"საქართველო "
# 9 (1781)
სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2002

რუსეთი და საქართველო ურთიერთგაგებას ცდილობენ

პროტესტები აფხაზეთში "დსთ"-ს მემშვიდობეთა ყოფნის წინააღმდეგ მთელ ქვეყანაზე ვრცელდება. ორშაბათამდე მთავრობას არ ურეაგირია მანდატის არგაგრძელების მოთხოვნაზე. ლტოლვილები განდგომილი, მაგრამ მაინც საქართველოში შემავალი რეგიონიდან და ქართველი პარტიზანები ("მიწისქვეშა მებრძოლები") აგრძელებენ თავის აქციას თბილისში და ენგურის ხიდზე მემშვიდობეთა გაყვანის მოთხოვნით, რომლებიც მთლიანად რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისგან შედგებიან. მათ, არც თუ უსაფუძვლოდ, აფხაზი სეპარატისტების მხარდაჭერა ჰბრალდებათ... მანდატი 31.XII.2001 ამოიწურა და დღემდე არ გაგრძელებულა. საქართველოს ხელმძღვანელობა, რომელშიც არც თუ ცოტანი აქციას თანაუგრძნობენ, მოსკოვთან მოლაპარაკებას აწარმოებს ახალი მანდატის შესახებ. საუბარია არა მანდატის უბრალო გაგრძელებაზე, არამედ "უსაფრთხოების ზონის გაფართოებაზე" მდ. ღალიძგამდე _ ასე გვითხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა. თუ ამაზე შევთანხმდით, მანდატი გაგრძელდება, თუ არა და მემშვიდობეთა დარჩენას აზრი არ ექნებაო. შეიქმნება ძალის ვაკუუმიო. გაერომ თავისი წარმომადგენლის (ბოდენის. რედ.) პირით ნათლად თქვა, რომ გაერო ამ ვაკუუმს საკუთარი ძალით არ შეავსებს.

შევარდნაძემ ამას წინათ თავის კაბინეტს უთხრა, მანდატის გაფართოების იდეას პუტინი "გაგებით ეკიდებაო". რუსეთის დევისა და საქართველოს ქონდრისკაცის საუბრის ტონალობა ამასობაში უფრო შემრიგებლური გახდა. ორი კვირის წინ ასე ჩანდა, თითქოს ურთიერთობას მთლიანად დამსხვრევა ელოდა.

მოსკოვმა, რომელიც დიდი ხანია ღელავს პანკისის ხეობაში ჩეჩენ მებრძოლთა თავშეფარების გამო, მკვეთრი ტონი აირჩია, როცა ზოგმა მათგანმა აფხაზეთის კონფლიქტში ჩარევა მოინდომა. ჩეჩენთა ჯგუფი გელაევის მეთაურობით ქართველ პარტიზანებთან ერთად ამას წინათ აფხაზეთში შევიდა. დამკვირვებლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ საქართველოს სამხედრო უწყება ეხმარება და, შესაძლოა, შევარდნაძესაც ამ საქმესთან კავშირი აქვს.

რუსეთი უხეშად იმუქრება სანქციებით და თვით სამხედრო აქციითაც კი. დღემდე გაურკვეველია პანკისის ხეობაში არაიდენტიფიცირებული თვითმფრინავების და კოდორის ხეობაში არაიდენტიფიცირებული შვეულმფრენების მოქმედების საკითხი. ნოემბრის დამლევს ასე ჩანდა, რომ საქმე საბოლოო განხეთქილებისკენ მიდიოდა, როცა რისხვით ანთებული შევარდნაძე პუტინს შეჰხვდა პარლამენტის დადგენილებით ჯიბეში, რომელიც დსთ-ს მემშვიდობეთა გაყვანას ადგენდა. მოსკოვში იგი პუტინს ესაუბრა და საქმე შემოტრიალდა. თვით შევარდნაძემ ამ შეხვედრას "შემობრუნების წერტილი" უწოდა. პუტინმა ხელი აიღო ზეძალის წარმომადგენლის პოზიციაზე და დაადასტურა, რომ ცნობს საქართველოს მთლიანობას აფხაზეთის ჩათვლით. ჩახედული ადამიანები ფიქრობენ, რომ შევარდნაძე სწორედ ამ რბილმა ტონალობამ მოალბო. პუტინმა ისარგებლა შემთხვევით და კვლავ დაადასტურა, რომ თავის ჯარს გაიყვანს, თუ მას მანდატი აღარ ექნება. გუდაუთის ბაზაც მან ამ ცოტა ხნის წინ ასევე უსიტყვოდ გაიყვანა, მიუხედავად აფხაზების პროტესტისა, ეუთოს შეთანხმების შესაბამისად ამ ცოტა ხნის წინ.

გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ბოდენი ამბობს, რომ რუსეთს, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის სადავო პუნქტებსაც და ჩეჩნეთისასაც აქამდე საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებდა ნატოსადმი მისი მიდრეკილების გამო, ახლა ჰსურს მოაწესრიგოს თავისი აქაური საქმეები, რადგან კავკასიური კონფლიქტები ხელს უშლის რუსეთს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაში.

ბოდენის სიტყვით, ე. წ. "გენერალური მდივნის მეგობარმა ქვეყნებმა _ საფრანგეთმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და რუსეთმა _ პირველად მიაღწიეს ერთობლივი დოკუმენტის შექმნას, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მოლაპარაკებას აფხაზეთის სტატუსის შესახებ. ეს იქნება "სუვერენული სამართლებრივსახელმწიფოებრივი წარმონაქმნი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში". აქამდე რუსეთი აფხაზეთს "სავსებით არ იყოლიებდა თავის ნებაზე", ახლა კი "შემობრუნება მოხდაო". ფორმულა, რომელზედაც ყველას შეთანხმება მოხდა, ჯერ კიდევ უნდა განემარტოს ორსავე მხარესო. ბოდენი იმედოვნებს, რომ რუსების დახმარებით "აფხაზთა დარწმუნებაც მოხერხდება".

("დი ველთ", 30.I.2002)



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2002

Click Here!

მოგვწერეთ opentext@flashmail.com