|
"საქართველო "
ბოროტების სათავე, ანუ როგორ შეთითხნეს "მეგრელთა საქმე" ვ. ნ. შონია
გაგრძელება. დასაწყისი "საქართველო" #8,9,10,11,12,13,14,15,16. 2002 წ
პლასტოვი ლაპარაკობდა. ხრუშჩოვი ცდილობდა, შეეწყვეტინებინა, შენიშვნები ჩაურთო, ის კი შემობრუნდა: "ასე, დიახ, დიახ, აი, მეც მაგას ვამბობ". -მიბრძანეს ვიღაც მწველავის დახატვა. მე გავხედე მას ანფასშიც, პროფილშიც, მაგრამ მასში არაფერი იყო არც გმირული, არც რომანტიკული, არც რეალისტური. ნუ, როგორ უნდა დამეხატა? ხრუშჩოვი აწყვეტინებს: -მე თქვენს ადგილზე ისე დავხატავდი, რომ ეს მწველავი გმირულიც ყოფილიყო და რომანტიულიც. აი, რა არის ხელოვნება. პლასტოვი ყურზე ხელს იდებს: (ის მოიყრუებდა, თუ ძალათ მთლად იყრუებდა თავს) აა? ნუ, დიახ, აკი ვამბობდი ნიკიტა სერგის ძევ, არა მასში არ არის არც რომანტიკული, არც გმირული. მისი დახატვა შეუძლებელია. ხრუშჩოვი კვლავ: -მე ვამბობ, რომ ის შეიძლება დაიხატოს... პლასტოვი: -აი, მეც ვამბობ, მასში არაფერი არ არის, ნიკიტა სერგის ძევ, სამაგიეროდ მახსოვს ერთი მეზობელი ქალი დავხატე -ომის დრო იყო. თხებს მწყემსავდა. განმაცვიფრა მისი სახის ტრაგიკულმა გამომეტყველებამ. ვხატავ ერთი დღე, ორი, სამი. დრო ცოტაა -დღისით თხებს მწყემსავს, თხებს მორეკავს და მალე უკვე ბნელდება. ცოტა გაჭიანურდა პორტრეტი. აი, ერთხელ მეკითხება, კიდევ დიდი ხანი უნდა ხატო პორტრეტი? მე ვეუბნები: "ოთხი დღე". ის ამბობს: "კვირამდე იქნებ არ მოვკვდე როგორმე". და მართლაც მოკვდა. დარბაზიდან ეკითხებიან: რისგან? ის ამბობს -შიმშილისაგან. დაიწყო სოფლის სურათის აღწერა. თან წარამარა კვერს უკრავდა ხრუშჩოვს. "გმადლობთ ნიკიტა სერგის ძევ". და თან ლაპარაკობდა: კლუბი არ არის, სპირტს ცისტერნებით ხდიან. ყველანი უცოდინარები არიან, ხელოვნებაში არავის არაფერი გაეგება. ეს თათბირები არავის ჭირდება. თანდათან ისეთი სურათი დახატა, რომ შიშმა აგვიტანა... მისი მონათხრობიდან შედარებით თვით "ვოლოგდის ქორწილი" და "მატრენას ეზოც" იდეალად მოგვეჩვენა. ის ჰყვებოდა, როგორ მუშაობდა უსპენსკის ილუსტრაციებზე, როგორ მივიდა სამკალში, გლეხების ჩასახატავად, მთიბავთა ესკიზების გასაკეთებლად. აი, ჩაინიშნა მონახაზები, შუადღისას კი გლეხები შეიკრიბნენ. უყურებდნენ სურათს და ეუბნებოდნენ: "გვითხარი, ამისათვის რამდენს გიხდიან?" -მერიდება მას ვუთხრა. ეს ხომ სტალინის პერიოდია, რა თქმა უნდა, მძიმე დრო იყო, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი: კარგად გვიხდიდნენ, არ დავფარავ, ნიკიტა სერგის ძევ, მძიმე დრო იყო, მაგრამ გვიხდიდნენ. -აი, ერთი მეკითხება: "ნუ, ხუთ მანეთს გიხდიან? მეორე ამბობს: აბა კი, ხუთი მანეთისათვის იჯახირებს, ალბათ თუმანს მაინც. ვეუბნები: "ცოტა მაღლა ადი!" "ნუთუ ოცდახუთს". შემრცხვა და ვეუბნები: "ოცდახუთს". "შეხედე შენ, ყოჩაღ! ჩვენ რამდენი უნდა ვიქნიოთ ცელი, რომ ოცდახუთიანი გამოვიმუშაოთ! ცოტ-ცოტა ერთი-ორი თვე მაინც უნდა ვთიბოთ". აი, ასე აგრძელებდა ის. სულ, ლაპარაკობდა, ბოლოს ასე დაამთავრა: -ძმებო, მოსკოვი უნდა მიატოვოთ, მთელი მხატვრობა პერიფერიებში უნდა გაემგზავროს, სიღრმეში. იქ, რა თქმა უნდა, კომფორტი არ არის, აბაზანა არ არის, შხაპი არ არის, მაგრამ ცხოვრება შეიძლება და ამთავრებს: -მოსკოვში სიმართლე არ არის! და ხელით გარშემო წრე შემოხაზა. ის კი ლაპარაკობდა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ფონზე! "მოსკოვში სიმართლე არ არის" და ვიცინოდით კია, მისი გამოსვლის დროს, მაგრამ როცა დაამთავრა, როგორღაც შიშმა აგვიტანა... ხრუშჩოვი მთელი ეს დრო დუღდა. ხშირად წამოდგებოდა, ილიჩევიც კვერს უკრავდა, დანარჩენები გაქვავებულები იყვნენ. მეორე დღისათვის დანიშნული იყო გაგრძელება... იგივე დარბაზი. შემოვიდა პრეზიდიუმი... ხრუშჩოვმა ძალიან მხიარულად დაიწყო: -მაშ ასე, ამხანაგებო! უნდა გითხრათ, გუშინდელმა გაფრთხილებამ იმოქმედა, აქედან არაფერს გაუჟონია. ისიც შემიძლია გითხრათ, გუშინ ზოგიერთ საელჩოში მიღება ჰქონდათ. სიფრთხილისათვის, არავინ გამოცხადებულა. კარგია, კარგი. მოდით, ახლა დავიწყოთ. ის დღე მოწყენილად დაიწყო, სულ ერთი და იგივეს ღეჭვა, თაობათა მოახლოება, მადლობა ნიკიტა სერგის ძეს, ხელოვნებას ხალხი ასაზრდოებს და ასე და ამნაირად წავიდა და წავიდა. და აი, გამოვიდა ვოზნესენსკი. მისი გამოსვლა ლურსმანივით იყო ჩაჭედილი პროგრამაში. მე კიდევაც მიჭირს იმის გადმოცემა, რაც იქ მოხდა. ვოზნესენსკიმ მაშინვე იგრძნო, რომ საქმე ცუდად იყო და ამიტომ მოკრძალებულად, რაღაც გაუბედავად დაიწყო. ხრუშჩოვმა იმწამსვე შეაწყვეტინა მკვეთრად, უხეშად, თითქოს კივილამდე მისულმა ყვირილი დაუწყო ვოზნესენსკის და რა არ უწოდა: "ცილისმწამებელი", "რას აკეთებთ თქვენ აქ?" "არ მოგწონთ აქ? მოუსვით ამის და ამის დედასთან", "ჩვენ თქვენ არ გიჭერთ", "თქვენ იქ მოგწონთ, საზღვარგარეთ. იქ გყავთ მფარველები -მოუსვით იქ! მიიღეთ პასპორტი, ორ წუთში გაგიფორმებთ. გაუფორმეთ ამას პასპორტი, დაიკარგოს აქედან!" -მე აქ მინდა ცხოვრება -ეუბნება ვოზნესენსკი. -თუ თქვენ აქ გინდათ ცხოვრება, ცილისწამებას რაღას ეწევით? ეს რა შეხედულებაა... საბჭოთა ხელისუფლებაზე! იმ ყვირილის გახსენებაც კი მიჭირს, ეს იმიტომ, რომ არ ველოდი ასეთ აფეთქებას. არც არავინ არ ელოდა. ეს ისე მოულოდნელი იყო, გარკვეულ მომენტამდე როგორღაც მეგონა, ხრუშჩოვი ძალით იღიზიანებდა თავს და ეს ყველაფერი არასერიოზულად ხდებოდა. მაგრამ მორიგი კამათის დროს, სანამ ვოზნესენსკი ცდილობდა, რაღაც ეპასუხა, ხრუშჩოვმა აღარ შეაწყვეტინა, უცებ მოუბრუნდა დარბაზს და სულ ბოლო რიგში დაუყვირა: -თქვენ რას აკეთებთ მანდ! თქვენ, თქვენ, სათვალიანი, უკანა რიგში, წითელი პერანგით! რას იკრიჭებით თქვენ? მოიცადეთ, თქვენც მოგისმენთ, თქვენი რიგიც მოვა! ვოზნესენსკიმ აღარ იცის, რა თქვას, ეუბნება: -მე საბჭოთა წყობილების მომხრე პატიოსანი ადამიანი ვარ. მე არსად წასვლა არ მინდა. ხრუშჩოვმა ხელი აუქნია: ცარიელი სიტყვებია ეს, სისულელეა. ვოზნესენსკი ეუბნება: -ნება მომეცით, ჩემი პოემა "ლენინს" წავიკითხო. -არ გვინდა ჩვენ თქვენი პოემები... -ნება მომეცით, წავიკითხავ. -კარგი, წაიკითხეთ. დაიწყო ვოზნესენსკიმ პოემის წაკითხვა. კითხულობს, მაგრამ, ვაი, ამ კითხვას. უკან ხრუშჩოვი ზის, მუშტებს მაგიდაზე აბრახუნებს, გვერდით ცივი კოზლოვი უზის. წაიკითხა პოემა, ხრუშჩოვმა ხელი აიქნია. -არაფრად არ ვარგა, თქვენ არაფერი არ იცით და არც შეგიძლიათ იცოდეთ. ...და ბოლოს ეუბნება: "თქვენ არარაობა ხართ". და იქვე ყოველგვარი გადასვლის გარეშე: -თქვენ მანდ, თქვენ რას იკრიჭებოდით? თქვენ, სათვალეში! მობრძანდით აქ! უკანა რიგში ვიღაც დგება: -მე? არა თქვენს გვერდით. დგება მეორე: მე? -თქვენ, თქვენ, თქვენ. რიგებს შორის მიდის სათვალეებიანი, გამხდარი, ყველასათვის უცნობი კაცი, პიჯაკის ქვეშ წითელი პერანგი უჩანს, უჰალსტუხოდ. ხრუშჩოვის ასეთმა ყვირილმა ვოზნესენსკის მიმართ ინტელიგენტთა მთელ ამ ბრბოში, რაღაცნაირი, საოცარი სასტიკი აღგზნება გამოიწვია. მსგავსი მოვლენა კარგად აქვს აღწერილი ტოლსტოის "ომსა და მშვიდობაში", როცა რასტოპჩინი მოუწოდებს, მოკლან ვაჭრის შვილი, ბრბოში ერთმანეთზე გადადის სასტიკი განწყობილება -თავიდან ვერ ბედავენ, შემდეგ კი კლავენ. მიდის ეს კაცი რიგებს შორის, მას კი უყვირიან. ვიღაც უყვირის: -წითელი პერანგი ჩაუცვამს! ის პასუხობს: მე სხვა არა მაქვს. -მიდი, მიდი, პასუხი აგე შენს საქმეზე! ის გამოდის, ხრუშჩოვი ეკითხება: -თქვენ ვინა ხართ? -მე... მე გოლიცინი ვარ! -აა, თავადი გოლიცინი? -თავადი არა, მე... მე მხატვარი გოლიცინი ვარ, მე... მხატვარი გრაფიკოსი... მე რეალისტი ვარ, ნიკიტა სერგის ძევ, გნებავთ ჩემი ნამუშევრები თანა მაქვს, შემიძლია გიჩვენოთ... ხრუშჩოვმა შეაწყვეტინა: -არ არის საჭირო, აბა, ილაპარაკეთ. -რა ვილაპარაკო? -როგორ თუ რა? თქვენ ხომ გამოხვედით, ილაპარაკეთ! -მე არ ვიცი, რა ვთქვა... მე არ ვაპირებდი ლაპარაკს. -რახან გამოხვედით, კიდევაც ილაპარაკეთ. ის დუმს. ხრუშჩოვი ეუბნება: -თქვენ ხომ გესმით, რატომ გამოგიძახეთ? -დიახ... მე არ მესმის... -როგორ არ გესმის? დაფიქრდით. იქნებ იმისათვის, რომ ამხანაგ როჟდესტვენსკის ლექსს ტაში დავუკარი ან ვოზნესენსკის? -არა, არ ვიცი. -დაფიქრდით და გაიგებთ. გოლიცინი დუმს. -აბა, ილაპარაკეთ. გოლიცინი: -იქნებ მე ლექსები წავიკითხო- -რომელი ლექსები? -მაიაკოვსკის -ამბობს გოლიცინი. ამ დროს დარბაზში ატყდა ისტერიული ხარხარი, ნერვული დაძაბულობა უკვე აუტანელი იყო. ეს სცენა უკვე რაღაც სიურეალისტური ხდება. ეს იყო რაღაც დაუჯერებელი ამბავი. ბოლოს, როცა მან მაიაკოვსკი ახსენა, ხრუშჩოვმა უთხრა: -არ არის საჭირო, მიბრძანდით. გოლიცინი წავიდა. უცებ შემობრუნდა და ეკითხება: -შეიძლება ვიმუშაო? ხრუშჩოვი: -შეიძლება. გოლიცინი წავიდა. ამას მოჰყვა ხრუშჩოვის საბოლოო სიტყვა. ხრუშჩოვმა დაიწყო იმით, რომ ბოდიში მოიხადა გაცეცხლებისა და წონასწორობიდან გამოსვლისათვის: "მაგრამ ნუ განმსჯით, საქმე მეტად მნიშვნელოვანია და შეიძლება კაცი ზოგჯერ წონასწორობიდანაც გამოვიდესო". შემდეგ სანიმუშო მაგალითებით დაგვიწყო განმარტება, თუ როგორია კარგი ხელოვნება. -აი, მიდიხარ ზამთარში, ტყეში, მთვარიანი ღამეა. მთვარის სხივებს ქვეშ თოვლს მოცისფრო ფერი გადაკრავს, აგერ ნაძვები თოვლის საფარქვეშ, უყურებ და ფიქრობ: რა სილამაზეა! აი, ეს ვინმეს რომ დაეხატა, ასე ხომ ვერ დახატავენ. თუ დახატავენ, არ დაუჯერებენ, ეტყვიან: ეს ასე არ ხდება! მაგრამ ხომ არსებობს ცხოვრებაში ეს სილამაზე! რა საჭიროა შთაგონების ძებნა? აი, მეგობარი მყავდა, მაღაროელი... და კვლავ კითხულობს მაღაროელის ლექსს... ამის შემდეგ კი მთლიანად უცნაური თამაში წავიდა. ხრუშჩოვმა ისეთი რამეების მოყოლა დაიწყო, მეგონა პრეზიდიუმიც მთელი მისი თავშეკავებულობის მიუხედავად, ამას არ ელოდა. -აი, ამხანაგი ერენბურგი წერს -მან უკვე გაიგო, ოცდაჩვიდმეტი წლის შემდეგ გაიგო, ან ომის შემდეგ გაიგო, ვინ არის სტალინი და ასე შემდეგ. გაიგო, მაგრამ იძულებული იყო გაჩუმებულიყო. გამოდის, მან გაიგო, ჩვენ კი არ გვესმოდა. თუ გაიგო, რატომ დუმდა? გამოდის ყველანი დუმდნენ? არა, ამხანაგო ერენბურგ, ამბობთ, ყველანი დუმდნენო, არ დუმდნენ ყველანი. აქ არის ამხ. ერენბურგი? მაგრამ ამხანაგი ერენბურგი უკვე წასულიყო... იგი წავიდა, როცა ვოზნესენსკის უყვიროდნენ და აქიაქებდნენ. მეორე შეხვედრამ ნ. ს. ხრუშჩოვთან ცკ-ის ივნისის პლენუმზე მომიწია. იგი გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ზარზეიმურობით, და კარგი სადილებით. დაესწრო უამრავი ხალხი. მოწვეული იყო ორიათასზე მეტი სტუმარი. და აი, შედგა პლენუმი. უპირველეს ყოვლისა, განმაცვიფრა ჩვენი რჩეული ინტელიგენციის, ასე ვთქვათ, ნაღების ქცევამ. მწერალთა, მხატვართა და კომპოზიტორთა კავშირის წევრები გაურკვეველ მდგომარეობაში იყვნენ ჩავარდნილი, რადგან ეს სამი კავშირი უნდა გაეერთიანებინათ. კულუარებში ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რა უნდა ვაკეთოთ, ვთქვათ, კავშირის პლენუმზე? ნუთუ მხატვრები განსჯიან მუსიკის საკითხებს, მუსიკოსები რომანებს, მოთხრობებს და ნოველებს განიხილავენ? ეს ხომ შეუძლებელია. რითი ვიქნებით ჩვენ დაკავებული? მიუხედავად ამისა, სამივე ხელმძღვანელობა აღფრთოვანებული ესალმებოდა ამ შეერთებას. რაღაცნაირი დაბნეული თვალებით კი, მაგრამ მაინც ესალმებოდა. ამით დამთავრდა სხდომა. ...კვლავ გაგრძელდა სხდომა. კვლავ ლაპარაკობს მორიგი ორატორი და ორატორს კვლავ აწყვეტინებს ხრუშჩოვი. -ერთი წუთით, -მოუბრუნდა ცკ-ის ორ წევრს და ეუბნება: თქვენ აქ რა გეღიმებათ? თქვენ, ამხანაგო ესა და ეს... (დაასახელა ყაზახური გვარი, ერთ-ერთი მდივანი ყაზახეთის)... რას ხედავთ სასაცილოს? ცკ-ის სხდომაზე იმყოფებით, უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ, თქვენ რა, არ გინდათ მუშაობა? შეიძლება განთავისუფლება! როგორ აძლევთ თავს უფლებას ასე მოიქცეთ პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრების თანდასწრებით! უმს-გავ-სობაა!.. თითქოს გულიც კი გამიჩერდა. ვაღიარებ, ვერც ვიფიქრებდი, რომ ცკ-ის წევრებს პატარა ბიჭებივით შეიძლება უყვირო, მართალია, მოვისმინე, როგორ უყვიროდა ის ვოზნესენსკის, გოლიცინს, მაგრამ ცკ-ის წევრებზე ვერ წარმომედგინა ასეთი რამ. შესვენების შემდეგ ბატონი მ. რომი ცუდად შეიქნა, გულის კოვზთან ტკივილი იგრძნო. ჩავიდა ქვევით, სადაც ამბულატორია იყო, მას ეგონა ღვიძლი აწუხებდა, რადგან ადრე ღვიძლი ტკიოდა. ექიმმა გასინჯა რომი და სტენოკარდია აღმოუჩინა. რომი ეუბნება ექიმს: -ჩემს დღეში არ მქონია სტენოკარდია და გულიც რკინისა მაქვს. -არ გქონიათ, მაგრამ ახლა გაქვთ. ხდება ეს ჩვენთან. ექიმი რომს აძლევს ვალიდოლს, ნიტროგლიცერინს, ცოტა ხანი ტახტზე იწვა, შემდეგ წავიდა. ბატონი მ. რომის წერილი აქ ოდნავ შემოკლებით მოვიყვანე, როგორც აღვნიშნეთ, იმ მიზნით, რათა მკითხველთა იმ ნაწილმა, ვინც ხრუშჩოვს არ მოსწრებია, გაიგოს და წარმოდგენა იქონიოს, თუ როგორი ჭკუის კოლოფი "მართავდა" ქვეყანას თითქმის მთელი ათი წლის განმავლობაში.
(გაგრძელება იქნება)
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |