"საქართველო "
# 9 (1781)
სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2002

მშიერი მგლები

ისლამისტებმა, ჩეჩენმა თავისუფალრაზმელებმა და კრიმინალებმა პანკისის ხეობა, სამხრეთ კავკასიაში, სამართლის არმქონე ზონად აქციეს. მთავრობამ საშველად ამერიკას დაუძახა

საქართველოს უუნარო, უთავმოყვარეო და ორგული ხელისუფლება არა მხოლოდ თვით იჭრის თავს ისტორიის წინაშე (რაც სრულებით არ ადარდებს), არამედ პატარა, მაგრამ მებრძოლ ერად ცნობილ ქართველობასაც ლაფში თხვრის. ქვემორე მოცემულ ანაკრებში ამ პოზიციით დაწერილ მასალებსაც ნახავთ და სხვასაც, სადაც ავტორები გულმოდგინედ ცდილობენ გზა გაიკვლიონ რუსული (და არა მხოლოდ რუსული) დეზინფორმაციით დაბინდული ნაწყვეტ-ნაწყვეტი ცნობების ზღვაში. "ნუგეშად" იმას თუ გამოვიყენებთ, რომ გერმანიის პოლიტიკას საქართველოს მიმართ არაერთ ასპექტში, რბილად რომ ვთქვათ, დიდი სიმპათია არ ეტყობა (საკმარისია ითქვას, რომ გერმანელი დიპლომატები, აიფი და ბოდენი, ყოველგვარ ლოგიკას და მორალს მოკლებული პოზიციით გამოდიოდნენ ქართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ სეპარატიზმის ნეიტრალიზაციის საკითხზე, რაც, შესაძლოა, იმითაც იყო განპირობებული, რომ გერმანიის ევროპელ მეტოქეებს, გერმანიისაგან განსხვავებით, ანალოგიური პრობლემებიც აქვთ), რის გამოც მათი ხედვა შეიძლება მიკერძოებულიც იყოს.

დუისის ორღობეში იხვები მიაბიჯებენ. ცხენი მორს მიათრევს. ჭრელთავსაფრიანი ქალები სახელდახელო დახლებზე ყიდიან კვერცხებს, კექსებს, ლიმონათს. ქალიშვილი ხითხითით მიაგორებს ორთვალას, რომელშიც ხბო დგას.

მის გარდა ამ 3500-სულიან სოფელში არავის ეცინება, მზიანი დარისა და გაზაფხულის სითბოს მიუხედავად. დუისი 30 კმ სიგრძისა და 3 კმ. სიგანის ხეობის ცენტრია. აქ ცხოვრობს 7000 ჩეჩენი ქისტური ტომისა და ამდენივე ლტოლვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, რომელიც დღეს რუსების ბრძოლის ველია აქედან 70 კმ. მანძილზე.

ახლა კი ამერიკელები მოდიან. ფილიპ რემლერმა, აშშ რწმუნებულმა თბილისში, მსოფლიო გააოგნა ეჭვის გამოთქმით, რომ შესაძლოა ამ ხეობაში ბინ ლადენი იმყოფებოდეს. თეთრი სახლის სპოკსმენმა ამ ხეობას კანონის არარსებობის ზონა უწოდა. აქ სიმართლე ის გახლავთ, რომ მრავალ მაცხოვრებელს არაგამჭვირვალე წარსული აქვს. ლტოლვილებთან ერთად აქ 1999 წლის დამლევს თავისუფალრაზმელები და კრიმინალებიც შემოვიდნენ. ახალმოსულებმა თან თავისი ზნე-ჩვეულებებიც მოიტანეს, რითაც ახალი მეზობლები თავის საწინააღმდეგოდ განაწყეს.

