|
"საქართველო "
ომები ომების შემდეგ
მსოფლიოში დღეს არ არის მომენტი, რომ სადღაც დედამიწაზე 30 "მცირე" ომი არ წარმოებდეს -"მცირე" იმათთვის, ვინც შორიდან უყურებს, მაგრამ ძალიან დიდი იმათთვის, ვისაც უშუალოდ ეხება. ომის შემდეგ რჩება არა მხოლოდ გლოვა და სიმწარე, არამედ აუცილებელი საბრძოლო მასალებიც, რომლებსაც შემდეგში პოულობენ, ათამაშებენ, ფეხს დააბიჯებენ, გუთანს წამოსდებენ, ბარს მიარტყამენ, ექსკავატორის ციცხვს მოარტყამენ და ამ შეცდომების საზღაურს კიდურებით ან სიცოცხლით იხდიან. ქვეითის საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების წინააღმდეგ ამ ბოლო წლებში მსოფლიოში დიდი კამპანია გაიშალა, რომელმაც საგრძნობი შედეგებიც მოიტანა იარაღის ამ სახის აკრძალვის მიმართულებით, მაგრამ ნაომარ მიდამოში "მშვიდობის" დროს ადამიანთა დაზარალების თვალსაზრისით არანაკლებ სახიფათოა აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვები, რომლებსაც არა მხოლოდ შემთხვევით ეხებიან, არამედ შეგნებულადაც ჰკიდებენ ხელს, რათა დაშალონ, ლითონი ლითონად გაყიდონ და ასაფეთქებელი ნივთიერება -ასაფეთქებელ ნივთიერებად. ბრიტანული გაზეთი თHE GRANDIAN ასახელებს რამდენსამე ნაომარ ტერიტორიას, სადაც ამ მოვლენას ადგილი აქვს -ნუბას (აფრიკა), კამბოჯას, ერითრეას, კოსოვოს, ნამიბიას, ერაყს, კონგოს, მაგრამ არ ასახელებს არც აფხაზეთს, არც მთლიანად საქართველოს, სადაც ნაომარი ველებისა და ტყეების გარდა ეს სასიკვდილო ტვირთი თავისი სამხედრო ბაზების ერთი ნაწილიდან უხალისოდ წასულმა ოკუპანტმა შეგნებულად დატოვა. საარტილერიო ჭურვების განსაკუთრებულ სახიფათოობას გაზეთი გვიჩვენებს სტატისტიკიც, რომელიც გვებნება, რომ მათ სიკვდილიანობის უფრო მაღალი პროცენტი მოაქვთ მარცხის შემთხვევაში, ვიდრე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, რომ მათი მსხვერპლის თითქმის 2/3 ბავშვები არიან. გარდა პრაქტიკული მუშაობისა აუფეთქებელი ნაღმებისა და ჭურვების უვნებელსაყოფად გაზეთს აუცილებლად მიაჩნია საკანონმდებლო ბრძოლა, სახელდობრ, ფეთქებადი საბრძოლო მასალის გამომყენებელი მხარე საერთაშორისო კანონით, რომელიც უნდა იქნას შემოღებული, ვალდებულად უნდა იყოს აღიარებული, რომ ომის დამთავრების შემდეგ გააუვნებლოს თავისი გამოყენებული მასალის ნარჩენები, აგრეთვე დააფინანსოს შესაბამისი ხარჯები, რომელსაც სხვანი გაწევენ, და გადაიხადოს დაზარალებულთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები. აგრეთვე უნდა იყოს კანონით დადგენილი, რომ გამომყენებელი მხარე ვალდებულია წარმოადგინოს სრული ინფორმაცია თავის მიერ გავრცელებულ (ნასროლ, ჩაწყობილ და გაფანტულ) ფეთქებად საბრძოლო მასალაზე, რომელიც კი შემდგომი აფეთქების შესაძლებლობას შეიცავს.
THE GRANDIAN
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |