"საქართველო "
# 1 (1789)
სამშაბათი, 14 იანვარი. 2003 წ.

ქაშმირი - განუკურნებელი იარა

რუკაზე (ჟურნალიდან THE ECONOMIST) კარგად ჩანს, რისგან და რისგან შედგება ქაშმირი: ნაწილისგან, რომელსაც მუსლიმანური პაკისტანი მართავს, ნაწილისგან, რომელსაც ინდოეთი მართავს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანი ჰყავს, და ტერიტორიისგან, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაშია, მაგრამ ინდოეთი თავისად იჩემებს. სისხლისღვრა, რომელსაც მსოფლიო უკვე მრავალი წელია შესცქერის, ინდოეთის კუთვნილ ნაწილში ხდება (მას ეწოდება შტატი ჯამუ და ქაშმირი). მუსლიმანთა რაზმები, რომელთაც, -ასე ითვლება -პაკისტანი წვრთნის, აიარაღებს და თავის ტერიტორიაზე თავშესაფარს აძლევს, ებრძვიან ინდოეთის ადმინისტრაციას ამ შტატის ტერიტორიაზე, რათა იგი პაკისტანის შემადგენლობაში გადავიდეს. 14 წლის მანძილზე (მას აქეთ, რაც აქ დაიწყო ამბოხება ინდური მმართველობის წინააღმდეგ) მსხვერპლმა 30-70 ათასი სული შეადგინა.

სექტემბერში არჩეულმა ახალმა გუბერნატორმა ინდოეთის ამ შტატში რბილი ანუ დაშოშმინების პოლიტიკა დაიწყო, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. რისთვისაც თავის თანამემამულეებში სასტიკი დაგმობა დაიმსახურა. 24-25 ნოემბერს მოხდა მუსლიმანთა თავდასხმა ინდუისტურ ტაძრებზე და კიდევ 14 კაცი მოიკლა. ინდოეთის ხელისუფლებამ ამ ტერაქტის ორგანიზაციაში კვლავ პაკისტანის მხარეს დასდო ბრალი, მაგრამ პაკისტანმა თავისი მონაწილეობა უარყო. პოლიტიკის შერბილება, რომელსაც გუბერნატორმა მიჰმართა, იმაში გამოიხატა, რომ მან გაათავისუფლა რამდენიმე დაკავებული ეჭვმიტანილი, შეანელა "ტერორიზმთან ბრძოლის აქტის" მოქმედება შტატის ტერიტორიაზე და კურსი აიღო საგანგებო ძალების თანდათანობით დაქვემდებარებაზე ჩვეულებრივი პოლიციის ორგანოებისათვის. დღეს მას ბრალად სდებენ, რომ ამ პოლიტიკით ტერორისტების წახალისება მოახდინა. შტატის ზომიერი მუსლიმანური ოპოზიცია მონდომებულია, რომ შედგეს კონსტრუქციული ინდურ-პაკისტანური მოლაპარაკებები და კომპრომისი მოინახოს, თუმცა რაში უნდა მდგომარეობდეს ეს უკანასკნელი, ამაზე მსჯელობა არ ჩანს. დღევანდელი მდგომარეობა ჩიხურია და ყოველი ახალი შეტაკება, ბუნებრივია, ამწვავებს მას.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com