"საქართველო "
# 1 (1789)
სამშაბათი, 14 იანვარი. 2003 წ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვაგვარად დუღან

დიქტატურით, დიქტატურის მემკვიდრეობით ან ორივეთი ტანჯული ქვეყანა მსოფლიოში არაერთია. საქართველოს ყოველი მათგანის -ან თითქმის ყოველი მათგანის -მაგალითზე ბევრი რამის შესწავლა შეუძლია. მკითხველს ვაწვდით ორ მასალას ჟურნალ თHE EჩONOMIშთ-ის მიხედვით, რომელიც ამ უბედურ დღეში მყოფ ქვეყნებს ეხება. ერთი მოგვითხრობს ირანზე, სადაც პატრიოტები სავსენი არიან სურვილით, თავისი ისტორიულად მაღალკუტუროსანი ქვეყანა ცხოვრების დასავლურ ნორმებს დაუახლოონ, მეორე -ჰაიტიზე, რომელიც ისტორიულად ბევრს ვერაფერს დაიტრაბახებს, ხოლო დღეს ჩვენი ქვეყნისათვის კარგად ნაცნობ სენს -ნაკლოვანი ხელისუფლების წინააღმდეგ ნაკლოვანი ოპოზიციისა თუ "ოპოზიციის" ბრძროლას -ჰყავს შეპყრობილი.

მდგომარეობა ირანში

ირანის პირველი პირი, აიათოლა ხამანეი, როგორც ცნობილია, მყარი კონსერვატორია, პრეზიდენტი ხათამი -რეფორმისტი. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არსებული რეჟიმისა და კურსის შეცვლა უნდა. სასჯელები მკაცრია და დაპირისპირება -უკიდურესად მწვავე. ამ ორიოდე თვის წინ ერთ-ერთი თავისუფალი მოაზროვნე, პროფესორი ჰაშემ აღაჯარი, რომელიც კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდა თეოკრატიული სისტემის მიმართ, გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს როგორც სარწმუნოებისაგან განდგომილს. ამ ფაქტმა გამოიწვია სტუდენტობის საპროტესტო მოძრაობა და დააკავეს მისი ოთხი ლიდერი, მაგრამ მეორე დღეს გამოუშვეს ეროვნული უშიშროების საბჭოს ბრძანებით, რომელშიც რეფორმისტებიც არიან, პრეზიდენტის ჩათვლით, და კონსერვატორებიც. გენერალურმა პროკურორმა შექმნა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც აღაჯარის ასცდება სიკვდილით დასჯა, თუ განცხადება დაწერა, რასაც ეს უკანასკნელი არ ეთანხმება, ხოლო უზენაესმა ლიდერმა -აიათოლა ხამანეიმ -მანამდე სცადა ჩაეცხრო მწვავე სიტუაცია იმით, რომ ბრძანა სასიკვდილო სასჯელის გაუქმება განურჩევლად იმისა, მისჯილი მიმართვას ხელს მოაწერს თუ არა. ამ კეთილი ნების ჟესტის საპასუხოდ ხათამის მთავრობაც იძულებული გახდა ხელი აეღო სტუდენტთა აქციის მხარდაჭერაზე და სტუდენტებმაც მოქმედების სავსებით მშვიდობიანი ფორმა აირჩიეს, სახელდობრ, ხელი აიღეს დემონსტრაციაზე ქუჩაში, რაკი ესმოდათ, რომ პოლიცია აღარ დაიცავს მათ აგრესიული ბრბოსაგან. სტუდენტობის ლიდერები მალე სასამართლოს წინაშე წარდგებიან ეროვნული უშიშროების ხელყოფის ბრალდებით.

პარლამენტი აპირებს პრეზიდენტი ხათამის მიერ შეტანილი ორი კანონპროექტის განხილვას, რომლითაც იკვეცება აიათოლა ხამანეის ესტაბლიშმენტის ძალაუფლება. ხათამიმ იცის, რომ, თუ მან კანონპროექტები უკანვე გამოიტანა, ამით აღაჯარის გადარჩენის შანსები ძალიან გაიზრდება, მაგრამ იგი მაინც მაგრად დგას თავის განზრახვაზე. თუ კანონები მიიღო პარლამენტმა და შემდეგ უარყო აიათოლა ხამანეის მომხრე ზედა პალატამ, მაშინ პარლამენტი მოითხოვს რეფერნდუმს იმაზე, თუ მმართველობის რა ფორმა უნდა ირანის ხალხს. მაგრამ რეფერენდუმის დანიშვნას აიათოლას თანხმობა უნდა და ამით მოხდება რეფორმისტების მკვეთრი დაპირისპირება მასთან.

როგორც ჩანს, მოვლენები ამგვარად არ განვითარდება. მოსალოდნელია შეტევა რეფორმისტების წინააღმდეგ და ის ბრბოები, რომლებმაც 1999 წელს სტუდენტური მოძრაობა დაარბიეს, კვლავ ქუჩაში არიან. "რევოლუციური გვარდიის" ხელმძღვანელობაც აცხადებს, რომ "სცენაზე გამოვა", თუკი საშიშროება შეექმნება არსებული სისტემის საყრდენებს. აიათოლა ხამანეიმ და მისმა მომხრეებმა ნათლად გამოხატეს თავისი პოზიცია, რომ ასეთ "საშიშროებად" მათ მიაჩნიათ მოპროტესტე სტუდენტებიც, -მოძრაობის ეს ავანგარდი -რომელთაც არც რელიგიური დიქტატურა უნდათ და არც "რელიგიური დემოკრატია", რომლის დამყარებაც უშედეგოდ სცადა რეფორმისტმა პრეზიდენტმა. სტუდენტები აპირებენ ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოაცხადონ.

ჟურნალს არ მიაჩნია, რომ სტუდენტები შეძლებენ მოძრაობას დიდი მასშტაბი მისცენ. რადგან "ირანელთა უმრავლესობას, რაც უნდა უკმაყოფილონი იყონ არსებულით, არ ეხალისება მოვლენებში ჩაბმა, მათ ურჩევნიათ "შორს იყონ ცეცხლის ხაზისაგან" დღეს, როცა "ირანში არსებული პოლიტიკური ბრძოლა, როგორც ჩანს, თავის კულმინაციას უახლოვდება".

მდგომარეობა ჰაიტიზე

ჰაიტი ის ქვეყანაა, რომელში ათწლეულთა მანძილზე იბატონა დიქტატორთა დინასტიამ და რომელიც მთელი დასავლეთისათვის დაუფარავი სისხლიანი რეჟიმის განსახიერებად იყო ქცეული. მისი დღევანდელი მმართველი არისტიდი იმ დიქტატორთა მაგიერია. მისი მმართველობა, ამგვარად, პოლიტიკური თავისუფლების გამარჯვების ლოზუნგით იქნა შემოღებული დემოკრატიული გარე ძალის დახმარებით. ამავე დროს მისი სახელი გაიგივებულია ჰაიტის დამოუკიდებლობასთან. მიუხედავად ამისა, მის მმართველობას უმწვავესი პოლიტიკური პრობლემები აქვს.

2000 წელს აქ არჩევნები ჩავარდა (ქვეყანამ ვერ მოაბა თავი მათ ჩატარებას) და ამით სახელმწიფომ 50 მილიონი დოლარის ღირებულების სასიცოცხლო საჭირო დახმარება დაკარგა. 17 ნოემბერს ვინმე ჰიმლერ რებუ, "გადატრიალების გამოცდილების მქონე ოფიცერი" გაუძღვა 15 ათას მოპროტესტეს და არისტიდი აიძულა გადადგომაზე ხელი მოეწერა. ქუჩის შეჯახებაში მოკვდა 4 ჰაიტელი. ორი დღის შემდეგ ქუჩაში არისტიდის მომხრენი გამოვიდნენ და მდგომარეობა აღადგინეს. არისტიდი ერთხელ უკვე ემსხვერპლა გადატრიალებას და ამერიკელებს მისი ძალაუფლების აღდგენა მოუხდათ. ამჯერად ისინი ფხიზლად დარაჯობენ სიტუაციას სხვათა შორის იმიტომაც, რომ ჰაიტიდან ფლორიდაში ლტოლვილთა მასობრივი გადასვლისა ეშინიათ. მაგრამ ხალხის უკმაყოფილება იზრდება, ხოლო მმართველი, ოპოზიციონერთა თქმით, არ ერიდება ადგილობრივი ბანდების გამოყენებას მოპროტესტეთა დასარბევად იარაღის ძალით. როცა ამერიკელებმა განაცხადეს, რომ დახმარება აღდგება, თუ შეიქმნება არჩევნების ჩამტარებელი საბჭო, ხალხმა ამოისუნთქა. მაგრამ ხელისუფლებამ საბჭოს შექმნა ჩაშალა. მისი მართვის მეთოდები დიქტატორულია და ამ ცოტა ხნის წინ მან ფულად ანაზღაურებაზეც კი უარი უთხრა ოპოზიციის ლიდერებს, რომელთაც სახლები დაუწვა. მაგრამ ანალიტიკოსები მაინც ფიქრობენ, რომ ხალხი არისტიდს არ გადააგდებს, რადგან მასში მაინც კიდევ დამოუკიდებლობის მედროშეს ხედავენ.

*

"საქართველოს" რედაქციისაგან. როგორც ვხედავთ, არც დიქტატორის უხარისხობას, არც საზოგადოების უუნარობას, რომ თავისი თავის პოლიტიკური ორგანიზება მოახდინოს, საზღვარი არა აქვს. რომელსა ყურნი ასხენ სმენად, ისმინენ!



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com