|
"საქართველო "
მოსკოვის აზიური ოცნებები
"რა არ მოვიმოქმედეთ, რათა ევროპას მისიანებად ვეცანით, _ ევროპელებად, მხოლოდ ევროპელებად მივეჩნიეთ და არა თათრებად" _ წერდა დოსტოევსკი თავის "დღიურებში". ცივილიზაციური უფსკრული რუსეთსა და ევროპას შორის დღესაც არ ამოვსებულა. დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთისადმი დღესაც მართავს თავდაჭერილი უნდობლობა ამჟამად დარტყმის ქვეშ მყოფი ყოფილი სუპეძალისადმი. დღევანდელი რეფორმატორული რუსეთიც არ არის თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკურ პოტენციალს უფრო მაღლა დააყენებს, ვიდრე იმპერიის გაფართოებას. რუსეთში ჯერ კიდევ გეოპოლიტიკური აზროვნებაა გაბატონებული, მოსკოვში სიდიადეს ჯერ კიდევ ტერიტორიულ ექსპანსიასთან აიგივებენ. ამიტომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ არც ერთ ხდომილებას ისე არ დაუახლოებია რუსეთის ურთიერთმოპირისპირე პოლიტიკური ბანაკები, როგორც ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებამ დააახლოვა. იმ დროს, როცა ნაციონალისტური ძალები იმ სამხედრო უთანასწორობაზე წუხდნენ, რომელიც ევროპის კონტინენტზე ჩნდება, რეფორმის მომხრე წრეები, პირიქით, შიშობდნენ, ახლა რუსეთი სულ ამოვარდებაო ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესიდან. ჯერ კიდევ შოვინისტი დოსტოევსკი მეფეს ურჩევდა, ევროპის კეთილგანწყობას ნუღა ეძებ და თვალი აზიას მიაპყარიო. "ჩვენი სიმდიდრე იქააო. ევროპაში ჩვენ სამადლოდ მიღებულნი და მონები ვიყავით, აზიაში კი ბატონებად მივდივართო". მეფემ ყური არ ათხოვა, მაგრამ XIX საუკუნე მაინც აზროვნების იმ წესის გაჩენის თარიღად რჩება, რომელიც თავის პოლიტიკურ თვითცნობიერებაში აზიას დიდ როლს ან სულაც საკვანძო როლს ანიჭებს. ეს იდეა ამორფული დარჩა და იგი გრძნობის მდგომარეობის გამოხატულება უფროა, ვიდრე თეორია. მაგრამ ისევე, როგორც ანტიდასავლური სიძულვილი, იგი დღესაც ცოცხლობს ყოველდღიური ცნობიერების უფრო ღრმა შრეებში. თანამდებობაზე დანიშვნისთანავე საგარეო საქმეთა მინისტრმა პრიმაკოვმა თავისი ძალისხმევა დემონსტრაციულად გადაიტანა აზიისკენ. რაც უფრო ნათელი ხდებოდა, რომ დასავლეთი არ ღებულობს რუსეთის წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების ახალი სისტემა, მით უფრო გულმოდგინედ ეძებდა რუსეთი ალტერნატიულ მოკავშირეებს სხვაგან. მისი უახლოესი არჩევანი ჩინეთსა და ინდოეთზე შეჩერდა და გამოკვეთილი ინტერესი ამ გეგმისადმი ირანმაც გამოამჟღავნა. ევროპულმა ქვეყნებმა რომ თეირანიდან თავისი ელჩები გამოიწვიეს (რადგან ირანს ბრალად სდებდნენ ტერაქტების დახმარებას), ამან მოსკოვს ხელი არ შეუშალა იქაური პარლამენტის სპიკერი მიეწვია და დიდის პატივით მიეღო. დიდი ხანია, ირანი რუსეთის იარაღისა და ბირთვული ტექნოლოგიების ერთ-ერთი უდიდესი მუშტარია. ბოლო დროს მათ სხვა ერთობლივი ინტერესიც გაუჩნდათ: ესაა კასპიის ზღვის სახელმწიფოები და დასავლური ფირმების გეგმა, რომ ნავთობსადენი გაატარონ კასპიიდან ავღანეთსა და პაკისტანზე, რითაც რუსეთს და ირანს გვერდი აექცევათ, შუა აზიის რესპუბლიკები კი უზარმაზარ ინვესტიციებს მიიღებენ. რუსეთი სამართლიანად შიშობს, რომ შუა აზიის სახელმწიფოები, რომლებიც მას დღესაც კიდევ თავის "ბუნებრივ გავლენის სფეროდ" მიაჩნია, ამით საბოლოოდ დააღწევენ თავს ამ გავლენას. ამის ნიშნები დღეს უკვე ჩანს. იმ დროს, როცა "დესეთეს" ინტეგრაციის პროცესი ვერა და ვერ იძვრის ადგილიდან, საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ააწყეს. მათი ერთიანობის ერთ-ერთი დიდი პროექტი ითვალისწინებს "აბრეშუმის" სავაჭრო გზის გაცოცხლებას. კავკასიელებისა და შუა აზიელების ნაყოფიერმა თანამშრომლობამ უკრაინასაც უბიძგა ამ კავშირს შეუერთდეს. ამგვარად, რუსეთის სამხრეთით ჩნდება ურთიერთშეკრულ სახელმწიფოთა სარტყელი, რომლებიც ჩრდილოელი უფროსისაგან ემანსიპაციას ახდენენ. ბუნებრივია, რომ კრემლს ამის გამო ალყაში მოქცევის ფობია უჩნდებოდეს. ერთადერთი ირანიღა რჩება რუსეთის სერიოზულ პარტნერად, რომელსაც შეეძლება დასავლურ-ამერიკული წინსვლისთვის შემაფერხებელი ურდულის როლი ითამაშოს. პრიმაკოვის ყველაზე დიდი იმედები მაინც "ცენტრალურ იმპერიას" (ჩინეთს) უკავშირდება. ამ ორი კომუნისტური სახელმწიფოს იდეოლოგიური წინააღმდეგობები კარგა ხანია საბოლოოდ ჩაჰბარდა ისტორიას. მოსკოვში ჩინეთის პრემიერის ვიზიტისას ამ ორმა მხარემ გაამხილა თავისი ხედვა III ათასწლეულის საერთაშორისო პოლიტიკისა, რომელშიც, მათი აზრით, მრავალპოლუსიანობის პრინციპი იბატონებს, მაშასადამე, ვერც ერთ ქვეყანას აბსოლუტური ლიდერობის პრეტენზია ვერ ექნება. ეს დარტყმა მიმართულია აშშ-ის წინააღმდეგ, რომელსაც თავი ერთადერთ სუპერძალად მიაჩნია. ჩინელების თანხმობა ბუნებრივია, რაკი ძირითად მეტოქედ ახალ ათასწლეულში მათ აშშ მიაჩნიათ, და რუსებმაც გამოიყენეს შემთხვევა, რომ დასავლეთს მოსკოვ-პეკინის კავშირით დაემუქრონ. ჩინელებმა, მართალია, თავაზიანად და თავდაჭერილად უპასუხეს ამ წინადადებას, მაგრამ სხვაგან მაინც გასაგები გახადეს თავისი პოზიცია, რომ კრემლთან სამხედრო კავშირი არ აინტერესებთ. მოსკოვის პოლიტიკური ელიტა ახალ პარტნერთა ძიებაში ისევ ძველი იმპერიული ქცევის კალაპოტში ვარდება. იგი ისე ირჯება, თითქოს მოვლენათა მთელი განვითარება მის ნებაზე ეკიდოს. პოტენციური მოკავშირეებისათვის არც კი უკითხავთ თანხმობა და, ამასთანავე, ვერც ქვეყნების გაზრდილ მნიშვნელობას უწევენ ანგარიშს. ჩინეთი და ინდოეთი ხომ სწორედ იმიტომ უწევენ წინაღამდეგობას ამერიკის ბატონობის პრეტენზიებს, რომ უკვე თავისთავზე დაიმედებულნი არიან! განა შესაძლებელია ახლა მათ თავი დასუსტებულ მოსკოვზე დამოკიდებული გაიხადონ? ჩინეთი რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობას ეძებს, რათა თავისი ეკონომიკური პოტენცია განავითაროს. მოსკოვი, პირიქით, ცდილობს თავისი მსოფლიო-პოლიტიკური მნიშვნელობა ჩინეთის დახმარებით გაზარდოს. ჯერჯერობით მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ დიდხანს გაგრძელდება ასე? გერმანიასთან ერთად ჩინეთიც რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნერია, იქ რუსეთის ნაწარმის ყველაზე დიდი რაოდენობა ექსპორტირდება. აქ ჯერჯერობით იგრძნობა რუსეთის ტექნოლოგიური უპირატესობა, რაც შელახული რუსული სულისთვის დიდი ნუგეშია. მაგრამ სწორედ იარაღის ვაჭრობაშია, ამ ორ მეზობელს რომ სხვადასხვა თვალსაზრისი აქვს. რუსეთს უნდა ჩინეთს მთლიანი სისტემები მიჰყიდოს, ჩინელებს კი უფრო ლიცენზიებისა და ნოუ-ჰაუების მოპოვება უნდათ. იგივე ითქმის ინდოეთსა და ირანზეც, რომელთა მეცნიერული შესაძლებლობები განუხრელად იზრდება. გლეხი პოეტის ესენინის სიტყვები, (მოსკოვის) "გუმბათებზე ოქროცურვილი, მთვლემარე აზია დავანებულაო" დღევანდელი აზიელის თვალში მხოლოდ დასავლელი მეზობლის კალმიდან გამოსული მეოცნებე ლირიკაა. რუსეთი დღეს მარტოა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2002 მოგვწერეთ opentext@flashmail.com |