|
"საქართველო "
როგორ ავიწროებს რუსეთის დევი საქართველოს ქონდრისკაცს
ანტიტერორისტული ომისაგან შეძრულ კასპიის რეგიონში სახიფათო კონფლიქტი დუღს, რომელსაც შეიძლება ევროპული უშიშროებისთვის პირდაპირი შედეგები ჰქონდეს. რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება ამიერკავკასიაში ძნელად თუ გადაიჭრება დასავლეთის ჩარევის გარეშე. საქართველო რუსეთს ბრალად სდებს ნეოიმპერიალიზმს. რუსეთი აფხაზ სეპარატისტებს ეხმარება, რუსეთის უკანასკნელი სამხედრო ბაზების გაყვანას ჭიმავს და კასპიის ზღვიდან დასავლეთისკენ საქართველოს ტერიტორიის გავლით ნავთობსადენის გაყვანას ხელს უშლისო. შევარდნაძის სიცოცხლის ხელყოფებს, 90-იან წლებში რომ მოხდა, თბილისში რუსეთს აბრალებენ. შევარდნაძის სიტყვით, კრემლი სარგებლობს საქართველოს დამოკიდებულობით რუსეთის ენერგომატარებლებზე, რათა აიძულოს იგი "დესეთეში" დარჩეს. რუსეთმა სავიზო რეჟიმიც საქართველოსთან იმ მიზნით შემოიღო, რომ ნაღმი შეუდოს საქართველოს ეკონომიკას, რომელიც დიდადაა დამოკიდებული რუსეთთან ვაჭრობაზე. რუსეთი, თავის მხრივ, საქართველოს ბრალად სდებს ჩეჩენი მეამბოხეებისათვის გამოსაზამთრებელი ბინის მიცემას, იარაღის მიღებაში ხელშეწყობას და როგორც არაბული ქვეყნებიდან, ისე თურქეთიდან ჩეჩნეთისკენ მიმავალი მისი ნაკადის არგადაკეტვას. რუსეთი აღშფოთებული ჩანს საქართველოს სურვილის გამო, რომ ნატოში შევიდეს და აფხაზეთში მყოფი რუსი მემშვიდობეები ნეიტრალური დასავლელებით შეცვალოს. რუსეთისთვის, რომელსაც დასავლეთისკენ ნატოს გაფართოების გადაყლაპვა უხდება, ავი სიზმარია მისი გაფართოება სამხრეთის მიმართულებითაც. ამიტომაც არის მითქმა-მოთქმა შევარდნაძისა და პუტინის პირადი მტრობის შესახებაც. ეს უკანასკნელი შევარდნაძეს ვერ პატიობსო მის როლს სსრკ-ს დაშლაში. ისე როგორც ყველა ამგვარი კონფლიქტის დროს, ჭეშმარიტება სადღაც შუაწერტილში უნდა ვეძებოთ. თვით გაეროს დამოუკიდებელი წარმომადგენელიც კი ამ რეგიონში, დიტერ ბოდენი ფიქრობს, რომ აფხაზეთში, რუსეთის მემშვიდობეთა მისიის შეწყვეტა ძალადობის სპირალის აღმასვლას გამოიწვევს. აფხაზეთი, ისევე როგორც კოსოვო ბალკანეთში, ფაქტობრივად დამოუკიდებელია. ქართული ჯარები მეტისმეტად სუსტნი არიან იმისთვის, რომ აფხაზეთის ძალით დაკავება შეძლონ. პოლიტიკური გაერთიანება უკვე 12 წელია, რაც აღარ განიხილება. ნატოს ქვეყნებს დღეს არ შეუძლიათ რამის მიღწევა, რადგანაც მათი სამხედრო პოტენციალი ბალკანეთში და ავღანეთშია დაბანდებული. რუსეთი კი თავის მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტებს იმისთვის იყენებს, რომ საქართველომ მეტისმეტად დასავლური კურსი ვერ აიღოს. უეჭველია, რომ საქართველოს ჩრდილო საზღვრის მთიანეთში თავშესაფარი პოვეს ჩეჩენმა მებრძოლებმა და არაბმა ტერორისტებმაც. საქართველოს წესრიგის დამცველებს იმის ძალა არა აქვთ, რომ ისინი იქიდან გამოდევნონ. რუსეთმაც და საქართველომაც ცადეს 11 სექტემბრის ტერაქტის გამოყენება იმ მიზნით, რომ გაბედული პოლიტიკური ავანტურის საშუალებით მოეპოვებინათ თავისი ჩეჩნური თუ აფხაზური პრობლემების გადაჭრის ბერკეტები. ქართველებმა თითქოსდა ნისლისა და სიბნელის გამოყენებით გადააადგილეს ჩეჩენი მებრძოლები აფხაზეთისკენ, რათა იქ სეპარატისტების წინააღმდეგ საომარი მოქმედების პროვოცირება მოახდინონ. ამის გამო შევარდნაძემ ბრალეული მინისტრები მოხსნა. აფხაზებმაც _ როგორც ცნობილია, რუსეთის დახმარებით, _ ცეცხლით უპასუხეს. აშშ-ს თვითმრინავები რომ გასულ ოქტომბერში თალიბების პოზიციებს ბომბავდნენ, რუსეთის საბრძოლო შვეულმფრენებმა იერიში მიიტანეს ჩეჩნების სავარაუდო ბანაკის ადგილებზე კოდორის ხეობაში. ევროკავშირის მართებული განზრახვა, 90-იან წლებში რომ ტრასეკას და ინოგეიტის დერეფანთა პროექტების განხორციელება ცადეს სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის სახელმწიფოთა ეკონომიკური ურთიერთდაკავშირების მიზნით, თავდაპირველად მარცხით დასრულდა. პუტინმა შეძლო ევროკავშირელი ინვესტორების დაუყოვნებლივ გადატყუება რუსეთში. მაგრამ კავკასიაში ეკონომიკისა და მშვიდობის დაზღვევისათვის ევროპელთა ხანგრძლივი პოლიტიკური ჩაბმა ამ საქმეში აუცილებელია.
("დი ველთ", 22.I.2002)
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |