყვანდნენ მესამესთან და ა. შ. ეს პროცესი გათენებამდე გრძელდებოდა, იქ კი დაძინების არც უფლება ჰქონდა და არც საშუალება, რადგან, როგორც ადრე ვთქვით, ზედამხედველი წამდაუწუმ იჭვრიტებოდა "ვალჩოკიდან". გადიოდა დღეები, საქმეს ბოლო არ უჩანდა. ყველა დაპატიმრებული, როგორც ერთი, იმეორებდა, რომ არაფერი იცოდა და არც სმენია რაიმე ჯგუფის არსებობაზე და, მით უმეტეს, თურქეთის დაზვერვასთან კავშირზე.

როდესაც ზუგდიდის რაიკომის პირველ მდივანს გრიგოლ ჩაჩიბაიას წაუკითხეს მასზე წაყენებული ბრალდება, გული წაუვიდა, გონებადაკარგული ჩაიკეცა. მიეშველნენ, წამოაყენეს, სკამზე დასვეს და ოდნავ დაამშვიდეს. შემდეგ მას გამომძიებელმა მიმართა:

_ ბრალდებულო ჩაჩიბაია, გვითხარით თქვენი სახელი, მამის სახელი, დაბადების წელი, ადგილი, სად მუშაობდით მანამ, სანამ გახდებოდით ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივანი და ა. შ.

როცა გამომძიებელმა დაამთავრა საქმის სააკენტო ნაწილის შევსება, მიმართა პატიმარს:

_ ბრალდებულო ჩაჩიბაია, თქვენ ბრალი გედებათ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-1-ა მუხლით. გათვალისწინებული ბრალდება ნიშნავს: სამშობლოს ღალატს, მის წინააღმდეგ ძირგამომთხელ მუშაობას, უცხოეთის დაზვერვასთან კავშირს და ა. შ. რა შეგიძლიათ თქვათ ყოველივე ამის გარშემო?

გრიშა კარგახანს ხმას არ იღებდა, შემდეგ მძიმედ ამოიკვნესა და თქვა: "ყველაფერს უნდა მოვესწრო, ნუთუ საბჭოთა ხელისულება კიდევ არსებობს, სტალინი გენერალური მდივანია და მე კომუნისტური პარტიის ერთგულ ჯარისკაცს ასეთ შეკითხვას მაძლევთ? გთხოვთ გამარკვიოთ, რა ხდება, ვის რაში სჭირდება ასეთი ცრუ ბრალდების შეთხზვა, ასეთი საზარელი და ცრუ ბრალდების წაყენება ჩემზე, რითი დავიმსახურე მე ყოველივე ეს, ან თუ გნებავთ სხვებმაც, ვინც აქ გყავთ დაპატიმრებული?"

ჩაჩიბაიას თავდაპირველად ეგონა, რომ მარტო თვითონ იყო დაპატიმრებული. დაკითხვაზე როცა მოჰყავდათ, დერეფანში თვალი მოჰკრა მამანტი პაჭკორიას (ჩხოროწყუს რაიკომის პირველი მდივანი) და სევერიან ებრალიძეს (აბაშის რაიკომის პირველი მდივანი). მაშინ დაფიქრდა და გულში თქვა: "რას ნიშნავს ყოველივე ეს, ნუთუ ეს ცხადია და არა სიზმარი?" გრიშას თვალთ დაუბნელდა, ერთხანს ვერაფერს ხედავდა, შემდეგ თავი ასწია, გამომძიებელს თვალი თვალში გაუყარა და მიმართა:

"პატივცემულო გამომძიებელო, ბრალდება საკმაოდ მძიმეა, ამას ვხედავ, მაგრამ ვერ გამირკვევია, რა ხდება. ნუთუ ყველაფერი შეიძლება დააბრალონ კაცს? ან ბრალდებას ხომ გამოძიების მხრიდან დადასტურება სჭირდება, მას ჭირდება მოწმეები, ფაქტები და ა. შ. არსებობს თუ არა ასეთი რამ?"

გამომძიებელი თითქოს არ ელოდა ასეთ კითხვას, განრისხდა, სახე წამოუწითლდა და საკმაოდ უხეში ტონით მიმართა ჩაჩიბაიას:

"თქვენ იცით თუ არა, სადა ხართ? თქვენ იცით თუ არა, რომ აქედან ცოცხლად იშვიათად გადიან; და თქვენ თუ ჯიუტობას აპირებთ, წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებთ და გულწრფელი არ იქნებით, იცოდეთ, რომ ცუდი განსაცდელი გელით. მე გირჩევთ, განაგრძო გამომძიებელმა _ აღიარეთ ყველაფერი. რა ვუყოთ, უშეცდომო ადამიანები არ იბადებიან, თქვენ ჩაგითრიათ ამ საქმეში ბარამიამ. ბარამიას დიდი გავლენა ჰქონდა თქვენზე და თქვენს კოლეგებზე, ამიტომ მოხდა ყველაფერი ეს. ჩვენ გვინდა თქვენ თქვენივე პირით თქვათ ისე, როგორც იყო. ფაქტებს შელამაზება არ სჭირდება, ამით იცოდეთ სასჯელსაც შეიმსუბუქებთ. სასამართლო ჰუმანურობას იჩენს იმ პატიმარის მიმართ, რომელიც თავისი პირით აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მას ყოველთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს აძლევს". ასეთმა ცინიკურმა ტონმა აღაშფოთა გრიშა. კინაღამ დაკარგა წონასწორობა და უნდოდა ეყვირა, მაგრამ რაღაცნაირად თავი შეიკავა, უაზროდ მიაშტერდა გამომძიებელს და მიახალა:

_ რითი მიდასტურებთ ყოველივე იმას, რასაც თქვენ მაბრალებთ?

_ დამადასტურებელი ფაქტები და საბუთები გვაქვს არაერთი და ორი. ე. ი. თქვენ სრულებით არ გრძნობთ თავს დამნაშავედ, არა?

_ სრულებით არ ვგრძნობ! _ იყო პასუხი.

_ მაშ კარგი, გეგეჭკორში (ახლანდელ მარტვილში) ბარამიამ მოიწვია თათბირი, სადაც ესწრებოდით თქვენ, მამანტი პაჭკორია, მიშა კვარაცხელია (წალენჯიხის რაიკომის პირველი მდივანი), სევერიან ებრალიძე და სხვები. რა საკითხზე ითათბირეთ?

ჩაჩიბაიამ უპასუხა: "კი, თათბირი ჩატარდა, ამ თათბირს მეც ვესწრებოდი".

_ ახლა მომიყევით, თუ რა საკითხებზე იმსჯელეთ, რა დადგენილება მიიღეთ.

_ კი, გეგეჭკორში ჩატარდა თათბირი. მას ესწრებოდა სამეგრელოს რეგიონის შვიდი რაიკომის პირველი მდივანი. სამეგრელოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს სამკურნალო ადგილი ლებარდე. იგი განთქმულია საუკეთესო ჰავით და სამკურნალო მინერალური წყლებით. იქაური ჰაერი საოცრად მოქმედებს მალარიით, ტუბერკულოზით და ვენერიული სენით დაავადებულებზე. განსაკუთრებით სასარგებლოა ლებარდე ავადმყოფი ბავშვებისათვის. იქ რომ დასვენების ელემენტარული პირობები მაინც ყოფილიყო და არსებულიყო მისასვლელი გზა, ეს იქნებოდა ხალხისათვის დიდი სასიკეთო საქმე.

_ ჰა, ჰა, ჰა... ირონიულად ჩაიქირქილა გამომძიებელმა და ჩაჩიბაიას სიტყვა გააწყვეტინა.

_ ე. ი. თქვენ ზრუნავთ ხალხის კეთილდღეობისათვის, არა?

_ დიახ! _ იყო პასუხი.

_ კარგი. განაგრძეთ. გეგეჭკორში თათბირის მოწვევა რაში დაგჭირდათ?

_ თათბირი იმისათვის ჩატარდა, რომ მობილიზაცია ჩატარებულიყო როგორც მუშახელისა, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისა. კერძოდ: ურმების ავტომანქანების და ტრაქტორების. იქვე დაიგეგმა, თუ რომელ რაიონს გზის რომელი უბანი უნდა გაეფართოებინა და მოეხრეშა. ლებარდემდე გადიოდა საცალფეხო გზა, სადაც ფეხით მოსიარულეს ან ცხენიან კაცს თუ შეეძლო გავლა, ისიც არა ყველგან. ამ გზით მწყემსები ნახირს მიერეკებოდნენ საზაფხულო საძოვრებზე.

_ მაშ, მეტი არაფერზე გისაუბრიათ?

_ როგორ არა, თითოეულმა მდივანმა ბარამიას მოახსენა თავისი რაიონის სამეურნეო დავალებათა შესრულების მიმდინარეობის საკითხები. შემდეგ გეგეჭკორის რაიკომის პირველმა მდივანმა _ პარმენ კორთხონჯიამ დაგვპატიჟა, კარგი პურმარილით გაგვიმასპინძლდა. ბოლოს, ღამის 12 საათზე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მე მეორე დღესვე გამოვიძახე: კოლმეურნეობათა თავმჯდომარეები, მეურნეობათა დირექტორები, სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეები და ქალაქის ზონაში მცხოვრები აქტივის წევრები. მათთან ჩავატარე თათბირი. ყველას დავალება მივეცი, ყველაფერი ისე დაიგეგმა, რომ თითოეულმა იცოდა, რა როგორ ეკეთებინა. თათბირის გამართვიდან მეოთხე დღეს 100 ურემი, 300-ზე მეტი კოლმეურნე, 8 სატვირთო ავტომანქანა და ორი ტრაქტორი მზად იყო წასასვლელად ლებარდეს გზის მშენებლობაზე. კოლონას მივუძღოდით წინ მე და აღმასკომის თავმჯდომარე გუგუ გობეჩია. მივედით თუ არა ადგილზე, მაშინათვე შევუდექით ჩვენთვის გამოყოფილი გზის უბნის გაფართოება-გასწორებას და მოხრეშვას. დავალება ერთი კვირის თავზე წარმატებით შევასრულეთ, რისთვისაც საქართველოს კპ(ბ) მაშინდელმა მეორე მდივანმა მ. ბარამიამ ზუგდიდელ მშრომელებს მადლობა გამოგვიცხადა.

გამომძიებელმა გრიშას კიდევ ბევრი შეკითხვა დაუსვა და როცა დარწმუნდა, რომ ეს კაცი თავს არ გრძნობდა დამნაშავედ, დაკითხვა შეწყვიტა და საკანში გაგზავნა. იგივე ბრალდება, იგივე შეკითხვები. დაკითხვები მეტწილად გვიან ღამით ეწყობოდა. ყველაფერი, რაც ამ კაცის გარშემო ხდებოდა, იყო ყოველგვარ ზღვარს გადასული სადიზმი. დიდი ნებისყოფა და ვაჟკაცობა იყო საჭირო ყოველივე ამის გასაძლებად. ჩაჩიბაია ჯერჯერობით ყველაფერს იტანდა.

ერთხელ, გვიან ღამით გამომძიებელმა ისევ ამოაყვანინა გრიშა. შემდეგ გაიბა საუბარი ნაცნობ თემაზე. მეორდებოდა იგივე კითხვები, რაც წინა ღამეებში დაუსვეს მას.

ჩაჩიბაიას თავი ჩინებულად ეჭირა. ეტყობოდა, შეგუებოდა პირობებს და გარემოს. თუ წინა დღეებში გაოგნებული იყო ყოველივე იმით, რაც მის გარშემო ხდებოდა, ახლა უფრო მხნედ გამოიყურებოდა. ფიქრობდა თავისთვის: "ხომ არაფერში არა ვარ დამნაშავე, ნუთუ სიმართლე არ დადგინდება და ამ მონაჭორს ფარდა არ აეხდება?" ნათქვამია, "კაცი იმედით ცხოვრობსო" და აი, სწორედ ეს იმედი ასულდგმულებდა განსაცდელში ჩავარდნილს.

გამომძიებელმა წერა შეწყვიტა, თავი მაღლა ასწია და ტუსაღს მიმართა:

_ თქვენ თავს დამნაშავედ არაფერში არ გრძნობთ. კეთილი და პატიოსანი. არც იმაში ხართ დამნაშავე, რომ ჩაის კრეფის სეზონში სკოლებში მასიურად წყვეტდით მეცადინეობას და მოსწავლეები ჩაის საკრეფად გაგყავდათ?

_ მე რესპუბლიკის ინტერესები მამოძრავებდა, ვიბრძოდი იმისათვის, რომ ჩაის კრეფის გეგმა არ ჩავარდნილიყო. ჩაი თავისებური მცენარეა. ის თუ ზუსტად აგროტექნიკურ ვადაში არ მოიკრიფა, ხარისხს კარგავს, ფოთოლი გაუხეშდება, ხოლო უხეში ფოთლისაგან მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღება შეუძლებელია. ეს კი რესპუბლიკის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. როცა მაისის შუა რიცხვებში ჩაი მასიურად შემოვა, მუშახელი არ გვყოფნის. ამიტომ იძულებული ვართ ერთი-ორი კვირით მოსწავლეები გავიყვანოთ ჩაის საკრეფად. მე პირადად ამაში არავითარ დანაშაულს არ ვხედავ, ეს არის და ეს.

_ არც ის არის დანაშაული, რომ თქვენ რაიონის კოლმეურნეობებს თავზე მოახვიეთ: თეატრის, იპოდრომის და სტადიონის მშენებლობა? ობიექტები, რომლებიც საერთოდ მშენებლობის გეგმაში არ იჯდა, თქვენ თვითნებურად, კოლმეურნეობების თანხებით და მუშახელით ააშენეთ. ამით იცით თუ არა, რომ თქვენ კოლმეურნეობების ეკონომიკას ძირი გამოუთხარეთ? რას იტყვით?

_ ჩვენი ქალაქი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ მოსალოდნელზე უფრო სწრაფად გაიზარდა. ქალაქში მცხოვრებთა რიცხვმა ორმოც ათასს გადააჭარბა. ქალაქს აუცილებლად სჭირდებოდა თეატრი. გარდა ამისა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ სპორტის განვითარებას, ვინაიდან იგი ქვეყნის თავდაცვის და სამხედრო ძლიერების საწინდარია. დიახ, ამ მიზნით ჩვენ ავაშენეთ სტადიონი და მოვაწყვეთ იპოდრომი. მართალია, ამ საშვილიშვილო საქმეში უშუალო მონაწილეობა მივაღებინეთ კოლმეურნეობებს, მაგრამ გთხოვთ გამიგოთ სწორად. მონაწილეობა მივაღებინეთ იმდაგვარად, ვისაც როგორ შეეძლო და ვისაც რითი შეეძლო. ეკონომიკურად შედარებით სუსტმა კოლმეურნეობებმა მინიმალური თანხა გადარიცხეს, შეძლებულებმა, ცხადია, _ მეტი. იყო ხალხის ენთუზიაზმი ამ საქმეში. ხალისით მიდიოდნენ სამუშაოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ამასთან ერთად არცერთ კოლმეურნეობაში ძირითადი სამუშაოები არ ჩაგვიშლია. ჩვენ აქ ავამოქმედეთ ყველა რეზერვი და გავაკეთეთ ჩემი გაგებით საერთო-სახალხო საქმე. არც ამაში ვხედავ მე რაიმე უცნაურს და უკანონოს.

ყვებოდა ყოველივე ამაზე თვითდაჯერებით პატიმარი. გამომძიებელი კი რაღაცას გამალებით წერდა. ჩაჩიბაიას ეგონა გამომძიებელს მისი სიტყვები შეჰქონდა დაკითხვის ოქმში, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ ხდებოდა. კერძოდ: გამომძიებელს სულაც არ აინტერესებდა ჩაჩიბაიას პასუხები. იგი თანდათან რწმუნდებოდა, რომ ეს კაცი არაფერში არ იყო დამნაშავე, მაგრამ მათი მიზანი იყო მიეღწიათ პატიმრის აღიარებისათვის. ბევრმა დაპატიმრებულთაგანმა ვერ გაუძლო ფიზიკურ წამებას და ხელი მოაწერა დაკითხვის ოქმს ისე, რომ არც კი წაუკითხავს შიგ რა ეწერა.

წაყენებული ბრალდება არ აღიარეს და დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერეს გრიშა ჩაჩიბაიამ, მამია ზოდელავამ, სევერიან ებრალიძემ და სხვებმა, თუმცა მათ ასეთი მოქმედება თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ჩაჩიბაია ცალი თვალით დაბრმავდა, ებრალიძე რამდენჯერმე გონებაწართმეული გამოიყვანეს გამომძიებლის კაბინეტიდან, საგრძნობად შეირყა სხვათა ჯანმრთელობაც.

გამომძიებელთა სისასტიკეზე და არადაამიანური მეთოდების გამოყენებაზე 45 საჩივარი გაიგზავნა სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის სახელზე, მაგრამ არცერთ მათგანზე რეაგირება არავის არ მოუხდენია.

ორიოდე სიტყვით გვინდა მკითხველს გავაცნოთ ჩამოთვლილი პირების ვინაობა:

