|
"საქართველო "
ფეხბედნიერი მეკვლე (საახალწლო ნოველა) ნიკოლოზ იოსებიძე
აპრილში მოსასვლელი სანტექნიკოსი, ცოტა მოგვიანებით, 13 იანვარს მომაგდა კარზე. ვიცოდი, ხელოსნები რომ მატყუარები იყვნენ, მაგრამ 8 თვეს თუ მალოდინებდა, არ მეგონა. -მაპატიეთ, ბატონო, ცოტა შემაგვიანდა, რა ვქნა? ვეღარ ავუდივარ საქმეებს, კლიენტი ბევრია. -აქეთ მობრძანდით, ბატონო! -ვუთხარი და სააბაზანოს კარი შევუღე. -აბაზანიდან ისეთი ჩხრიალი ისმოდა, ძლივს გამაგონა ხმა სანტექნიკოსმა: -ბატონო, მე ცხელი წყლის სპეციალისტი ვარ, ცივს ვერ შევაკეთებ! -გადამავლო მდუღარე. -შენი ჭირიმე, ამ საახალწლოდ ნუ წამიხდენ ხასიათს და, რაც ღირს, გადავიხდი! სანტექნიკოსი მოლბა. -სინათლე საიდან ინთება? -სინათლე მალე იქნება, ბატონო. აქ სადღაც რაღაც მოიშალა და მონტიორი მყავს გამოძახებული. სანამ მონტიორი მოვა, ჩვენ თითო დავილოცოთ, თორემ გავცივდებით. სანთელს მოვუკიდე და შანდალი მაგიდაზე დავდგი. სანტექნიკოსმა პალტოს ღილები შეიკრა და ტკბილეულით გაწყობილ მაგიდას მიუჯდა. სირჩები ჭაჭის არყით შევავსე: -სიმწარე გვაშოროს, სიტკბო მოგვცეს ღმერთმა! -თქვა და გადახუხა. -კარგად ვიყოთ! -ვთქვი და მეც გადავხუხე. -ორი სახარება შეგვეწიოს მესამე თავზე დაგვტრიალებდეს! -თქვა და დაშაქრული მარწყვივით გადაყლაპა. -შეგვეწიოს! -გადავკარი მეც. მესამე სახარება ახალი ნათქვამი გვქონდა, მონტიორი და ახალი წელი ერთად რომ შემობრძანდა ჩემს ოჯახში. -ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! -ადგა და ხელები გაშალა სანტექნიკოსმა. -გაგიმარჯოთ, მრავალ ახალ წელს დაესწარით, ასე ტკბილად დამიბერდით! -თქვა და თითო კოწახურის კანფეტი დაგვარიგა. -დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი, რა ვქნა, დილიდან ლიფტში ვარ გაჭედილი. ისე მომშივდა, საიზოლაციო ლენტი შევჭამე!.. -კანფეტი გეჭამა, შე ოჯახაშენებულო! -არ მიყვარს კოწახურის კანფეტი, მჟავეა! მესამე სახარებაც რომ გადაიპირქვავა ხახაში, მონტიორი ადგა და იარღების ჩემოდანი გახსნა. -არა, არა, ჟორაჯან, არ გინდა! -ჩააფრინდა სანტექნიკოსი, -ჯერ ერთი, რომ შენ ახლა მონტიორი კი არა, მეკვლე ხარ, მეორეც ის, რომ ნასვამი ხარ და შეიძლება დენმა დაგარტყას, მესამე კიდევ ისა, რომ სანთლის შუქზე პურის ჭამას რა ჯობია! -ამ ჭიქით ჭერს გაუმარჯოს! -თქვა სანტექნიკოსმა და ჭერს ახედა, -და, აი, იმ ვარსკვლავებივით მოჭედილ ცას, ჩვენ რომ დაგვნათის თავზე! -გაუმარჯოს! -თქვა მონტიორმა და დიდი დათვის თანავარსკვლავედს იმანაც ახედა, -ვა! ეს ამბავი გამგეობაში იციან?! -ხელი ჭერისკენ გაიშვირა. -იციან! -პაზორ! ქეიფი ეშხში შევიდა. თითოც რომ დავლიეთ, მაგნიტოფონი ჩავრთე და მთელ ბინაში დუდუკის საამო ჰანგები დაიღვარა: "ზამთრის ყინვა არ მაშინებს, შენ რომ გხედავ, მაშინ მცივა!" ღიღინებდა მედოლე. "მე ჭამა-სმა არ მაკლია, შენი სიყვარული მშია!.." აჰყვა სანტექნიკოსი და ჩემს მეუღლეს გაუღიმა. ამ სიმღერას "ვარსკვლავიანსა ღამეს" რომ მოჰყვა, მონტიორს გული ამოუჯდა, პალტოს სახელოთი ცრემლი შეიმშრალა და მითხრა: პატივცემულოჯან, ჩვენმა წინაპრებმა არც იცოდნენ, რა იყო ელექტრონი, ცენტრალური გათბობა და ლიფტი, მაგრამ ჩვენზე ჯანმრთელებიც იყვნენ და მეტ ხანსაც ცოცხლობდნენ! თუ გინდათ, რომ, აი, ეს რამანტიკა, ეს სუფთა ჰაერი, სიგრილე (შეაჟრჟოლა და პალტოს საყელო აიკეცა), წყლის სასიამოვნო ჩხრიალი, რომელიც ნერვებს აწყნარებს, მუდმივად იყოს თქვენს ბინაში, ნურაფერს ნუ შეაკეთებთ! ასე ჯობია! ხელოსნებმა თითოც დალიეს, ჩემოდნები აიღეს და კიბეებს ბანცალ-ბანცალით დაუყვნენ... ისე ყველაფერი კეთილად აგისრულდეთ, როგორც მე ამისრულდა ხელოსნების საახალწლო სურვილები. მას შემდეგ ჩემს ოჯახში ხელოსანი არ გაჭაჭანებულა! ვცხოვრობთ ბედნიერად, დაწყნარებულად! ისე გავკაჟდით ყველანი, პოლიკლინიკისა და აფთიაქის გზა დაგვავიწყდა! სამაგიეროდ, ის ახალი წლის ღამეა დაუვიწყარი ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისათვის!... მოგვბაძეთ ჩვენ!
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |