|
"საქართველო "
შეეჭვება ყველაფერში შეიძლება (გადასხდნენ თუ არა ამერიკელები მთვარეზე?)
ასეთი ეჭვიც გაჩენილა. 1969 წელს რაკეტა "აპოლონი" რომ დაჯდა მთვარეზე და ორმა ასტრონავტმა -ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა რომ მთვარის ზედაპირზე გაიარ-გამოიარეს, თან შეერთებული შტატების დროშა აღმართეს და ისტორიისათვის აუცილებელი სხვა რიტუალები შეასრულეს, ეს სულ ტყუილი იყო, რომლის აუცილებლობა საბჭოთა კავშირთან კოსმოსურ შეჯიბრებაში ქულების დაგროვების სურვილმა განაპირობაო. კადრები, რომელმაც მსოფლიო მოიარა, ჩვენს ერთადერთ თანამგზავრზე კი არაა გადაღებული, არამედ ამერიკის ერთ-ერთ კინოსტუდიაშიო. საბუთი? საბუთი სამნაირია. პირველი. დროშა ქარში ფრიალებს, მთვარეზე კი, როგორც ცნობილია, ატმოსფერო არ არსებობს და, მაშასადამე, არც ქარიო. მეორე. კადრში ვარსკვლავები არ ჩანსო. მესამე. არც არმსტრონგს, არც ოლდრინს არასოდეს არ ულაპარაკიათ თავისი თავგადასავლის შესახებ, რაც მთვარეზე გადაჰხდომიათო. ამ ვერსიამ იტრიალა, რამდენიც კარგად შეკოწიწებულ ჭორს ეკუთვნის, და თავისი სამივე საბუთისთვის კონტრსაბუთები მოიმკო. პირველი. დროშას რომ მთვარის გრუნტში არჭობდნენ, ასტრონავტებს მისი ტარის ტრიალი მოუხდათ, რამაც ნაჭერს ბრუნვითი მოძრაობა მიანიჭა ბრუნვის ცვლადი მიმართულებით. რაკი მთვარეზე ატმოსფერო არაა, ეს მოძრაობა ვერაფერმა შეაჩერა და იგი დიდხანს გაგრძელდა, რაც ფრიალის ვიზუალურ ეფექტს იწვევს. მეორე. კადრებში უზარმაზარ მანათობელ ობიექტად ჩანს დედამიწა და მის ფონზე ვარსკვლავების გამოჩენა შეუძლებელია. მესამე. ასტრონავტებს კარგა ბლომად აქვთ ნალაპარაკევი და მონათხრობი თავისი იქაური თავგადასავლების შესახებ რაც მაშინდელ პრესაში უხვად არის აღბეჭდლილი. ეს მესამე კონტრსაბუთი უფრო მარტივი და უფრო ძლიერი არგუმენტითაცაა შემაგრებული: რეჟისორმა ბარტ სიბრელმა რომ 72 წლის ასტრონავტს ბაზ ოლდრინს მოსთხოვა, ბიბლიაზე დაიფიცე, რომ მთვარეზე გაგივლიაო, ასტრონავტმა მას სახეში სთხლიშა.
THE GRANDIAN
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |