|
"საქართველო "
ბიოლოგიური ტერორიზმი
სექტემბრის ტერაქტამდე 6 დღით ადრე აშშ სენატში გაკეთდა განცხადება, რომ ბიოლოგიური იარაღით თავდასხმა ამერიკაზე უფრო საშიშია, ვიდრე რაკეტები. ცოტა ხნის შემდეგ ორ სენატორს და მრავალ ჟურნალისტს მიუვიდათ ჩვეულებრივი ფოსტით წერილები, რომელთა კონვერტებში ჯილეხის (ანთრაკის) სპორები იყო მოთავსებული. ხუთნი მოკვდნენ, ათეულები დაავადდნენ, ათასები პროფილაქტიკურად გაჭყიპეს ძლიერი ანტიბიოტიკებით. მაგრამ ბაქტერიოლოგიური იარაღი -თუნდ სახელმწიფო პროგრამისმიერი და თუნდ კერძო მოხალისისმიერი -ჯერჯერობით ბაქტერიულ საშიშროებათა ქვედა ეშელონს ეკუთვნის. ზედა ადგილები უჭირავს ჩვეულებრივი, ცნობილი დაავადებების ეპიდემიებს, როგორიცაა ინფლუენცია, რომელიც ყოველ წელიწადს მუსრს ავლებს ადამიანებს, შიდსი (დღეისათვის -22 მლნ მსხვერპლი) და სხვანი. შუა ადგილებში არაერთი ახალი (ადრე უცნობი) დაავადებაა განთავსებული. საშიშია ავარია ან საბოტაჟი, რომლითაც შეიძლება ინფექციამ ლაბორატორიიდან გამოაღწიოს, აგრეთვე დაავადებათა რეზისტენტობის (გამძლეობის) ზრდა წამლების მიმართ (მაგ. 12.XI.2002 დეტროიტელმა ექიმმა მოახსენა კოლეგებს სტაფილოკოკზე, რომელიც ყველაზე ძლიერ ანტიბიოტიკს უძლებს). ბიოლოგიური მიზანმიმართული იარაღის საშიშროებას არბილებს ისიც, რომ მისი მოხმარება რთულია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, თვით ამინდის ჩათვლით. მაგრამ "ნაკლებ საშიში" არ ნიშნავს "არა საშიშს". ბიოლოგიური აგენტები ქიმიურზე ბევრად უფრო საშიშია. პირველი ბიოლოგიური თავდასხმა იყო მონღოლთა მიერ ჟამით მომკვდართა გვამების კატაპულტით შეტყორცნა მტრის ციხე-სიმაგრეში. ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს 1925 და 1975 წლების შეთანხმებები, მაგრამ 17 სახელმწიფო მაინც ეჭვმიტანილია, რომ ამ იარაღს ინახავს, მათ შორის კუბა, ირანი, ერაყი, სირია, ლიბია, ჩრდ. კორეა და სუდანი. ჯერჯერობით არაა ცნობილი ფაქტი, რომ რომელსამე სახელმწიფოს ეს იარაღი რომელიმე ტერორისტისათვის მიეცეს. ერაყიდან რომ 1998 წელს გაეროს ექსპერტები გამოაძევეს, მათ უკვე განადგურებული ჰქონდათ იქ ათასობით ლიტრი ჯილეხის და სხვა ბაქტერიების კულტურები, მაგრამ თვალსაწიერიდან დაკარგული იყო 17 ტონა იმპორტული გარემო, რომელიც ბაქტერიების გაზრდისათვის იხმარება. ფიქრობენ, რომ ერაყმა იმის შემდეგ შექმნა მოძრავი ლაბორატორიები და მუდმივი ლაბორატორიები შენიღბა საავადმყოფოებად და კერძო სახლებად. ითვლება, რომ იქ უკვე ექსპერიმენტები წარმოებს არა ბაქტერიებით, არამედ ვირუსებით. განსაკუთრებულად საყურადღებოა ყვავილი -ერთადერთი ჭირი, რომელიც კაცობრიობამ რეალურად მოსპო. მაგრამ რუსეთი და ამერიკა შეთანხმებულნი არიან, რომ მისი ნიმუშები შეინახონ კვლევითი მიზნებით, და არის ეჭვი, რომ იგი სხვებსაც, სახელდობრ, "არამზადა რეჟიმებსაც" შენახული აქვთ. ამერიკელებმა გათვალეს მისი გამოყენება სამი ამერიკული ქალაქის წინააღმდეგ და აღმოჩნდა, რომ 1 თვის მანძილზე ეს გამოიწვევს 1 მლნ დაღუპულს და ორ ამდენ ინფიცირებულს. ამიტომაც არაერთი სახელმწიფო დღეს ვაქცინის შექმნასა და მომარაგებაზე ზრუნავს. მაგრამ შედეგი აყოვნებს და ძალიან დააყოვნებს. თვლიან, რომ დღეს დედამიწაზე, სადაც 6 მილიარდი სული ცხოვრობს, სულ 200 მილიონი დოზა ვაქცინა არსებობს, ვადაგასულისა და გაყინულის ჩათვლით. გერმანიაში იგი არსებობს მოქალაქეთა ნახევრის სამყოფი, ისრაელში ყველა მოქალაქისა. ქვეყნები, რომელბშიც ცნობილია ამ ვაქცინის მომარაგების ფაქტი, თითებზე ჩამოსათვლელია, თუმცა გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ამ მიმართულებით თავისი პოლიტიკის გაცხადებას არაერთი სახელმწიფო ერიდება (რა "ხარჯები" ექნება საქართველოს კორუმპირებულ ხელისუფლებას ამ მიმართულებით, ადვილი წარმოსადგენია. "საქართველოს" რედ.). ბუნებრივია, რომ ბაქტერიოლოგიურ შეტევასთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ მიხვედრას, რომ შემოჭრილია ინფექცია. ილუსტრაციისათვის საკმარისია ითქვას, რომ ამერიკაზე ჯილეხის სპორებით თავდასხმის ფაქტი შემთხვევით გახდა ცნობილი შედარებით ადრე, რადგან სენატის ერთი თანამშრომელი სპეციალურ კურსებგავლილი კაცი აღმოჩნდა. დაავადებები, რომლებიც ბიოტერორისტებმა შეიძლება გამოიყენონ, დღეს სამ კატეგორიად იყოფა (პირობითად). პირველი (ყველაზე საშიში და ყველაზე ადვილი გასავრცელებელი): ჯილეხი, ბოტულიზმი, ტულარემია, შავი ჭირი, ყვავილი, ჰემორაგული ციება. ესენი ადვილად ქმნიან პანიკას და მოითხოვენ ჯანდაცვის სისტემის სპეციალურ მომზადებას. მეორე. ნაკლებ სასიკვდილო და უფრო ძნელი გასავრცელებელი: ბრუცელოზი, ცხენის ჭირი (GLANDEღშ), სალმონელოზი, კოლი 157, ქოლერა, აგრეთვე ცხოველებისგან გავრცელებული ფეხისა და პირის რიგი დაავადებები, აგრეთვე ბიოლოგიური ტოქსინები. მესამე კატეგორიაში შედის ის დაავადებები, რომლებიც თვითონ ჩნდება და შეგიძლიათ მასობრივად გავრცელებადი სახე მისცეს: ენცეფალიტი, ყვითელი ციება, ჰანტავირუსი და სხვა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |