"საქართველო "
# 1 (1789)
სამშაბათი, 14 იანვარი. 2003 წ.

შევარდნაძის სრული მობილიზაცია მოახდინეს

მანანა ლობჯანიძე

ინტერვიუ ნ. ნათაძესთან

-ბატონო ნოდარ, რით ხსნით რუსეთის გააქტიურებას აფხაზეთში?

-ამ გააქტიურების ჯერჯერობით მხოლოდ ორი მხარე ჩანს: რკინიგზის გახსნა და რუსეთის პასპორტების დარიგება. მესამე ჯერ არ ჩანს: რუსების მიერ აფხაზეთში "ნაყიდი" უძრავი ქონების დაკანონების მცდელობა. ყველა ეს ნაბიჯი შევარდნაძის და პუტინის უკანასკნელი შეხვედრის შედეგია.

-რა გეგმა აქვს, თქვენის აზრით, პუტინს? ანუ სადამდე აპირებენ რუსები მოსვლას თავისი აგრესიის ამ ეტაპზე?

-პუტინის გეგმა სხვაა და "რუსებისა", როგორც თქვენ ამბობთ, სხვა. "რუსების" გეგმის ლოგიკა, მე მგონი, ასეთია: მათ უნდათ თავის შემადგენლობაში შეიყვანონ აფხაზეთი და ცხინვალის ზონა. მათ ესმით, რომ საქართველოს მთლიანად დაპყრობა მათ დღეს არ შეუძლიათ (ხაზს ვუსვამ სიტყვას "დღეს"), მაგრამ იმედი აქვთ, რომ შეძლებენ რაღაცა ტერიტორიის ამა თუ იმ იურიდიული ფორმით დაპატრონებას იმდენად, რომ "ამიერკავკასიური" სახელმწიფო გახდნენ. დღეს ისინი არიან ევროპული სახელმწიფო და აზიური სახელმწიფო, ამიტომ ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ "ევრაზიულ" (წაიკითხეთ: რუსულ) ინტერესებზე და სტრატეგიებზე. კავკასიური სახელმწიფოც არიან. ახლა თუ კავკასიონის ქედის სამხრეთით რაღაც მიწა-წყალი "გაიფორმეს", ისინი ამიერკავკასიურ სახელმწიფოთა რიგშიც დგებიან, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, და ამით განსაკუთრებული ხმის უფლება ეძლევათ. მათ იმედი აქვთ, უთუოდ, რომ ამ გზით დასავლეთ-აღმოსავლეთის ახალ ე.წ. "დერეფანს" გააკონტროლებენ და ამერიკელებს აიძულებენ, მათ ანგარიში გაუწიონ, რომელსაც უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც აღარ უწევენ. გარდა ამისა, მათ აინტერესებთ აფხაზეთი ზღვითა და საკურორტო ზონითურთ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი ინტერესია პირველთან შედარებით. ვინ არიან ეს "რუსები", ვისზეც ვლაპარაკობ? ესენი არიან გენერლები, ბიზნესმენები, რიგითი მოქალაქეები, როგორც ასეთები, საერთოდ -რუსეთის საზოგადოება. მაგრამ არა პუტინი! პუტინს ესმის, რომ დასავლეთი "ამიერკავკასიურ სახელმწიფოდ" გადაქცევის საშუალებას რუსეთს არ მისცემს. მისი მხრიდან ეს ახალი აგრესია არის "ქულების გროვება" თავის საკუთარ ქვეყანაში, აგრეთვე აფხაზეთის "მყიდველთა" -გენერალთა და ბიზნესმენთა, მათ შორის ბერეზოვსკის -მობილიზაცია თავის აგრესიულ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობისათვის, უარეს შემთხვევაში -დასავლეთზე პატარ-პატარა "ზეწოლის" მცდელობა პოკერის მეთოდებით, რაც, რა თქმა უნდა, ნაყოფს ვერ მოუტანს.

-რატომაა, თქვენის აზრით, შეუძლებელი ამ გეგმის განხორციელება?

-მისი დიდი, ძირითადი ნაწილისა იმიტომ, რომ დასავლეთს სასიცოცხლოდ სჭირდება შუა აზიის ჩაბმა დასავლური დემოკრატიის სივრცეში. თორემ თუ იქ ჩინეთის გავლენა გაბატონდება, ეს იქნება ჩინეთის პოტენციალის გაორკეცება (ახლო მომავალში) და, ამ საფუძველზე, ჩინურ-რუსული სტრატეგიული ალიანსის აღდგენა, რომელსაც დღეს აზრი არა აქვს -აზრი არა აქვს იმიტომ, რომ მხოლოდ ჩინეთისა და რუსეთის შეკავშირება, შუა აზიის გარეშე, ვერ მისცემს მათ დღეს დასავლეთისადმი რეალური დაპირისპირების ძალას. რაც შეეხება მეორე, ქონებრივ ინტერესს, პუტინს ესმის, რომ რუსი გენერლებისა და ბიზნესმენების "ნასყიდობები" უკანონოა და ბათილობას ექვემდებარება, თუ, რასაკვირველია, შევარდნაძის სახით საქართველოს ხელისუფლება არ დაიყოლია მათს "დაკანონებაზე". ჩემი შთაბეჭდილებით, რუსეთის ყველა "ზეწოლა" საქართველოზე ამ ბოლო წლებში პირველ ყოვლისა შევარდნაძეზე "ზეწოლაა": რუსეთს იმედი აქვს, რომ ეს სუსტი და ყოველმხრივ გაკოტრებული "პრეზიდენტი" მოიდრიკება ყველა იმ შემთხვევაში, როცა ნებისმიერი ნორმალური პოლიტიკოსი წინააღმდეგობას გაწევს, და შეუქცევად კაპიტულაციებს გააფორმებს იურიდიულად. დღეს, შეიძლება ითქვას, რუსეთი თავისი ყველაზე ძვირფასი აგენტის -შევარდნაძის ტოტალურ მობილიზაციას ახდენს, თუნდაც მისი სრული "გაშიფრვის" ფასად. მას აიძულებენ, თავისი აგენტურული შესაძლებლობები ბოლომდე განახორციელოს ამ ეტაპზე, რადგან წინ სხვა "ეტაპი" აღარ აქვს.

-თქვენ ხშირად გამოგითქვამთ ვარაუდი, რომ შევარდნაძე საქართველოში "წითელ გადატრიალებას" ამზადებს. ხომ არ მოდის ეს წინააღმდეგობაში თქვენს დღევანდელ ანალიზთან?

-არა, არ მოდის. ეს ინტერესთა და ამოცანათა გრადაციის საკითხია. შევარდნაძე წითელ გადატრიალებას, რა თქმა უნდა, ამზადებს. უფრო ზუსტად: ამზადებს ძალას ამ გადატრიალებისათვის. იგივე ძალა მან შეიძლება, უბრალოდ,თავისი პირადი ძალაუფლების დაცვისთვისაც გამოიყენოს. სახელდობრ, ყოველივე კანონის საწინააღმდეგოდ მან შექმნა "კაზაკური არმია" საქართველოში და "სიკვდილის ესკადრონები", გაუფორმებელი და სახელდაურქმეველი სახით, რომლებიც არა მხოლოდ ქართველებისგან შედგება და არა მხოლოდ ქრისტიანებისგან. რუსეთის მმართველმა ელიტამ, პუტინის ჩათვლით, იცის, რომ ასეთი გადატრიალება მიზანს ვერ მიაღწევს. ვერ მიაღწევს ისევ და ისევ იმიტომ, რომ ამას დასავლეთი არ დაუშვებს. მაგრამ რუსეთს შესაძლებელია ხელს აძლევდეს ასეთი გადატრიალების თვით დაწყების ფაქტიც. ამით, ჯერ ერთი, საქართველო განადგურდება, მეორეც -დროში ცოტა გაიჭიმება აქ მსოფლიო ძალთა ახალი, არარუსული განლაგების შექმნა. მაგრამ ესეც მეორეხარისხოვანი ამოცანაა იმასთან შედარებით, რომლის სამსახურსაც პუტინი "თამაშობს" თავისი მრევლის წინაშე და რომელიც ზემოთ ვახსენეთ.

-რა შეუძლია და რა ჰმართებს საქართველოს ამ პირობებში?

-ჩამოგითვლით. პირველი. შეუვალი იურიდიული დაცვა. უნდა იყოს ნოტა ან ნოტები რუსეთის სახელზე და საჩივრები გაეროსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სახელზე, სადაც რუსული აგრესიის ყველა ელემენტს თავისი იურიდიული კვალიფიკაცია ექნება მოცემული და საქართველოს ყველა სამართლიანი პრეტენზია დაფორმულებელი იქნება მოთხოვნის სახით. მეორე. მკაფიო იურიდიული ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა საზარალოდ, ვინც რუსეთის მოქალაქეობას იღებს. აგრეთვე რუსეთის ყველა იმ მოქალაქისათვის საქართველოში ყოფნის აკრძალვა, ვისაც ვიზა არა აქვს. მესამე. რუსეთის ბაზების დაუყოვნებლივ გაყვანა და იმ დროში, როცა ისინი აქ არიან, მათთვის ყოველგვარი ქმედების აკრძალვა თავისი სასიცოცხლო მომარაგების მოქმედების გარდა. მეოთხე. საქართველოს რეალური სათავდაცვო მობილიზაცია, კორუფციის რადიკალური დათრგუნვის ჩათვლით. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ასეთი დათრგუნვის უტყუარი და უსისხლო მეთოდი ჩვენ განხილული გვაქვს თქვენს გაზეთში არც ისე დიდი ხნის წინ. ყველა ამ ნაბიჯთა ქმედითობის აუცილებელი პირობაა პარლამენტის მტკიცე დგომა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის პოზიციაზე, რადგან უსათუოდ იქნება ძალიან ძლიერი მცდელობები, რომ პარლამენტს შემოაღებინონ ორმაგი მოქალაქეობა და დააკანონებინონ არძინბას ხროვისაგან "ნაყიდი" ქონება რუსი და სხვა მუშტრებისათვის. დღევანდელ პარლამენტზე ჩემი აზრი იცით: ეს თითქმის მთლიანად უინტელექტო და უპასუხისმგებლო შემთხვევით პირთაგან შემდგარი დანაშაულებრივი გროვაა, რომელშიც მეტ-ნაკლები სახელმწიფო დისციპლინის შენარჩუნებას შიში სჭირდება. ამიტომ, ჩემის აზრით, ახლა უკვე დროა გაკეთდეს ის, რაც გარდუვალია: დაიწყოს კანონის და მორალის მთელი სიმკაცრით იმათი დასჯა, ვინც პარლამენტში ყოფნისას ხმა მისცა XX საუკუნის დამლევის ძირითად მოღალატურ აქტს -საქართველოს შესვლას "ესენგეში".



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com