გლეხებს ერთადერთი ძროხა და ცხენი დაჰპარეს, ცხვრები. და ბოლოს ადამიანების მოტაცებაც იწყეს. ჯერ კიდევ ჩეჩნეთში შეიარაღებული ბანდების მთავარი შემოსავალი მძევალთა აყვანა იყო. პანკისში კრიმინალებმა წაიყვანეს სამი წითელჯვარელი, ორი ესპანელი ბიზნესმენი, ქართველი სამღვდელო და ბოლოს ორი პოლიციელი. შეშინებული სახელმწიფო ხელისუფლება განერიდა ამ პრობლემატურ არე-მიდამოს. წლის დასაწყისში ქართველი ავღანელი ვეტერანები დაიმუქრნენ, რომ თავის გამოცდილებას აქ გამოიყენებენ, და მაშინღა გააქტიურდნენ უშიშროების ძალები. თბილისის შს სამინისტროს ძალებმა ხეობის შესასვლელები დაბლოკეს.

ბევრი მოსული ჩეჩენი რომ საქონლის გატაცებით ირჩენს თავს, ამას ადვილად ეთანხმება დუისის ჩეჩენთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ჰამიდ ალიევი. მის თვალში კარგია ყოველივე ის, რაც მის მოძმეებს არგია. "ჩვენ ჩვენი ხალხის გადარჩენას ვცდილობთო". ეს აღიარება აცოცხლებს ალ. დიუმას დაკვირვებას, რომელმაც ჯერ კიდევ 1859 წელს აღნიშნა, მთიელები ძარცვით უფრო ცხოვრობენ, ვიდრე შრომითო.

საკვებს გაერო დუისში ურიგებს არა მხოლოდ ლტოლვილებს, არამედ, მშვიდობის ეშხით, ძველ მოსახლეებსაც. მაგრამ შაქარი, ცერცვი და ფქვილი სრულ რაციონად არ გამოდგება. ოჯახებს 5-6 შვილი ჰყავთ. მათი ორსართულიანი სახლების ეზოებში მოთამაშე ბავშვების სათამაშოა პლასტმასის თოფები, საყვარელი ცხოველი _ მგელი. "ჩვენ მგლები ვართო", ამბობენ. ჩეჩნებისთვის მგელი სიმბოლური მითიური ცხოველია, რომელიც მათი მეამბოხე რესპუბლიკის ბეჭდებსა და ბლანკებს ამშვენებს. "მაძღარი მგლები არავის ერჩიან. მშივრები არიან სახიფათონი" _ სიცილით ამბობს ალიევი და დემონსტრაციულად ართმევს ხელს კამუფლაჟიან წვეროსან ახალგაზრდას. იგი აღიარებს, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც "შეიარაღებული თავდაცვისთვის მზად არიან". იგი არ ცნობს მასპინძელი ქვეყნის, საქართველოს უფლებას, რომ აქ შეიარაღებული ძალა იყოლიოს. "აქ სამხედროები არ გვჭირდება, თვით ქართულიც კი არაო".

ლტოლვილთა უმრავლესობას სამშობლოში წასვლა არ უნდა, "სანამ რუსები მოსახლეობას ტანჯავენ". ჯარი თუ შემოვა, უარყოფითი რეაქცია გვექნებაო, გვეუბნება ქისტი მამასახლისი, როცა სიტყვა ჩამოვარდა შესაძლო ოპერაციაზე ამერიკელთა დახმარებით. თბილისის შს სამინისტროს სიტყვით, აქ რამდენიმე ასეული შეიარაღებული ჩეჩენია, რუსების სიტყვით _ ათასი.

ამბობენ, რომ მეამბოხენი ძირითადად გილაევის ხალხია, თუმცა 100 არაბიც ურევიათ, ხატაბის ჯგუფიდან. ამბობენ, იგი ბინ ლადენთან კონტაქტშია და დუისის მეჩეთი საუდის არაბეთის ფუნდამენტალისტურმა ფონდებმა ააგესო.

ყოველივე ეს კმარა მოსკოვისათვის, რომ აქ, ქართულ მიწაზე თავისი ჯარების ამოქმედების წინადადება წამოაყენოს "ანტიტერორისტული ოპერაციის" ჩასატარებლად. მაგრამ თბილისის მთავრობა ეწინააღმდეგება ძმურ დახმარებას იმ არმიისაგან, რომელმაც ორნახევარ წელიწადში ჩეჩნეთში ომი ვერ მოიგო და ამის ნაცვლად მოსახლეობა აიმხედრა.

ყველაფერ სხვაზე მეტად და მაროდიორ რაზმებზე მეტად ქართველ პოლიტიკოსებს ეშინიათ რუსეთის სუპერძალის შემოსვლისა პანკისში. ჩრდილოეთში ატეხილმა ომმა შეიძლება 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომით დასუსტებული საქართველო საბოლოოდ დაანგრიოს. თბილისი უამისოდაც თავისი ტერიტორიის მხოლოდ სამ მეოთხედსღა აკონტროლებს. მეამბოხენი ბატონობენ ნაყოფიერ ზღვისპირა რეგიონ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, მათ რუსეთი ეხმარება. აჭარაც, თურქეთის საზღვართან, ეწინააღმდეგება ცენტრალურ ხელისუფლებას.

ამიტომ დიდი ხანია, რაც პრეზიდენტი შევარდნაძე დასავლეთზე ამყარებს იმედს, ყველაფერს ურჩევნია ნატოში შესვლა. ამერიკელები უკვე რამდენიმე წელია საქართველოს საიდუმლო სამსახურებს ეხმარებიან ხელსაწყოებითა და წვრთნით. ახლა რეგულარულ ქართულ ჯარს ამზადებენ ბოროტების წინააღმდეგ სალაშქროდ.

ამერიკელი ოფიცრები "დუჟინობით" დადიან მეტეხის შერატონ-ჰოტელში, თითქოს კავკასიის კი არა, ამერიკის ჯორჯიაში იყონ. ითვლება, რომ 100-200 სამხედრო მრჩეველმა მე-11 ბრიგადის 1000 ქართველი ჯარისკაცი უნდა გაწვრთნას. შს სამინისტრომ 15 რჩეული ჯარისკაცი უნდა გაგზავნოს თვენახევრით ამერიკაში ანტიტერორისტული გაწვრთნისათვის. აშშ დაზვერვის სამმართველომ (ჩIA) საქართველოს უშიშროების მინისტრი მიიწვია თავის მთავარ შტაბბინაში ლენგლიში (აშშ) მოხსენებისათვის მდგომარეობის შესახებ. ერთი პოლკოვნიკი თბილისში ჯერ კიდევ იმედოვნებს გერმანიის კანცლერივით, რომ ამერიკელები "სამხედრო თავგადასავლებში არ გადაიჭრებიან", რადგან ქართველები, რომლებიც კავკასიაში ცბიერ ფლეგმატიკოსებად უფრო არიან ცნობილნი, ვიდრე დიდ მეომრებად, მოუსვენრობის ამ კერას, პანკისის ხეობას, ალბათ, თავდაცვითი წესით იზოლირებას უფრო მოუნდომებენ, ვიდრე მასზე დარტყმას.

მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მათ ხელში კი არ არის, არამედ ლენგლის ხელში. ასევეა პანკისის ხეობაში ბრძოლის დაწყება-არდაწყების ბედიც. 17 წლის ითუმ-ყალელი ჩეჩენი მებრძოლი ჩუმ-ჩუმად ზვერავს ქართულ ბლოკპოსტს დუისის მახლობლად. ეს ახალგაზრდა მუსლიმანი ვერ დადის სკოლაში, რომელიც მის სამშობლოში დარჩა. "ჯარი თუ მოვიდა, ვიბრძოლებთო. ალაჰმა იცის, როგორო" _ ბურტყუნებს იგი ჯიუტად.

მაგრამ თუ ქართველებს და ამერიკელებს ალ-ყაიდის მებრძოლებზე ნადირობა უნდათ, უკვე გვიანია. ქართულმა საიდუმლო სამსახურებმა გაიგეს, რომ ხეობაში დამალულ არაბებს ცოტა ხნის წინ თავისი რადიოები და ოპტიკური ხელსაწყოები მეზობლებისთვის მიუყიდიათ და გაურკვეველი მიმართულებით წასულან ("შპიგელი", 11.III).

("შპიგელი" 11.III.2002)



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2002

Click Here!

მოგვწერეთ opentext@flashmail.com