"საქართველო "
# 9 (1781)
სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2002

ახლო და შორი მომავალი

ნოდარ ნათაძე

ვინ ეგულება რუსეთს დიდ მოკავშირედ დღეს ან ახლო მომავალში? არავინ, რადგან იმ მოწინააღმდეგესთან შეტაკება, რომელიც დღეს რუსეთს ჰყავს, სახელდობრ, ზეგანვითარებულ დასავლეთთან არავის ჰსურს. უფრო მეტიც: ჩინეთის, ისლამის სამყაროსა და რუსეთის გაერთიანებაც რომ მოხდეს, დასავლეთის ძალას ასეთი ალიანსიც კი ვერ გადაწონის, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დასავლეთიც მყარად შეიკვრება, სამხრეთ ამერიკის და სამხრეთ აფრიკის ჩათვლით. ამიტომ ჩინეთს დღეს პრაგმატული პოლიტიკა ურჩევნია. მას ამერიკელებთან ვაჭრობაში წლიურად 30 მილიარდი დოლარის დადებითი სალდო აქვს და მთლიანი შინაგანი პროდუქტის 8+-იანი წლიური ზრდა. იგი ამ ვითარების კმაყოფილია და გეოსტრატეგიულ თვითმობილიზაციას, _ თუკი ამ თვითმობილიზაციას რაღაცა დროისათვის გეგმავს (და, ალბათ, გეგმავს) _ შედარებით შორეული მომავლისთვის დებს. თუკი ჩინეთი ექსპანსიაზეც ფიქრობს, (და, შესაძლოა, ფიქრობს), ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ციმბირისკენ "მიწოლა", როგორც "დაბალი ღობისკენ", და არა ავსტრალიისკენ, რომელიც დასავლეთის ნაწილია. ცხადია, ციმბირისკენ მიწოლაც მას მხოლოდ იმ ზომამდე შეუძლია, რა ზომამდისაც ამას დასავლეთი დაუშვებს ანუ თავისთვის უსაფრთხოდ ჩათვლის. ამიტომ თავის განვრცობას ამ მიმართულებით ჩინეთი დღეს (და, შესაძლოა, ძალიან დიდი ხნითაც) მხოლოდ ციმბირის დემოგრაფიული "დალაშქრვის" სახით ვარაუდობს. ისლამის სამყარო რუსეთის რეალური მოკავშირეა ნაწილობრივ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ისლამი ამ მოკავშირეობაში რეალური გამარჯვების შედეგს ხედავდეს. ასე რომ ჩვენი კითხვა შემდგომ კითხვასთან მოდის: დასავლეთის უპირატესობა დანარჩენ მსოფლიოსთან დღეს სტაბილურია ან მზარდია თუ, პირიქით, კლებადია? რომელი ფაქტორი აღმოჩნდება, პერსპექტივაში, უფრო ძლიერი: ის, რომ ტექნოლოგიური უპირატესობა, მეცნიერული განვითარების პროცესში, უფრო და უფრო დიდ უპირატესობას შობს (როგორც, ანდაზისა არ იყოს, "ფული ფულს შოულობს") თუ ის, რომ არადასავლელები სწავლობენ, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, და ტექნოლოგიურ დონეს, ზიარჭურჭლების კანონისა არ იყოს, გათანაბრების ტენდენცია აქვს? ეს კითხვა ღიაა, ანუ ისტორიისეულ ექსპერიმენტს მინდობილია, მხოლოდ შორეული პერსპექტივის თვალსაზრისით, და არა სადღეისოდ (ფართო აზრით). დღეს დასავლეთი მოგებულია და რუსეთს, რომელსაც ჯერ კიდევ მეტი აქვს გადაყლაპული (ტერიტორიების და ბუნებრივი რესურსების სახით), ვიდრე მონელება შეუძლია, მასთან ურთიერთობაში მხოლოდ დათმობის, უკან დახევის, უარეს შემთხვევაში _ დამარცხებების გრძელი ათწლეულები ელის. საფიქრებელია, რომ ციმბირის რესურსთა ინტერნაციონალური (და არა მონოპოლიურად რუსული) ათვისებისათვის რბილი და, შესაძლოა, ძალიან რბილი ფორმები მოინახება. მაგრამ უეჭველია, რომ რაღაც ფორმები აუცილებლად მოინახება.

ასე რომ რუსეთის, როგორც გეოსტრატეგიულად მეტოქეობისუნარიანი სუპერძალის, პერსპექტივა, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. მასზე პოლიტიკური ორიენტაცია, რასაც დღეს მეტ-ნაკლებად ძველი ფორმაციის შედარებით ნაკლებჰორიზონტიან ადამიანთა ერთ ნაწილში ვხედავთ, ქვიშაში ან ჭაობში ცათამბჯენის მშენებლობას ჰგავს.

რუსეთის ამ გეოპოლიტიკური საშიშროების მოხსნის შემდეგ საქართველოსთვის წინა პლანზე გამოდის სხვა "მოწოლათა" უზარმაზარი სერია, რომელთაგან ყველაზე სახიფათო ორია: "აღმოსავლეთის", სახელდობრ, უზარმაზარი ისლამური სამყაროს მოწოლა, პირველ ყოვლისა, დემოგრაფიულის სახით, და ზოგადი "გლობალური" მოწოლა "კაცობრიობისა მთლიანობაში", რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ეკოლოგიურად გაჭირვებულ კაცთა მოდგმას, რომელიც დედამიწაზე ძლივსღა ეტევა, დიდი სურვილი არა აქვს ამ პლანეტაზე "სამოთხისებური მცირე კუთხე" შეარჩინოს ქართველ ერს, რომელიც ჯერჯერობით არ ირიცხება გეოსტრატეგიის მოქმედ პირთა, მსოფლიო პოლიტიკისა და დღეს ცოცხალი ისტორიის სუბიექტთა რიცხვში, რის გამოც მას საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, ჯერჯერობით, მუჯლუგუნებით მუშაობა სჭირდება. ამ ამოცანებთან მიმართებაში კი, და მათს ფონზე, უკვე გამოიკვეთა ახალი, შინაგანი ხიფათიც: ქართველი ერის შიგნით ადამიანთა კიდევ ერთი ახალი, ეროვნულ ინტერესთა მიმართ პარაზიტული სხვა ტიპის განვითარების საშიშროება, გარდა იმ ტრადიციულად უკვე ცნობილი ტიპის გარდა, რასაც უკვე რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ისტორიის სანაგვეზე მსხდომი პროკუმუნისტები და პრორუსები წარმოადგენენ: ეს გახლავთ ეროვნულ ინტერესთა ვერმცნობი, მარტოოდენ "კოსმოპოლიტიური" ორიენტაციის ადამიანი, რომელსაც ჰორიზონტი სულ რამდენიმე წლის ან რამდენიმე თვის მასშტაბით აქვს შემოზღუდული.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2002

Click Here!

მოგვწერეთ opentext@flashmail.com