"საქართველო "
# 1 (1789)
სამშაბათი, 14 იანვარი. 2003 წ.

სისხლიანი სილამაზის ზეიმი

ღონისძიება "მისს მსოფლიო" (MISS WORLD), ბუნებრივია, მთელი მსოფლიოს ლამაზმანებს იკრებს. ამჯერად იგი ქ. კალუნაში (ნიგერია) ტარდებოდა. მაგრამ მზეთუნახავებს ბედმა უმუხთლა და ადგილობრივ გაზეთ "THIS DAY"-ში ("დღევანდელი დღე") დაიბეჭდა ირონიული წერილი იმის გამო, რომ იქაურ მუსლიმანებს არ მოსწონთ ესოდენ მკრეხელური შეჯიბრის ჩატარება რამაზანის წმინდა თვეში. უფრო მეტიც: ავტორმა (როგორც შემდეგ გამოირკვა, იგი ქალი იყო) ფრთხილად გამოთქვა ვარაუდი, თვით წინასწარმტყველი (მოჰამედი) რომ ცოცხალი იყოს, შეიძლება ცდუნებას აჰყოლოდა და რომელიმე ამ მშვენიერ ასულთაგანი მერვე ცოლად მოეყვანაო.

ამ პუბლიკაციის ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა და ახალგაზრდა მუსლიმანთა ბრბოები ქუჩებში გამოვიდნენ. ჯერ დაწვეს გაზეთის რედაქცია, შემდეგ ეკლესიები, ბარები და საროსკიპოები. ამტვრიეს ასფალტზე ლუდის ტოლჩები და ხოცეს ქრისტიანი მეზობლები. ქრისტიანებმა პასუხად ხელი მიჰყვეს მიზგითების წვას და მუსლიმანების ხოცვას. "მისს მსოფლიომ" სასწრაფოდ გადაინაცვლა ლონდონში და მისი მონაწილე ნაზი ასულები, თავისი საზაფხულო ტუალეტებითურთ, ინგლისის ცივ დედაქალაქში აღმოჩნდნენ. მსხვერპლმა შეადგინა 220 დაღუპული, ათასი დაჭრილი და 11 ათასი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი.

დასავლელმა კომენტატორებმა დაგმეს კონკურსის ორგანიზატორები იმისთვის, რომ თავისი შოუ "ესოდენ კონსერვატიულ ქვეყანაში" მოაწყეს. მაგრამ მათ ეს გმობა არ დაუმსახურებიათ, ვინაიდან ნიგერიაში უკვე მრავალი ათწლეულია, რაც ანალოგიური კონკურსები ტარდება და აქაური მშვნიერნი დიდის მონდომებით ეტანებიან "მისს ნიგერიას", "ქუინ აფრიკის" ("აფრიკის დედოფლის") და ამისსავე მსგავს სხვა საპატიო ტიტულებს. ქალაქი კალუნა, სამწუხაროდ, განსაკუთრებით მგრძნობიარე გამოდგა. მისი მოსახლეობა ნახევრად ქრისტიანებისგან შედგება და ნახევრად -მუსლიმანებისგან და როცა ნიგერიის მთავრობამ ორი წლის წინათ შარიათის სისხლის სამართალი შემოიღო, ამას კალუნაში შეტაკებები მოჰყვა, რომლებსაც 2000 კაცი ემსხვერპლა. კალუნას პროვინციის გუბერნატორი მუსლიმანია და თანამორწმუნენი მას ვერ პატიობენ, რომ მხარს უჭერს ქრისტიან პრეზიდენტს და რომ შარიათის ძალით გავრცელებას არ ჩქარობს. სულ ნიგერიაში 1999 წლის აქეთ, როცა დღევნდელი პრეზიდენტი აირჩა, ეთნიკურსა და რელიგიურ შუღლებში 10 ათასი კაცი დაიღუპა. კალუნას ამჟამინდელ ტრაგედიაში ადანაშაულებენ პოლიციასაც, რომელიც დამაკმაყოფილებლად მომზადებული არ აღმოჩნდა, და უცხოელ ჟურნალისტებსაც, რომელთაც, ადგილობრივთა აზრით, პირი შეკრეს, რათა ნიგერია ისეთ ქვეყნად მოაჩვენონ მსოფლიოს, რომელიც ამგვარი ღონისძიებისთვის მზად არ არის.

გაზეთის რედაქტორი საიდუმლო პოლიციამ დააპატიმრა. კორესპონდენტის ავტორი ქალი საზღვარგარეთ წავიდა, ხოლო მეზობელი პროვინციის გუბერნატორმა გამოსცა ფეტვა (რელიგიური განკარგულება), რომელიც ამ ქალის მოკვლას მოითხოვს (THE ECONOMIST-ის მიხედვით).



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com