"საქართველო "
# 1 (1789)
სამშაბათი, 14 იანვარი. 2003 წ.

საქართველო -პოლიტიკური უდაბნო

შოთა ნადირაშვილი

(გაგრძელება. დასაწყისი #15, 16)

საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა ყოველთვის მისი გეოგრაფიული მდგომარეობით იყო გამოწვეული. იგი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების დამაკავშირებელ ქვეყნად ან ერთგვარ დერეფნად ითვლებოდა. ამის გამო მრავალი სახელმწიფო ჩვენს დაპყრობას ცდილობდა, ზოგი კი მეგობრობას გვთავაზობდა. ასეთ შემთხვევებში ისინი ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რა მიზნები და ამოცანები გვქონდა მათ მიმართ და რა მოთხოვნები შეიძლებოდა წამოგვეყენებინა. იმის გამო, რომ დღეისათვის ჩვენ თვითონ არა გვაქვს ნათელი მიზნები და ამოცანები, ჩვენთან ურთიერთობის მოსურნე სახელმწიფოებს ნათელ მოთხოვნებს ვერ ვუყენებთ. ისინი ჩვენი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ცდილობენ თავისი მიზნების განხორციელებას. ხშირად კომიკური და სავალალო მდგომარეობა იქმნება, ძლიერი სახელმწიფოები გვთავაზობენ საეჭვო გარიგებებს, რაც თითქოს დიდ სარგებლობას მოგვიტანს. ასეთი თანამშრომლობის საფასურად კი ისინი ჩვენგან მორჩილებას ითხოვენ.

როგორც ვხედავთ, ჩვენს ხელისუფლებას არა აქვს რაიმე წარმატება არც საშინაო და არც საგარეო საქმიანობაში. ნათელი არ არის, თუ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. ეს არ იცის არც ხელისუფლებამ, არც ქართველმა ხალხმა და არც უცხო სახელმწიფოებმა. ეს ვითარება ასახულია უცხოურ პრესაში. იქ საქართველო დასახელებულია როგორც სახელმწიფოდ ვერ შემდგარი ქვეყანა; იგი ეკონომიკურად გაჭირვებული ქვეყნების რიგშია მოხსენიებული, სადაც ადამიანის უფლებები დარღვეულია და ხელისუფლებაში კორუფცია მძვინვარებს.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა არის პოლიტიკურად ერთგვარი ხრიოკი მინდორი, უფრო სწორად პოლიტიკური უდაბნო, სადაც მოსული ძალები ცდილობენ თავისი ინტერესების შესატყვისად, გარკვეული გზებისა და ნაგებობების აშენებას. ისინი ამ უდაბნოს ეპყრობიან როგორც უპატრონო ადგილსამყოფელს, რაც მათი ინტერესების შესატყვისად უნდა მოეწყოს.

ასეთ პოლიტიკურ უდაბნოში მოქმედი ჩვენი ხელისუფლების ძირითად ამოცანად იქცა ერის ინტერესების გათვალისწინების გარეშე უცხო ქვეყნების ინტერესთა ბალანსირება. ამ დროს ხელისუფლება ისეთ ტენდენციებს ემხრობა, რაც მოცემულ მომენტში მის პირად ინტერესებს შეესატყვისება. ეს ვითარება კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია ხელისუფლებაში კორუფციის გაძლიერებისა.

აღნიშნული საკითხების განხილვის შემდეგ შესაძლებელი ხდება ერთმანეთს შევადაროთ დამოუკიდებლობის მოპოვების ეტაპზე და დღეისათვის არსებული სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობები.

ქართველი ხელხი ეროვნული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ორასი წელიწადი იბრძოდა და ემზადებოდა. ამ მზადებაში არსებითი წვლილი ლიტერატურის, ხელოვნებისა და უფრო გვიან მეცნიერების წარმომადგენლებმა შეიტანეს. ქართველმა ერმა ეს ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულა, მოიპოვა ნანატრი დამოუკიდებლობა. ამით დამთავრდა თავისუფლებისათვის ბრძოლის პირველი ეტაპი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო ახალი ამოცანის წინაშე დადგა. დამოუკიდებელი ქვეყანა თავისუფალ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამისათვის საჭირო იყო თავისუფალი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აშენების გეგმის შედგენა და მისი რეალური განხორციელება. ამისათვის ქართველი ერი მართლაც არ იყო მომზადებული. ეს არც არის გასაკვირი, დამოუკიდებლობის მოპოვების დროს არავინ არ არის მზად თავისუფლებისათვის. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა კარგად იცოდნენ, როგორც უნდა დაენგრიათ კომუნისტური წყობა, მაგრამ მათ არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა აეშენებინათ თავისუფალი ეროვნული სახელმწიფო. ისინი რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ. ხელისუფლების წევრებს შორის გაჩნდა წინააღმდეგობა ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორებიცაა: სახელმწიფოს მართვის სისტემა, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობა და სხვა. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეროვნული ძალების გაერთიანება, რომლებიც თანამშრომლობდნენ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობაში. მალე ჩამოყალიბდა ოპოზიცია. მათ მოამზადეს ხელისუფლების დამხობის გეგმა, რომლის განხორციელებაში მათ გარეგანი ძალები დაეხმარნენ.

ძალით, არაკანონიერი გზით მოსულმა ხელისუფლებამ დაიწყო ცალკეული, კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა და ეროვნული ორიენტაცია დაკარგა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მან ეროვნული ხელისუფლება დაამხო.

საქართველოში დღეისათვის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ჩვენს ქვეყანას არა აქვს ფუნდამენტალური ეროვნული ამოცანა, რის გარშემო შესაძლებელი იქნებოდა ქართველი ერის გაერთიანება. ხელისუფლება მუშაობს ცალკეულ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა შესახებ მის წევრებს, სხვადასხვა პარტიებს და სოციალურ ჯგუფებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ასეთი საკითხების რიცხვი თანდათან იზრდება და შესატყვისად მრავლდება მათი დამცველი დაპირისპირებული ჯგუფები.

ქართველი ერი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაერთიანდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველი ერის გაერთიანება შეიძლებოდა თავისუფალი ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობაში, მაგრამ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ამოცანაზე. ამის გარეშე კი შეუძლებელი აღმოჩნდა დამოუკიდებელი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. ქართველი ერი დაიშალა სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული პოზიციების დამცველ ჯგუფებად. მან დაკარგა ფუნდამენტალური ეროვნული მიზანი; იგი გადაიქცა პოლიტიკურ უდაბნოდ, სადაც მცხოვრებ ერს არა აქვს საკუთარი ეროვნული ამოცანა. ამიტომ ამ პოლიტიკურ უდაბნოში უცხო სახელმწიფოები ადგილობრივი ეროვნული მიზნების გათვალისწინების გარეშე ებრძვიან ერთმანეთს და ცდილობენ თავისი მიზნების განხორციელებას. საქართველო, როგორც თავისუფალი ეროვნული სახელმწიფო, ვერ ჩამოყალიბდა.

პოლიტიკური უდაბნოს გამოცოცხლების და აყვავების გზა

საქართველომ დმოუკიდებლობა მოიპოვა. მისი შემდგომი ამოცანა იყო თავისუფალი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა. ერი თავისუფალ ეროვნულ სახელმწიფოდ რომ ჩამოყალიბდეს, მან თავისი ფიზიკური და სულიერი ძალები ერთი მიმართულებით უნდა აამოქმედოს. იგი აქტიურ სუბიექტად უნდა ჩამოყალიბდეს.

ერმა, როგორც ცოცხალმა და სულიერმა ფენომენმა, უნდა დაიკმაყოფილოს თავისი სასიცოცხლო მოთხოვნილებები, დააგროვოს გამოცდილება და შექმნას კულტურა. მას ჰყავს ხალხი, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე არის დასახლებული. მათ უნდა დაიცვან თავისი ტერიტორიული მთლიანობა, თავისი საქმიანობა, განავითარონ თავისი ენა, ეროვნული ცნობიერება და კულტურა; ასეთი ამოცანის განხორციელებას მაშინ ახერხებს, როცა იგი ეროვნული სახელმწიფოს სახით ყალიბდება. ხელისუფლება ამ მიზნებს და ამოცანებს წარმატებით ახორციელებს, როდესაც ფართოდ რთავს თავის ძალებს ამ საქმიანობაში. ამ გზით იგი დემოკრატიულიც ხდება.

ქართველმა ერმა ერთსულოვნებას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მიაღწია. საჭირო იყო თავისუფლებისათვის ბრძოლის მეორე ეტაპზე გადასვლა, თავისუფალი ეროვნული სახელმწიფოს აშენება, მაგრამ საუბედუროდ, ხელისუფლებამ არაეროვნული ორიენტაციის გამო უარი თქვა ამ ამოცანაზე. ქართველ ერს აღარ აქვს საერთო ფუნდამენტური მიზანი, რომლის გარშემო ის გაერთიანდებოდა. ქართველი ერი დაიშალა სხვადასხვა საკითხებზე საპირისპირო პოზიციების მქონე ჯგუფებად.

დღეისათვის ქართველი ერის ამოცანაა, აირჩიოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს მშენებლობას დაიწყებს. ასეთი საერთო მიზანი გამოაცოცხლებს საქართველოს პოლიტიკურ უდაბნოს. ასეთ ვითარებაში, სახელმწიფოები, რომლებსაც ჩვენს რეგიონში გარკვეული მიზნები აქვთ, ანგარიშს გაუწევენ ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს. მათთვის ჩვენი ქვეყანა აღარ იქნება პოლიტიკური უდაბნო, უსუბიექტო და უპიროვნო სივრცე, რომლის მიზნებსა და ინტერესებს ანგარიში არ უნდა გაეწიოს. შინაგანი დაქსაქსულობის დაძლევის, უცხო სახელმწიფოებთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას საქართველოში ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა წარმოადგენს. საქართველო უნდა იქცეს სახელმწიფოდ, რომელსაც თავისი ეროვნული მიზნები ქვს და რომელთა მიღწევისათვის ქართველი ერი აქტივობს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com