|
"საქართველო "
თოვლის პაპა და ნაძვის ხე საბჭოთა ადამიანის ოცნების ნაყოფია
ინტერვიუ დეკანოზ ზაქარია ძინძიბაძესთან -მამა ზაქარია, ახალ წელს ერიც ზეიმობს და ბერიც, დღესასწაული თანაბრად უხარია ყველას. თუმცა, ეს საერთო დღესასწაულია თუ საეკლესიო, გაუგებარია. -სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ახალი წელი, საერო დღესასწაულია, ეკლესიასაც გააჩნია თავისი ახალი წელი. იგი სექტემბერში დგება, თუმცა იმას, რასაც საზოგადოება ზეიმობს, ეკლესიაც აღნიშნავს, მაგრამ არა როგორც საეკლესიო დღესასწაულს. -თუ ეს ახალი წელი საეროა, მაშინ რა საჭიროა ორი მსგავსი დღესასწაული ერთ თვეში -ძველით ახალი წელი და ახლით ახალი წელი? გამოდის, ერთ სიხარულს -ორი გვირჩევნია და ვზეიმობთ და ვზეიმობთ? -არა, უბრალოდ კათოლიკურმა სამყარომ კალენდარი შეცვალა. თუმცა, ძველი კალენდარი გაცილებით უფრო ზუსტია, ვიდრე ახალი. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კალენდარის არსებობა ძნელი შესაგუებელია. ძალიან ძნელია, თუმცა ეს მაინც ასეა. ზოგ მუსულმანურ ქვეყანაში ჯერ ათას სამას რაღაც წელია, ხოლო ბუდისტურ ქვეყნებში 2 ათას რაღაც წელი. ჩვენ ევროპის გავლენით ახალ კალენდარზე გადავედით. -ახალ წელს ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში რთავენ ნაძვის ხეს... ელოდებიან თოვლის პაპას თუ სანტა კლაუსს... -რაშია იცით საქმე? საოცარი მოვლენა მოხდა. საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა მოქალაქეს წაართვეს, დაუმალეს ღმერთი და უთხრეს, რომ იგი არ არსებობს. მის ნაცვლად ადამიანებმა შექმნეს თოვლის პაპა, იდეალური პიროვნება, რომელიც მოდის ამ ახალ წელს და მოაქვს საჩუქრები, სიკეთე, სიხარული. იგი თავის ფუნქციით, დატვირთვით უფრო დიდია, ვიდრე ევროპული სანტა-კლაუსი -წმინდა ნიკოლოზი. თოვლის პაპა საბჭოთა მოქალაქისთვის ღმერთის იდეალი იყო. თოვლის ბაბუა თოვლთან, ნაძვის ხესთანაა დაკავშირებული, მაგრამ ნაძვის ხე ყველა ქვეყანაში არ არის, ეს უფრო საბჭოთა ადამიანის ოცნების ნაყოფია. -არსებობს გადმოცემა, რატომ რთავენ ნაძვის ხეს. როცა იუდეველთა მეფემ ჩვილი იესო ქრისტეს მოკვლა გადაწყვიტა, ღვთისმშობელი მარიამი და იოსები იუდეადან ეგვიპტეში გაიქცნენ. გზაში მდევრები წამოეწიათ. ერთი დიდი ნაძვის ქვეშ შეაფარეს ლტოლვილებმა თავი. ნაძვმა ტოტები მიწამდე დახარა და დამალა ისინი. მდევრებმა ვერ შენიშნეს ნაძვის ხის ქვეშ დამალული მარიამი და იოსები. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამიტომ რთავენ ნაძვის ხეს ახალ წელს. -ასეთი სწავლება არ არსებობს. ამ თქმულების მიხედვით გამოდის, რომ ნაძვი აღარ უნდა მოვჭრათ, ნაძვებს უნდა ვეფერებოდეთ. ეს კი გაფეტიშება იქნება. ეკლესიურად სხვა ხეებისგან განსხვავებით, ნაძვს რაიმე უპირატესობა არა აქვს. რაც სამყაროში შექმნილია, ვაშლი იქნება ეს, ლეღვი, თუ ნაძვი, ყველაფერი ადამიანისთვისაა, მთავარია როგორ გამოვიყენებთ მას. -ნაძვის ხე ახალ წლამდე უნდა მოირთოს და ნათლისღებამდე აუცილებლად უნდა დაიშალოს, თორემ ოჯახისთვის უბედურება მოაქვსო, ტყუილია? -რადგან მას არანაირი ეკლესიური და რელიგიური დატვირთვა არ გააჩნია, შესაბამისად, არც ნათლისღება არაფერ შუაშია მის დადგმასა და აღებასთან. -ახალი წელი ზარ-ზეიმით მოდის და ამასთან ერთად შიშითაც... მეკვლეს ყველა ოჯახი საგულდაგულოდ არჩევს და სჯერა, თუ ის კარგი ფეხისა იქნება, მომავალი წელიც ბედნიერად ჩაივლის. ეკლესია თუ აღიარებს მეკვლის ინსტიტუტის არსებობას? -არც ამ რიტუალს აღიარებს ეკლესია. არავითარი ბედი და უბედობა არ არსებობს და არც არავის ფეხს არ უკავშირდება. ეს გახლავთ ხალხური ტრადიცია, რომელიც მოდის წარმართული რელიგიებიდან. მეკვლის არ უნდა გვეშინოდეს. მასზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. ჩვენ არც ადამიანის ფეხის, არც ძაღლის და არც სხვა რამის იმედი არ უნდა გვქონდეს, არამედ ღმერთის და ჩვენი შრომის. -ახალი კალენდარით შობა 7 იანვარს ემთხვევა, ახალი წელი 1 იანვარს. გამოდის, რომ პატრიარქი შობა-ახალ წელს ორჯერ გვილოცავს, ძველი კალენდრით და ახლითაც. -მე საუბრის დასაწყისშიც გითხარით, იმ სიხარულს, რაც ერსა და ხალხს გააჩნია, ეკლესიაც უერთდება. პატრიარქი ყოველდღე გვლოცავს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, ეს მადლობის მაგიერია? არ გვინდა, რომ დაგვლოცოს? გვილოცავს და გვლოცავს, რომ საერო დღესასწაულიც ბედნიერი ყოფილიყოს ერისა და ქვეყნისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ!
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |