"საქართველო "
# 9 (1781)
სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2002

ამერიკელები საქართველოს ეხმარებიან ალ-ყაიდას წინააღმდეგ

მოსკოვმა კიდევ ერთხელ ვერ გათვალა. ცოტა ხნის წინ რუსეთის გენშტაბის უფროსმა კვაშნინმა იწინასწარმეტყველა, ამერიკელები საქართველოში არ ჩაერევიან, ყველაფერს თვითონ რუსეთი მოაგვარებსო. კავკასია ხომ ჯერ კიდევ რუსეთის ინტერესთა სფეროდ ითვლება, ხოლო ტერორიზმთან ბრძოლა _ მოსკოვის ერთ-ერთ დიდ ვნებად! მაგრამ საქმე სხვაგვარად წარიმართა: აშშ თვით ჩქარობს ანტიტერორისტულ ჩარევას და საქართველო შესაძლებელია ახალ ფრონტად იქცეს ამ ბრძოლაში. ამ კავკასიურ სახელმწიფოში უკვე ამერიკელ სამხედრო მრჩეველთა პირველი ჯგუფი ჩავიდა. თბილისის მთავრობა აცხადებს, რომ აგვისტოში კიდევ ერთი უფრო დიდი კონტინგენტი ჩავა. აშშ თავდაცვის სამინისტრო 200-მდე სამხედრო მოსამსახურის ჩაყვანას აპირებს. ამერიკელთა მოსალოდნელ ჩარევას ჯერ ოფიციალური ხასიათი არა აქვს. პენტაგონმა დაადასტურა, რომ საქართველოს უკვე გაეგზავნა ათი საბრძოლო შვეულმფრენი შეიარაღების გარეშე.

ისევე, როგორც ეს ფილიპინებზე მოხდა, საქმე ეხება საქართველოსთვის ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად "სოფტუეირით" დახმარებას _ რჩევისა და სწავლების მიცემას, და არა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლას. ამასვე ადასტურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. პანკისის არასტუმართმოყვარე ხეობაში, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკელები ვარაუდობენ მრავალი ჩეჩენი მებრძოლის ყოფნას, რომელნიც ალ-ყაიდასთან კავშირში არიან. ასევე ვარაუდობენ რუსები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეიძლება აქ საზღვრის მახლობლად თვით ბინ ლადენიც იმყოფებოდეს.

პანკისის ხეობა ცნობილია როგორც არა მხოლოდ მრავალრიცხოვან ლტოლვილთა, არამედ აგრეთვე როგორც ბანდებისა და ნარკოკონტრაბანდისტების თავშესაფარი ადგილი. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობას შევარდნაძის მეთაურობით დიდი ხანია დაკარგული აქვს აქაურობის კონტროლი. "ფსბ"-ს აზრით, აქ 2000 შეიარაღებული მებრძოლია, მაგრამ მართლა რამდენია, ღმერთმა უწყის. ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტმა აბუმუსლიმოვმა უთხრა "ზიუდდოიჩე ცაითუნგს", რომ შეუძლებელია ბინ ლადენისთანა კაცის საქართველოში ყოფნა, რადგან მას ამისთვის მრავალი საზღვრის გადაკვეთა დასჭირდებოდა. რუსეთი დიდი ხანია ლამობს კავკასიის მდგომარეობა თავისებურად წარმოადგინოს და საქართველო მყიფე სახელმწიფოდ დაგვიხატოს, რადგან ტერორისტებთან საბრძოლველად საქმეში ჩარევაზე უფრო საინტერესოდ იგი თვლის შემდგომი ბრძოლის ბედს _ ბრძოლისა გავლენისათვის რუსეთის ამ "უკანა ეზოში". მას შემდეგ, რაც შუა აზიელებმა ამერიკელებთან უფრო და უფრო მზარდი სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობა გააბეს, რუსეთს ეშინია, რომ საქართველოშიც მოვა ამერიკელების სამხედრო დგომის დრო. ამიტომაც რუსეთის საგარეო მინისტრმა ივანოვმა კრიტიკულად მოიხსენია საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკელებთან, მით უფრო, რომ საქართველომ ამ ცოტა ხნის წინ უარყო რუსეთის წინადადება ჩეჩნების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შესახებ.

კასპიის ნავთობისათვის ატეხილი ბრძოლა მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთის, საქათრველოსა და აშშ-ის ურთიერთობასა და მათ შორის მიმდინარე თამაშის განვითარებაში. ამერიკელები დაინტერესებულნი არიან ნავთობსადენის გაყვანაში აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში, ე. ი. რუსეთის გვერდის ავლით. ეს, ბუნებრივია, არ მოსწონს მოსკოვს, რომელიც ყველა შემთხვევას იყენებს, რათა ამ კავკასიური ქვეყნისკენ (საქართველოსკენ. რედ.) ისარი გაისროლოს. ქართველებს რუსეთში წასასვლელად ვიზის საჭიროებაც კი დაუწესეს.

("ზიუდდოიჩე ცაითუნგ", 28. II. 2002)



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2002

Click Here!

მოგვწერეთ opentext@flashmail.com