"საქართველო "
# 9 (1781)
სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2002

სტრატეგიული ობიექტების გასხვისება ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიაა

მანანა ლობჯანიძე

ინტერვიუ მირონ ფირცხელანთან:

_ ბატონო მირონ, როგორც ჩანს, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება ჩვენი ხელისუფლების სტრატეგიაა, რომლის წინააღმდეგ საღად მოაზროვნე საზოგადოების მხრიდან აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს. თუმცა დიდი ხმაურის და წინააღმდეგობის მიუხედავად სასიკეთო შედეგი ჯერ არ მოჰყოლია ამას...

_ ხელისუფლების მიმართ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია იმან, რომ ის ქართული კანონმდებლობის ფუძეს ანუ კონსტიტუციას უკეთებს იგნორირებას, სადაც პირდაპირ წერია: მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს უმაღლეს ორგანოთა განსაკუთრებულ განმგებლობას განეკუთვნება ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და რეჟიმი, კავშირგაბმულობა, საზღვარი, საჰაერო ფლოტი და ა.შ. (კონსტიტუციის III მუხლი, პუნქტი ი). ჩვენ ვერასდროს შევეგუებით იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციის მუხლები ირღვევა. გასხვისებაც არის და გასხვისებაც. იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ ობიექტების ყიდვაში მონაწილეობა არ მიიღოს და აქციების მფლობელი არ გახდეს, ადგნენ და შეცვალეს ფორმა. პრივატიზება კი არ ხდება, არამედ მართვის უფლებით გადაცემა. ეს ნიშნავს, რომ უცხოელი შემოდის, ის ინვესტორი არ გახლავთ, ანუ ფული არ შემოაქვს. სესხს მსოფლიო ბანკი გვაძლევს, რომელიც შემდგომში წინ დაგვიხვდება და თანაც ძალიან ცუდად. 5, 20, 25 წლით აძლევენ ამა თუ იმ ობიექტს უცხოელებს. მაგალითად, "ხრამი-1", "ხრამი-2 "ეი-ი-ეს თელასს" მისცეს 25 წლით. ამ ხნის შემდეგ შეიძლება ამ ობიექტების ხსენებაც აღარ იყოს. ანუ გამოდის აჩუქეს. იქაურ მომსახურე პერსონალს აქციებიც კი არ აღირსეს, რომლებმაც ათეული წლები ამხელა ობიექტი შეინარჩუნეს და დღემდე მოიტანეს.

უარესი მდგომარეობაა კავშირგაბმულობაში. ეს გახლავთ სტრატეგიული დარგი. თუ ის გაიყიდა, ჩათვალეთ, რომ საქართველოს საკომუნიკაციო საშუალებით საიდუმლო მონაცემები რომელიმე ქვეყნის დაზვერვის ხელში ამოჰყოფს თავს. თუ სხვისი იქნება გაზი, წყალკანალი, ელ. ენერგია და კავშირგაბმულობა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ვერასოდეს გახდება, რადგან ეკონომიკის მართვის მთელი მექანიზმი ვიღაც უცხოელის ან კერძო სტრუქტურის ხელში გადავა. ეს გახლავთ საქართველოს დაღუპვა.

_ "თბილგაზის" "იტერასათვის" მიყიდვას ქვეყნის პრეზიდენტი ლობირებს. იმ ქვეყნის ფირმებისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, რომელიც ხან აშკარად, ხან ფარულად გეომება, ქვეყნის ღალატს არ ნიშნავს?

_ არა თუ იმ ქვეყნისთვის, რომელიც გებრძვის, არამედ შენთან ყველაზე კარგ დამოკიდებულებაში მყოფი ქვეყნისათვის არ შეიძლება სტრატეგიული ობიექტის მიცემა, რა იცი, რა მოხდება რამდენიმე წლის შემდეგ.

სტრატეგიული ობიექტების გასხვისება ხელისუფლების პირდაპირი დანაშაული, კრიმინალი გახლავთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საღად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეებმა ყველა ღონე ვიხმარეთ, ცივილიზებული ფორმით ხელისუფლებისთვის აგვეხსნა, რომ ეს ღალატის ტოლფასი ქმედებაა, მაგრამ დღემდე ვერ მოვახერხეთ. თუ ისევ ასე გაგრძელდა, გამოდის ეს შეცდომა კი არა, შეგნებული, გეგმაზომიერი ნგრევაა ქვეყნის.

_ ამ ბოლო დროს კანონივით დამკვიდრდა, გაიფიცებიან ენერგოობიექტები, მიიღებენ თანამშრომლები ხელფასს, არ გაიფიცებიან და, იქნებიან უსახსროდ.

_ ეს ენერგეტიკის მინისტრის ხელწერა გახლავთ. მან იცის, თუ ჩააქრობს თბილისს, დაურეკავს პრეზიდენტი, სახელმწიფო მინისტრი, უშიშროება და პასუხს მოჰკითხავს. ხოლო მთელი საქართველოს რაიონები რომ ჩააქრო, პასუხს არავინ არ სთხოვს. თუ ვინმე გაიფიცა, მაშინვე ფულს აძლევენ. დანერგეს ეს პრაქტიკაში. ისწავლეს ერთეულმა სადგურებმა და ამ მეთოდით თვიდან თვემდე გაჰყავთ დრო.

_ თქვენს ბრძოლას რაიმე შედეგი აქვს?

_ შედეგი ნამდვილად აქვს. ამ ბრძოლის გარეშე ახლა უკვე დასრულებული იქნებოდა არა მარტო ენერგეტიკის, არამედ სხვა სტრატეგიული დარგების გასხვისება სხვადასხვა ფორმით. ჩვენ მართლები ვართ. სიმართლესთან დაპირისპირებაში კი ისინი ვერ გაიმარჯვებენ. თუ დროებით რამეს აღწევენ, ეს მათთვის უბედურება იქნება საბოლოოდ.

_ შეიძლება ობიექტების გასხვისება გაჭიანურდა, მაგრამ ეს არ არის გარანტია, რომ ეს არ მოხდება. ხელისუფლებას რაც კი დღემდე მოუსურვებია, ადრე თუ გვიან, თავის სასიკეთოდ გადაუწყვეტია.

_ გეთანხმებით. ესენი მოსწრებაზე არიან. თუ საზოგადოება ფრთხილად არ იქნა, მარტო ჩვენ შეიძლება ვერ შევძლოთ გამარჯვება. თუ მთავრობამ ამ განზრახვაზე ხელი არ აიღო, რადიკალური შედეგები მოჰყვება. ამას ჩვენ აღარავინ გვკითხავს. დარგის თანამშრომლები სოციალურ აფეთქებას მოაწყობენ, რაც პოლიტიკურში გადაიზრდება.

ხოლო, როგორც კი ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლება მოვა, მაშინვე დააყენებს საკითხს ნაციონალიზაციის შესახებ. თუმცა ეს საქართველოს სახელმწიფოს მძიმედ დაუჯდება, რადგან საერთაშორისო დონეზე ხელმოწერილი ხელშეკრულების გაუქმება არცთუ ისე იოლია, თუმცა მაინც შესაძლებელია.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2002

Click Here!

მოგვწერეთ opentext@flashmail.com