"საქართველო "
# 1 (1789)
სამშაბათი, 14 იანვარი. 2003 წ.

საქართველოს სახალხო ფრონტის განცხადება

რუსეთის ფედერაციამ დაიწყო ახალი შეტევა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე: აფხაზეთში და ცხინვალის ზონაში ხდება საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის მოქალაქეთა პასპორტების გაცემა და ამოძრავდა მატარებლები სოჭი-ტყვარჩელის და სოჭი-სოხუმის მიმართულებით. განზრახულია რუსი მოქალაქეების მიერ უკანონოდ შეძენილი უძრავი ქონების დაკანონება აღნიშნულ ტერიტორიებზე. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დღემდე არ მომხდარა რეაგირება ამ აგრესიაზე, რაც იმას მოწმობს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფალნი, შევარდნაძის მეთაურობით, თანამონაწილენი არიან რუსეთის ამ შემოტევისა საქართველოზე.

საქართველოს სახალხო ფრონტს მიაჩნია, რომ შევარდნაძე და მისი პოლიტიკური გუნდი, "მოქალაქეთა კავშირის" და პარლამენტის უმრავლესობის ჩათვლით, არიან არჩევნების გაყალბების შედეგად ხელისუფლებაში მოსული უზურპატორები და რომ მათ არა აქვთ უფლება არც საქართველოს პოლიტიკური ბედის, არც საქართველოს უძრავი ქონების განკარგვისა. ამიტომ საქართველოს სახალხო ფრონტი აცხადებს:

1. საქართველოში დემოკრატიული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ სახელმწიფოს სათავეში დემოკრატიული ძალების მოსვლის შემთხვევაში გაუქმდება ყველა შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც არ გამორიცხავს რუსეთის შეიარაღებულ ძალთა ყოფნას საქართველოში ან რუსეთის მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ბედისა და პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრაში.

2. საქართველოს უძრავი ქონების, კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის ზონაში მდებარე უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აქტები, რომელიც შეიქმნა 1993 წლიდან დღემდე ან შეიქმნება აფხაზეთსა და ცხინვალის ზონაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სრულ აღდგენამდე, კანონსაწინააღმდეგოა და ექვემდებარება გაბათილებას.

საქართველოს სახალხო ფრონტის ეროვნული კომიტეტი



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com