"საქართველო "
# 9 (1781)
სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2002

შევარდნაძის საშინაო პოლიტიკა (გადატრიალება? გაქცევა? თუ სირაქლემის სიჯიუტე?)

შევარდნაძის რეიტინგი ქართველებში რომ ნოლია, ყველამ იცის. სხვა მოქალაქეთაგან მის დასაცავად თავს არავინ გამოიდებს (მაქსიმუმი, რაც მისთვის შეიძლება გაკეთდეს, იქნება მორჩილი ხმის მიცემა ზოგ სპეციფიკურ რეგიონში, რაც ხმათა დაახლოებით 25+ შექმნის). თითქმის საყოველთაო სიძულვილით გარემოცული, იგი შიშით ატანილი ეჭიდება ე.წ. "სავარძელს" და, პირველ ყოვლისა, მიჰმართავს პოტენციური მასობრივი მხვრეტავებისგან შემდგარ სპეციალური რაზმების შექმნას, რათა ქუჩაში გამოსულ სტიქიურ დემონსტრაციას ცეცხლით გაუმასპინძლდეს. ეს რაზმები იქმნება ოფიციალურ სტრუქტურებშიც და მათ გარეთაც, იქმნება საქართველოს ძირითადი რელიგიის მრევლიდან აკრებილიც და მუსლიმანურის მრევლიდანაც, ფორმიანიც და უფორმოც. პრეზიდენტის უცნაური პოზიცია რელიგიის დარგში _ ის, რომ იგი მიზანმიმართულად "აპარპაშებს" "იეღოველებს", რომელთა პროზელიტიზმის აღკვეთისთვისაც საქართველოს არსებული კანონმდებლობა საკმარისზე მეტ საფუძველს იძლევა, და ამავე დროს რეაგირების გარეშე ტოვებს მკალავიშვილის აქციებსაც, რომლებიც აგრეთვე კანონის მოთხოვნებს არ ეთანადება, ბადებს ეჭვს (მით უმეტეს, იმაში, ვინც "მსოფლიო პოლიტიკოსის" ზნესა და სულისკვეთებას იცნობს), რომ ამით ხდება ერთი მხარის სტიმულირება მეორე მხარისათვის ძალადობის უკიდურესი ფორმების მისაყენებლად, რათა ამით მოხდეს "ბრბოს" დისკრედიტაცია და მის წინააღმდეგ ტყვიის გამოყენების "გამართლება" ძალიან ახლო მომავალში. ცნობილია უდიდესი იურიდიული აბსურდიც _ "კაზაკთა" არმიის (ოფიციალური სტრუქტურის მქონე სამხედროფორმიანი ორგანიზაციის) შექმნა, რომელიც პირადად პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია და რომლის წევრები შესვლისთანავე თანხას იღებენ (ვისი ფონდებიდან, ძნელი მისახვედრი არაა). ყოველივე თქმული უძლური პრეზიდენტის მოქმედების ერთ ვარიანტში _ ძალადობითი, ანუ "სავარძლის" რაგინდარა საშუალებით შენარჩუნების ვარიანტში _ თავსდება.

უეჭველია, რომ ეს ვარიანტი პრეზიდენტის სულისა და გულისთვის ყველაზე უფრო სასურველი ვარიანტია. მაგრამ სავარაუდოა, რომ არსებობს სხვაც. რადგან მოსკოვში, საიდანაც საქართველოს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა იმართება, შესაძლებელია სხვა სცენარი უფრო მიზანშეწონილად ჩათვალონ. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური ვაკუუმის (სიცარიელის) გაჩენის შემთხვევაში ამ ვაკუუმის შევსებისათვის ორგანიზაციულად მომზადებული არის მხოლოდ ერთი ძალა _ რუსული ძალა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვის (დპს) მეთაურობით, რომელსაც საქართველოში უზარმაზარი და დღემდე ხელუხლებელი (დაუსჯელი) აგენტურა ჰყავს. აგრეთვე ღია კომუნისტების ორგანიზაციები, "კაზაკების" ზემოხსენებული არმია და არაერთი სხვა. რუსეთი, რომელსაც ამიერკავკასიაში პერსპექტივა არა აქვს, მიუხედავად ამისა, საფიქრებელია, გეგმავს ამ ძალთა მოსვლას საქართველოს ხელისუფლების სათავეში, რათა ძლიერი იურიდიული პოზიციაა შეიქმნას დასაბრუნებლად და დასავლეთის გაძლიერების დასაბლოკავად თუნდ რამდენიმე წლით მაინც, სანამ შუა აზიაში და მისკენ მიმავალ გზებზე ძალთა მიმართება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლობა-ქმნადობის მდგომარეობაშია. ვინ არის ამის საპირისპირო ძალა, რომელსაც მეტ-ნაკლებად ორგანიზებული და სამოქმედოდ გამზადებული სახე აქვს? არავინ (ისინი, ვისაც დასავლეთი დღეს შეცდომით მხარს უჭერს, ასეთი ძალა ვერ იქნებიან იმის გამო, რომ სახელმწიფოს ინტერესებზე პასუხისმგებლობა, ანუ ნაციონალიზმი, არა აქვთ და, აქედან გამომდინარე, _ არც პოპულარობის თუნდ მინიმალური პერსპექტივა). ამგვარად, გამოდის, რომ საშინაო საქმეებში საქართველო კიდევ უფრო მძიმე პერსპექტივის წინაშეა, ვიდრე საგარეოში: მის წინაშეა პოლიტიკური სიცარიელის პირდაღებული უფსკრული, რომელიც სასიკვდილოა ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა: თუ საქართველოს ეროვნული და, მაშასადამე, დემოკრატიული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, საზოგადოებრიობის ინტელექტუალურსა და ენერგეტიკულ პოტენციალზე აქტიური ორიენტაციით, დროზე ააწყობენ ალტერნატიულ აღმასრულებელ სტრუქტურებს, რომელთაც სახელმწიფო საჭეზე ხელის დადების ძალა და ნება ექნებათ.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2002

Click Here!

მოგვწერეთ opentext@flashmail.com