გრიგოლ დუტუს ძე ჩაჩიბაია წარმოშობით მარტვილის რაიონიდან იყო, მუშაობდა ნარაზენის ჩაის საბჭოთა მეურნეობის პარტბიუროს მდივნად. 1937 წელს რეპრესიის მსხვერპლი გახდა მაშინდელი ზუგდიდის რაიკომის პირველი მდივანი იუსტინე გვასალია. ამ თანამდებობაზე არჩეულ იქნა კირილე ბეჭვაია. იგი მალე შეცვალა გრიგოლ დუტუს ძე ჩაჩიბაიამ. იგი მთელი მონდომებით შეუდგა საქმეს. იყო დაუღალავი კაცი და კარგი ორგანიზატორი. დღენიადაგ ზრუნავდა ქალაქის გამწვანება-გალამაზებისათვის. არც კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში მიდიოდა საქმე ცუდად. რაიონში ჩამორჩენილი კოლმეურნეობები თითზე ჩამოსათვლელი იყო. ყველა სახის სამეურნეო გეგმებს რაიონი გადაჭარბებით ასრულებდა. ერთი სიტყვით, გ. ჩაჩიბაია იხსენიებოდა საქმისათვის თავდადებულ კაცად. მას ერთი წუთითაც არ უზრუნია უდარდელი სიბერისათვის, არ ჰქონდა საკუთარი სახლი, ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში, მისი მეუღლე ელპიტე გეგენავა იყო ჟურნალისტი, მათ ჰყავდათ სამი შვილი _ ორი გოგო და ერთი ბიჭი. როცა გ. ჩაჩიბაია დაიჭირეს, ცოლ-შვილი ფაქტიურად ღვთის ანაბარა დარჩა, ყოველგვარი დანაზოგის გარეშე, უსახლოდ. ახლობლებს ეშინოდათ რაიმე დახმარება გაეწიათ ოჯახისათვის. თვითმხილველები ჰყვებოდნენ: მეუღლის დაპატიმრების შემდეგ ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ელპიტე მეუღლის კოსტიუმს და პალტოს ჰყიდდა თბილისში საბურთალოს ბაზარზეო.

რეაბილიტაციის შემდეგ გ. ჩაჩიბაია მუშაობას იწყებს გალის რაიონის აჩიგვარის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად. იგი გარდაიცვალა 1984 წელს.

მამანტი ილარიონის ძე პაჭკორია დაიბადა 1915 წელს, წარმოშობით იყო სოფელ ცაიშიდან. 1938 წელს წარჩინებით ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტს. იმავე წელს მუშაობას იწყებს ზუგდიდის პედაგოგიურ სასწავლებელში. რაიონის ხელმძღვანელობისათვის შეუმჩნეველი არ დარჩა ეს ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი და მას მალე რაიონის პროკურორის თანამდებობაზე აწინაურებენ. იგი დამოუკიდებლად დაეწაფა იურიდიულ მეცნიერებას და რიგი წლების განმავლობაში მაღალკვალიფიციურად ასრულებდა სახელმწიფო ბრალმდებლის საპასუხისმგებლო მოვალეობას.

რაიონის პროკურორის თანამდებობიდან მას აწინაურებენ პარტიის ზუგდიდის რაიონული კომიტეტის მეორე მდივნად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1948 წლამდე. პარტიულ მუშაკად მისი ჩამოყალიბება გ. დ. ჩაჩიბაიას ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა.

1948 წელს პაჭკორიას ნიშნავენ ჩხოროწყუს რაიკომის პირველ მდივნად, სადაც მუშაობს დაპატიმრებამდე. იგი სხვებთან ერთად, როგორც უდანაშაულო, შემდგომში რეაბილიტირებულ იქნა. ამის შემდეგ იგი ისტორიულმა მეცნიერებამ გაიტაცა. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ამჟამად მუშაობს ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, კითხულობს საქართველოს ისტორიის კურსს, არის პროფესორი.

სევერიან პლატონის ძე ებრალიძე დაბადებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხასკარში. სხვადასხვა დროს მუშაობდა რაიონული გაზეთის რედაქტორად, პარტიის რაიკომის მდივნად, ხოლო დაპატიმრებამდე აბაშის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნად, რეაბილიტაციის შემდეგ _ ანაკლიის მერძევეობა-მეკამეჩეობის მეურნეობის დირექტორად. სოფელ ჯიხასკარის ჩაის ფაბრიკის დირექტორად, ქალაქის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსად. იგი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. დასანანია, რომ ამჟამად ს. პ. ებრალიძე არაა ცოცხალი. იგი გარდაიცვალა 1984 წელს, განისვენებს მაცხოვრის კარის გამოჩენილ ადამიანთა პანთეონში.

საჭიროა ყველა რეპრესირებულზე უფრო ვრცლად ითქვას, მაგრამ ამჟამად ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, რისთვისაც ყველა რეპრესირებულს ბოდიშს ვუხდით. არსებითია ის მომენტი, რომ ყოველი მათგანი გმირულად იქცეოდა ძიების დროს, რაინდულად გაუძლეს წამებას და ამით სახელოვანი ფურცლები შემატეს ბედკრული საქართველოს ისტორიას.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2002

Click Here!

მოგვწერეთ opentext@flashmail.com